Thumbnail
  • მეხუთე სათამაშო დღეს, ვენუს უილიამსს დავემშვიდობეთ
  • ალექსანდრ ზვერევმა რთული ბრძოლა გადაიტანა

უიმბლდონზე გადამწყვეტი ბრძოლების ეტაპი ახლოვდება. გუშინ და დღეს, ტურნირის მერვედფინალში გასასვლელი მატჩები იმართება. შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო ვენუს უილიამსმა. მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა შეაჩერა. რეიტინგის მე-20 ნომერს ტიტულოვანი მეტოქის დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა - 6:2, 6:7, 7:6.

სამაგიეროდ, ფორმას კრეფს მეორე უილიამსი. სერენა თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ტურნირის მესამე რაუნდში, ამერიკელმა ჩოგბურთელმა კრისტინა მლადენოვიჩი ორ სეტში - 7:5, 7:6 დაამარცხა. ⅛ ფინალში სერენას მეტოქე რუსი ევგენია როდნინა იქნება. უკვე მერვედფინალშია რეიტინგის მე-8 ნომერი კაროლინა პლისკოვა. ჩეხმა ჩოგბურთელმა მესამე ტურში რუმინელი მიჰაელა ბუზარნესკუ სამ სეტში - 6:3, 6:7, 6:1 დაამარცხა. ⅛ ფინალში  მას ვენუს უილიამსის მძლეველი, მოტივირებული კიკი ბერტენსი ელოდება.

სერენა უილიამსი

მამაკაცთა ერთეულებში შეუჩერებელია ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მსოფლიოს 35-ე ჩოგანი ძალიან მაგარ ფორმაშია და ყველა მატჩში ხარისხიან და შემტევ ჩოგბურთს აჩვენებს. მერვედფინალში გასასვლელი შეხვედრა მან ტომას ფაბიანოს საათნახევარში მოუგო - 6:2, 6:1, 6:4. მომდევნო წრეში ციციპასის მეტოქე მსოფლიოს მეათე ჩოგანი, ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება. მორიგი იოლი გასეირნება მოიწყო როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელმა გერმანელი ჟან-ლენარდ სტრუფი სამ სეტში - 6:3, 7:5, 6:2 დაამარცხა. როჯერი საოცარ ფორმაშია; ამ ასაკში, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მორიგი ტიტულისკენ, ტრადიციულად, მიზანმიმართულად მიიწევს. ⅛ ფინალში ფედერერი ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება.

ურთულესი, დამღლელი ხუთსეტიანი ბრძოლა გადაიტანა ალექსანდრ ზვერევმა. მსოფლიოს მესამე ჩოგანი და ტეილორ ჰარი ფრიცი 3 საათზე მეტხანს თამაშობდნენ. თანაც, მატჩი შეწყდა და მხოლოდ გუშინღა განახლდა. მეორე და მესამე სეტების წაგების შემდეგ, ზვერევმა ბოლო ორ სეტში ერთგვარი ქამბექი დადო და მეტოქეს შანსი აღარ მისცა - 6:4, 5:7, 6:7, 6:1, 6:2. ⅛ ფინალში ზვერევი ლატვიელ ერნესტს გულბისს შეხვდება. ოთხი სეტი იომა გაელ მონფილსმა, რომელმაც ამერიკელ სემ ქერისთან პირველი სეტი წააგო, თუმცა, მომდევნო სამში იმდენად დამაჯერებლად იმარჯვა, რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია - 5:7, 6:4, 6:4, 6:2. მერვედფინალში მონფილსს რთული მეტოქე ერგო - მსოფლიოს მერვე ჩოგანი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი. ფაქტია, წინ უკომპრომისო და ძალზე საინტერესო ბრძოლა გველოდება.

ალექსანდრ ზვერევი

ავსტრიელ დენის ნოვაკთან გაუჭირდა მილოშ რაონიჩს. კანადელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის  - 7:6 მოგების შემდეგ, მეორე მეტოქეს დაუთმო - 4:6. მესამე სეტში კი, როცა ანგარიში 6:5 იყო რაონიჩის სასარგებლოდ, მატჩი შეწყდა და სავარაუდოდ, დღეს განახლდება.

დღეს, მერვედფინალური ეტაპის საგზურების მოპოვებას ხუან-მარტინ დელ პოტრო, რაფაელ ნადალი, დაღლილი ალექსანდრ ზვერევი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კეი ნიშიკორი და ნიკ კირიოსი შეეცდებიან. ეს ორი უკანასკნელი, საერთოდაც, მეტოქეები იქნებიან. ქალთა ერთეულებში, რეიტინგის ათეულის წევრებიდან, კორტზე გამოვლენ სიმონა ჰალეპი და ანჟელიკ კერბერი.  

კომენტარები

ბოლო ამბები