Thumbnail
  • პუტინმა მწვრთნელს ისევ დაურეკა
  • სტანისლავ ჩერჩესოვის კომენტარები ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, რითაც რუსებისთვის ზღაპრულად მიმდინარე მუნდიალი დასრულდა, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.

“წინასწარ არაფერი გვითქვამს და არაფერი დაგვიგეგმავს. მომავლის შესახებ საუბარი ჯერ საჭირო არ არის. პირველ რიგში ყველაფერი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ,” - განაცხადა 54 წლის ჩერჩესოვმა.

რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში წაგებას (ხორვატიასთან, პენალტების სერიაში) წარუმატებლობაში, რა თქმა უნდა, არავინ ჩაუთვლის. პირიქით, რუსები მუნდიალის წინ იმაზე ოცნებობდნენ, რომ ჯგუფში არ ჩარჩენილიყვნენ. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ჩერჩესოვს ტელეფონზე კვლავ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

სტანისლავ ჩერჩესოვს პუტინი და მედვედევი მადლობებს უხდიან

“პრეზიდენტმა დამირეკა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა მოგვილოცა. მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტის მიღწევა გვსურდა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავალთ,” - აღნიშნა ჩერჩესოვმა პრესკონფერენციაზე.

პუტინი სტადიონზე არ იყო. სამაგიეროდ, იქ პრემიერი მედვედევი იმყოფებოდა, რომელიც მატჩის შემდეგ გუნდის გასახდელში შევიდა და მათ მადლობა გადაუხადა. რუსული მედია აღფრთოვანებულია - ჟურნალისტები ჩერჩესოვს და მის გუნდს საუკეთესო ეპითეტებით ამკობენ. “თქვენ ჩვენი გულების ჩემპიონები ხართ!” - წერდა “სპორტ ექსპრესი”. ზოგიერთმა გამოცემამ დაწერა, რომ მეოთხედფინალში გასვლა აბსოლუტური მაქსიმუმი იყო: “იღბალსაც აქვს საზღვარი” - ასეთი იყო “გაზეტას” სათაური...

კომენტარები

ბოლო ამბები