Thumbnail
  • პორტუგალიელი ფორვარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ვნებათაღელვა არ ცხრება
  • ფლორენტინო პერესი ფეხბურთელისა და მისი აგენტის ქცევით უკმაყოფილოა
  • თავად კრიშტიანო რონალდო კი მეგობარ გოგონასა და ბავშვთან ერთად საბერძნეთში ისვენებს

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა, ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, კრიშტიანო რონალდოსა და მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის ქცევით.

La Stampa წერს, რომ ამის გამო მადრიდული კლუბის ბოსმა ფეხბურთელის 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაშვებაზე დადებული ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა გადაწყვიტა, რომელიც მხარეებმა ჯერ კიდევ იანვარში დადეს. გამოცემის ცნობით, ახლა პერესი პორტუგალიელში 150 მილიონ ევროს ითხოვს, 130 მილიონ ევროზე დაბალ ფასზე ლაპარაკის დაწყებას კი გამორიცხავს.

ამის მიუხედავად, იუვენტუსში ღრმად სწამთ, რომ რონალდოს დამატებას ამ ზაფხულსვე მოახერხებენ.

როგორც ირკვევა, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ამ წლის აპრილში ლონდონის არსენალს უარი იმის გამო უთხრა, რომ "ბებერი ქალბატონის" ბოსები კრიშტიანო რონალდოს შეძენას დაპირდნენ. ამის შესახებ Sunday Times-ის ჟურნალისტი დუნკან კასლსი იუწყება: 

"მაცნობეს, რომ ალეგრის რონალდოს დამატება ძალიან სურს და ეს ტრანსფერი გუნდის გადაწყობის წინაპირობა უნდა გახდეს. ამის გარეშე მასიმილიანო არ დათანხმდებოდა იუვენტუსში კიდევ ერთი წლით დარჩენას, რადგან წინადადებები რეალისა და არსენალისგან ჰქონდა”, - აქვეყნებს კასლსის სიტყვებს Express.co.uk.

თავად 33 წლის ფორვარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ მუნდიალს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად დაემშვიდობა, ამჟამად თავის მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს.

კრიშტიანო რონალდო,  ჯეორჯინა როდრიგესი და მათი პატარა

კომენტარები

ბოლო ამბები