Thumbnail
  • შვედეთი 0:2 ინგლისი
  • 0:1 მაგუაირი (30'), 0:2 ალი (59')

1990 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც მოგვიანებით გასამართ რუსეთი-ხორვატიის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"სამარა არენაზე" კი თამაში გარეთ საუთგეტის გუნდმა პირველ ნომრად დაიწყო. შვედები კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას და რამდენჯერმე თამაშში ჩართვა ჯორდან პიკფორდსაც მოუხდა.

შვედეთის კარი პირველად მე-19 წუთზე გადარჩა, როდესაც რაჰიმ სტერლინგის იერიშის შემდეგ, მოულოდნელად ინგლისელთა მთავარმა ბომბარდირმა ჰარი კეინმა გაისროლა. 

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. ინგლისელებმა პირველივე კუთხური გოლად აქციეს. ეშლი იანგმა მოაწოდა, ჰარი მაგუირმა კი ყველას დაასწრო და ბურთი თავით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუშვა. სათქმელია, რომ რობინ ოლსენს რეაქცია დაუგვიანდა.

0:1 მაგუაირი (30')

შვედები შედარებით გააქტიურდნენ, თუმცა საგოლე მომენტები პირველ ტაიმში ისევ მათ კართან შეიქმნა. ზედიზედ ორჯერ გატანა რაჰიმ სტერლინგს შეეძლო, თუმცა ინგლისელთა თავდამსხმელმა შანსი ვერცერთხელ გამოიყენა.

 თუკი პირველ ეპიზოდში სტერლინგი თამაშგარეში და ეპიზოდი დასანანი ნაკლებად იყო, მეორე ჯერზე ანგარიშის გაზრდის შანსი აშკარად გაანიავა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შვედებს უნდა გაეთანაბრებინათ, მაგრამ ბრწყინვალედ გაისარჯა ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი. მარკუს ბერგის თაურის შემდეგ გოლკიპერმა ბრწყინვალე სეივი შეასრულა.

ამის შემდეგ კი ინგლისელთა უპირატესობა კვლავ გამოიკვეთა და შვედების კარში მეორე გატანილი გოლით დასრულდა. ჯესი ლინგარდის ჩაწოდების შემდეგ, ყველას თავით დელე ალიმ დაასწრო.

0:2 დელე ალი (59') 

იანე ანდერსონის შეგირდებს ხელები არ ჩამოუყრიათ. იბრძოლეს და მინიმუმ, ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ევერტონის 24 წლის მეკარე ძალიან დამაჯერებელი იყო.

პიკფორდმა განსაკუთრებით შვედების თავდამსხმელი მარკუს ბერგი გააწამა, რომელმაც ამ მატჩში შანსი რამდენჯერმე ვერ გამოიყენა.

შვედებმა სასწაულის მოხდენა ვერ მოახერხეს, ვერ გაიტანა მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმაც, თუმცა, ინგლისელ ფორვარდს შედეგის (6 გოლი) გაუმჯობესების შანსი 11 ივლისს, ნახევარფინალში კიდევ ექნება...

რაც მთავარია, გარეთ საუთგეიტმა შეძლო და ინგლისელი გულშემატკივრების გასახარად, ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში 28-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

შვედეთმა ეს მატჩი ჩააგდო. სკანდინავიელები ყველაზე მეტად იმ სათამაშო კომპონენტში სცოდავდნენ, რაშიც მანამდე ძლიერებად იყვნენ აღიარებულნი - თავიანთი მეკარის საჯარიმოში სტანდარტული მდგომარეობიდან და თამაშიდან ჩაწოდებებისას. არადა, იანე ანდერსონის გუნდი ამ მუნდიალზე ორგანიზებული დაზღვევით, მეორე სართულზე საიმედო მოქმედებებით აშკარად გამოირჩეოდა, დღეს კი მსგავსი არაფერი - ინგლისელებმა მეტოქის საჯარიმოში ხუთჯერ მოიგეს ბურთისთვის ბრძოლა, ლამის ყოველთვის სჯობდნენ მეტოქეს დასწრებაზე და ორჯერ მიზანსაც მიაღწიეს.

შვედებისთვის ¼-ფინალი მაქსიმუმი იყო, გარეთ საუთგეიტის გუნდი კი ყველა კომპონენტში უკეთესი იყო მეტოქეზე - ბურთთან მოპყრობაშიც, რეაქციაშიც და ორთაბრძოლებშიც.

► ინგლისის ნაკრები მუნდიალის ½-ფინალში 1990 წლის შემდეგ პირველად გავიდა, სულ ისტორიაში ეს მესამედ მოახერხა. პირველ ჯერზე, 1966 წელს, ინგლისელები ჩემპიონები გახდნენ.
.   
► ჰარი მაგუაირი მეოთხე ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც თავისი პირველი გოლი ეროვნულ გუნდში მუნდიალის პლეი ოფში გაიტანა.

► დელე ალი (22 წლის და 87 დღის) ინგლისის ნაკრების მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც მუნდიალზე გაიტანა. მასზე უმცროსი მხოლოდ მაიკლ ოუენი იყო (18 წლის და 190 დღის).

► ინგლისის ნაკრების ანგარიშზე მუნდიალზე უკვე 11 გოლია, რაც 1966 წლის რეკორდის გამეორებაა. საუთგეიტის გუნდს მისი გაუმჯობესებაც შეუძლია. 

► 11-იდან 8 გოლი, რომელიც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიტანა, სტანდარტულ მდგომარეობას მოყვა.

► მიმდინარე მუნდიალზე 11-იდან 5 გოლი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა თავით დარტყმით შეაგდეს.

მატჩის გმირი: ჰარი მაგუაირი

მეორე სართულზე მოგებული რვა დუელი, საიმედო თამაში დაცვაში და არაერთი ჩაჭრა და ართმევა, მათ შორის მეტოქის ნახევარზე. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მაგუაირმა არასწორად შეარჩია პოზიცია, ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ დადებითი მის თამაშში გაცილებით მეტი იყო. მთლიანობაში, ლესტერის მცველი დიდებული იყო ჰაერშიც და მიწაზეც და ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

მატჩის იმედგაცრუება: ემილ ფორსბერგი

შვედების ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგზე, აუგუსტინსონთან ერთად, ვერაფერი გააწყო ტრიპიერის რეიდების წინააღმდეგ. პირველი მიღებული გოლის დროს თუ პირადად წააგო მაგუაირთან მეორე სართულზე ბრძოლა, მეორე გოლის ეპიზოდში ძალზე პასიური იყო ლინგარდის ჩაწოდებისას.

კომენტარები

ბოლო ამბები