Thumbnail
  • U20 საქართველო 90:73 U20 ესტონეთი
  • U20 ლატვია 58:52 U20 საქართველო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ლატვიაშია შეკრებაზე, სადაც ამხანაგურ მატჩებს მართავს. ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ამხანაგური მატჩი ესტონელებთან გამართეს და 17-ქულიანი სხვაობით, 90:73 დაამარცხეს მეტოქე.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. სანდრომ 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა აქტივში. მამუკელაშვილმა 4-ჯერ ისროლა 3-ქულიანი და 3-ჯერ ჩააგდო.

შესანიშნავად ითამაშა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ნიკა ჩეჩელაშვილის აქტივში 14 ქულა და 5 პასია, ხოლო ლადო ფურცხვანიძის ანგარიშზე 12 ქულაა.

მომდევნო დღეს, U20 საქართველოს ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ლატვიასთან 6-ქულიანი სხვაობით, 52:58 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი დავით აფხაზავა იყო, რომელმაც 13 ქულა მოაგროვა. ამჯერად, 12 ქულას დასჯერდა სანდრო მამუკელაშვილი. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 9 ივლისს ლატვიასთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ U20 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 13-22 ივლისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ჯგუფში ფინეთს, პოლონეთს, კოსოვოს და პორტუგალიას დაუპირისპირდება. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს ა დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

კომენტარები

ბოლო ამბები