Thumbnail
  • საინტერესო ვიდეოკადრები ესპანელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს
  • ატლეტიკოს ნახევარმცველი პენალტის შესასრულებლად მზად არ აღმოჩნდა

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს რუსეთთან მარცხით სენსაციურად გამოეთიშა, ესპანურმა მედიამ სერიოზული კვლევა ჩაატარა. ჟურნალისტებმა შეისწავლეს ვიდეოკადრები, რომელთა გაშიფვრის შემდეგაც, ცხადი გახდა, რომ თერთმეტმეტრიანების შემსრულებელთა ხუთეულში კოკეს გამოჩენამ, გუნდში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კოკეს დასახელების შემდეგ, დიეგო კოშტა იეროსთან მივიდა და უთხრა, რომ მისი თანაკლუბელი პენალტს ვერ გაიტანდა.

თავად კოშტა თერთმეტმეტრიანს ვერ შეასრულებდა, რადგან ის ჯერ კიდევ ძირითად დროში შეცვალეს. თუმცა, როცა ფერნანდო იერო და ნაკრების კაპიტანი - სერხიო რამოსი “დამრტყმელ ხუთეულს” არჩევდნენ, კოშტა მივიდა და მათ განხილვაში ჩაერია.

ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ უზიარებს კოშტა იეროს თავის ეჭვებს კოკესთან დაკავშირებით, რაზეც მწვრთნელი პასუხობს - “კოკე კარგადაა”. ამას კოშტას გაკვირვება მოჰყვა - “კოკე კარგადაა???” ამ საუბარს, თავად კოკემაც მოჰკრა ყური და AS-ის ინფორმაციით, წყლის ბოთლი მინდორზე დაახეთქა. რამოსმა მაშინვე ჰკითხა ატლეტიკოს ნახევარმცველს, შეეძლო თუ არა პენალტის დარტყმა. კოკემ მაშინვე უპასუხა - “კი, კი”.

მოკლედ, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით - ესპანეთმა პენალტების სერიაში წააგო. რუსებისგან განსხვავებით, რომლებმაც ოთხი შედეგიანი დარტყმა განახორციელეს, ესპანელებმა მხოლოდ ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს. პირველი უიღბლო კი, რომელმაც ვერ გაიტანა, სწორედ, კოკე აღმოჩნდა.

კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კოკემ დარტყმა გააცუდა, დიეგო კოშტამ ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. თავდამსხმელი იეროსკენ შეტრიალდა სიტყვებით - “ხომ გეუბნებოდი”.

თავად ვიდეო, ყველაფერს კარგად ასახავს. ფაქტია, რომ კოშტას რჩევის უგულებელყოფა ესპანეთის ნაკრებს ძვირად დაუჯდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები