Thumbnail
  • ბრაზილია 1:2 ბელგია
  • 0:1 ფერნანდინიო (13 ავტოგოლი), 0:2 დე ბრუინი (31), 1:2 რენატო აუგუსტო (76)

"კაზან არენაზე" მუნდიალის მეორე მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ბრაზილია ბელგიას დაუპირისპირდა და მსოფლიოს ჩემპიონატს სენსაციურად დაემშვიდობა - 1:2.

ბელგიის ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე ურუგვაის ნაკრები დაამარცხა.

I ტაიმი შესანიშნავი სანახავი იყო, სწრაფი ტემპი, მომენტი მომენტზე იქმნებოდა. ბრაზილია უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ბელგიელთა კონტრიერიშები გაცილებით სახიფათო იყო.

0:1 ფერნანდინიო (13 ავტოგოლი)

ბელგიელთა კუთხურს ფერნანდინიოს ავტოგოლი მოჰყვა, რომელმაც მხრით საკუთარი კარი დალაშქრა.

0:2 დე ბრუინი (31)

დე ბრუინის სუპერდარტყმა

ბელგიელთა ბრწყინვალე კონტრშეტევა, რომელუ ლუკაკუმ შესანიშნავად იმოქმედა და კევინ დე ბრუინმაც ულამაზესი დარტყმით გაიტანა.

1:2 რენატო აუგუსტო (76)

ფილიპე კოუტინიოს სუპერგადაცემა და შეცვლაზე ახალი შემოსული რენატო აუგუსტო ყველაზე მაღლა ახტა. ამის შემდეგ ბრაზილიელებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ უამრავი მომენტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენეს.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ჩვენ ვნახეთ სუპერთამაში - შემტევი ფეხბურთი, თავბრუდამხვევი ტემპი, კარგი გოლები. მატჩი, რომელშიც წაგებული არანაკლებ ბრწყინვალედ თამაშობდა, ვიდრე გამარჯვებული. ბრაზილია მუნდიალს თავაწეული ტოვებს, ხოლო ბელგია დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. "სელესაოს" ძალიან დააკლდა დისკვალიფიცირებული კაზემირო. ბელგიას კონტრშეტევებზე მეტი გოლის გატანა შეეძლო, ხოლო ბრაზილიის შტურმს ასევე მეტი გოლი უნდა მოეტანა, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა ტიბო კურტუა.

► მუნდიალს ბოლო არაევროპული ნაკრები დაემშვიდობა. 2002 წლის მუნდიალის შემდეგ ჩემპიონი აუცილებლად ევროპული გუნდი ხდება.

► მუნდიალზე აქამდე 130 შემთხვევა იყო, როცა ტაიმი ერთმა გუნდმა 2:0 მოიგო და აქამდე არც ერთხელ არ შემოუტრიალებიათ თამაში. ეს ვერც ბრაზილიის ნაკრებმა შეძლო.

► კევინ დე ბრუინი გახდა მე-100 ფეხბურთელი, ვინც ამ მუნდიალზე გაიტანა (არ ითვლება ავტოგოლების ავტორები).

► ფერნანდინიოს ავტოგოლი მე-11 იყო მუნდიალზე.

► ბოლო 4 მუნდიალია, ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატიდან ევროპული ნაკრები აგდებს (2006 - საფრანგეთი, 2010 - ჰოლანდია, 2014 - გერმანია, 2018 - ბელგია).

► ედენ აზარმა 10-დან 10 დრიბლინგი განახორციელა წარმატებით, რაც მუნდიალზე აქამდე არავის გაუკეთებია (მსგავსი სტატისტიკა 1966 წლიდან ითვლება).

მატჩის გმირი: კევინ დე ბრუინი (ბელგია)

ბელგიის ნაკრებში საუკეთესოს არჩევანი დიდია - ლუკაკუ, აზარი, კომპანი, კურტუა, ფელაინი, ვიტსელი - ყველამ საუკეთესოდ ითამაშა, თუმცა დღეს ცრუ-ცენტრფორვარდად მოთამაშე დე ბრუინმა ყველას აჯობა და მან ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. 

მატჩის იმედგაცრუება: ფერნანდინიო (ბრაზილია)

მან ვერ მოახერხა კაზემიროს სრულფასოვნად შეცვლა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ავტოგოლიც მიითვალა. 

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები