Thumbnail
  • ურუგვაი 0:2 საფრანგეთი
  • 0:1 ვარანი (40'), 0:2 გრიზმანი (61')
  • ფერნანდო მუსლერა მუნდიალზე მეცხრე მეკარე გახდა, ვინც თავისი გუნდი დააღალატა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ედინსონ კავანის გარეშე დარჩენილი ურუგვაის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მიუხედავად ლიდერის არყოფნისა, ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში ფლობდნენ კიდეც ბურთს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ინიციატივა დათმეს. ანგარიშის გახსნის კარგი შანსი უკვე მე-15 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ კილიან მბაპეს ჰქონდა, თუმცა ოლივიე ჟირუს გადაცემის შემდეგ, 19 წლის ფრანგმა თავით კარგად ვერ დაარტყა.

ამის შემდეგ მოედანზე ბრძოლა იყო, საგოლე მომენტები კი - არა. მრავალფეროვანი საჭიდაო ილეთების დემონსტრირებით კი ლუის სუარესი და კილიან მბაპე გამოირჩეოდნენ.

სამაგიეროდ, საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისი მწერებთან ჭიდილში ატარებდა დროს.

ურუგვაის კარში პირველი გოლი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ანტუან გრიზმანის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოყვა. საჯარიმო მოედანში ჩაწოდებულ ბურთს თავი რაფაელ ვარანმა შეაგება და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა.

0:1 ვარანი (40')

ტაიმის მიწურულს ურუგვაელებს ანგარიშის გათანაბრება ანალოგიურ ვითარებაში კი შეეძლოთ, მაგრამ ლორისმა არც მარტინ კასარესს გაატანინა და არც - დიეგო გოდინს. 

შესვენების შემდეგ თამაში კვლავაც დიდიე დეშამის გუნდის კარნახით წარიმართა, ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერამ კი მალევე მიიქცია თავისი დაბნეულობით ყურადღება. ანტუან გრიზმანს სულ ცოტა დააკლდა გასატანად.

მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ, გრიზმანი-მუსლერას დუელი ამ უკანასკნელის შემარცხვენელი გოლით მაინც დასრულდა. ფრანმა თავდამსხმელმა შორი მანძილიდან გაისროლა, მაგრამ დარტყმა არც იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მეკარეს მისი მოგერიება გასჭირვებოდა. ურუგვაელმა გოლკიპერმა კი უცნაური მოქმედებით, შეიძლება ითქვას, ავტოგოლი გაიტანა.

0:2 გრიზმანი (61')

გაშვებულმა მეორე გოლმა ურუგვაი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ტაბარესის შეგირდები შედარებით გააქტიურდნენ, მაგრამ უგო ლორისის კართან ღირებული არაფერი შეუქმნიათ. ერთ ეპიზოდში კი დიეგო გოდინი წონასწორობიდანაც გამოვიდა, როცა მასთან უმნიშვნელო კონტაქტისას მბაპე თეატრალურად დაეცა. ამას მოედანზე მცირე გაწევ-გამოწევა მოყვა.

ოსკარ ტაბარესის ცვლილებებმა მდგომარეობა ვერ შეცვალა, კარში ერთხელაც ვერ დაარტყა ლუის სუარესმა, საფრანგეთის ნაკრებმა კი მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა.

10 ივლისს, სანკტ პეტერბურგში გასამართ შეხვედრაში ფრანგების მეტოქე ბელგია-ბრაზილიის წყვილში გამოვლინდება.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ფაქტია, დიდიე დეშამის გუნდი საკმაოდ საიმედოდ იცავს თავს და ეფექტურია შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რასაც მუნდიალის დაწყებამდეც ვვარაუდობდით - საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ტრავმირებული ედინსონ კავანის გარეშე და ლუის სუარესის იმედად დარჩენილმა ურუგვაის ნაკრებმა კი მეტოქეს ღირებული ვერაფერი დაუპირისპირა და თან, იმ იშვიათ ეპიზოდებშიც, როდესაც სამხრეთამერიკელები მეტოქის კარზე იერიშის მიტანას ახერხებდნენ, ბრწყინვალე იყო უგო ლორისი. შედეგად, ურუგვაელებმა ამ მუნდიალზე (მთლიანად 2018 წელსაც) პირველად და ბოლოჯერ, მოედანი გატანილი გოლის გარეშე დატოვეს.

► ანტუან გრიზმანმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პლეი ოფებში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში მე-7 გოლი გაიტანა.

► რაფაელ ვარანმა ნაკრების მაისურით მესამე გოლი შეაგდო და სამივე თავით გაიტანა, აქედან ორში კი ასისტენტობა ანტუან გრიზმანმა გაუწია.

► 1978 წელს, არგენტინასთან მარცხის შემდეგ (1:2), საფრანგეთის ნაკრები 40 წელიწადია მუნდიალებზე სამხრეთამერიკელ მეტოქეებთან არ აგებს.

► უგო ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-12 მატჩი ჩაატარა. მუნდიალზე ამდენი საფრანგეთის ნაკრების კიდევ 6 ფეხბურთელს უთამაშია, რეკორდსმენები კი ფაბიენ ბარტეზი და ტიერი ანრი არიან (17 მატჩი).

► მიმდინარე მუნდიალზე ფერნანდო მუსლერა მეცხრე მეკარე გახდა, ვის უხეშ შეცდომასაც გაშვებული გოლი მოყვა.

► ედინსონ კავანი და ლუის სუარესი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთად ბოლოს 2017 წლის მარტში არ იყვნენ და ურუგვაი მაშინაც დამარცხდა - 1:4 ბრაზილიასთან.

► დიეგო გოდინმა მუნდიალის მე-8 მატჩში უკაპიტნა ურუგვაის ნაკრებს, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის რეკორდია. გოდინმა დიეგო ლუგანოს, ობდულიო ვარელასა და ორასიო ტროჩეს აჯობა.  

მატჩის გმირი: ანტუან გრიზმანი

ფრანმა ფორვარდმა ჯერ რაფაელ ვარანს საგოლედ ჩააწოდა საჯარიმოდან, შემდეგ კი უკვე თავადაც გამოირჩა გატანილი გოლით. 

ერთი შეხედვით, ანტუანი თანაგუნდელებისგან დიდად არ გამოირჩევა მოედანზე, მაგრამ ამ მუნდიალზე ყოველ მატჩში უდიდეს სამუშაოს ასრულებს შეტევაში - 5 მატჩი, 391 წუთი, 3 გოლი, 1 საგოლე პასი... გამონაკლისი არც ურუგვაისთან მოგებული შეხვედრა გახდა.

მატჩის იმედგაცრუება: ფერნანდო მუსლერა

უგო ლორისისგან განსხვავებით, ძალიან ცუდი დღე ჰქონდა ურუგვაელთა მეკარეს. ფრანგებმა მთელი მატჩის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაურტყეს და… ორივეჯერ გაუტანეს. გრიზმანის შორი მანძილიდან გატანილ გოლში კი ფერნანდო მუსლერას სულაც დიდი "დამსახურება" მიუძღვის. ამ გოლმა ფაქტობრივად მოკლა შეხვედრის ინტრიგა.

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები