Thumbnail

ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი მუნდიალის მეოთხედფინალში ბელგიასთან მარცხს გამოეხმაურა. მან ბელგიასთან 1:2 წაგებული მატჩის დღეს "ყველაზე დასანანი მომენტი" უწოდა კარიერაში. 

ნეიმარმა მუნდიალის წინ მიღებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დროულად დაუბრუნდა, მაგრამ გუნდს დიდად ვერ შეეწია - მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 2 გოლი გაიტანა. 
მან ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ ამ წუთას ფეხბურთის თამაშის სურვილიც კი აღარ აქვს. 

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე სამწუხარო მომენტია. ეს ძალიან მწარეა, რადგან ვიცოდით, რომ წარმატების მიღწევა შეიძლებოდა. ვიცოდით, რომ ჩვენი კონდიციებით შეგვეძლო ისტორიაში შესვლა, მაგრამ არ გამოგვივიდა. 

ახლა ძალიან რთულია, ფეხბურთის კვლავ თამაშზე ფიქრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ამას შემაძლებინებს. სწორედ ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები ღმერთის, წაგებული თამაშების შემდეგაც. 

ძალიან ვამაყობ, რომ ბრაზილიის ნაკრების წევრი ვარ და ირგვლივ ეს ხალხი მყავს. ოცნება ახლა დასრულდა, მაგრამ ის იცხოვრებს ჩვენს თავებსა და გულებში", - დაწერა 26 წლის ფეხბურთელმა. 

ბელგიასთან წაგებულ მატჩში ნეიმარმა 7 ხელსაყრელი შანსი შექმნა, ასეთი რამ რუსეთის მუნდიალზე მანამდე მხოლოდ მესუთ იოზილმა მოახერხა (გერმანია-კორეის მატჩზე). ხუთ მატჩში ბრაზილიის ნაკრების ლიდერის წინააღმდეგ 26-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, ყველაზე მეტი მუნდიალზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები