Thumbnail

მუნდიალის უკანასკნელი მეოთხედფინალი სოჭის "ფიშტზე" გაიმართება, ერთმანეთის მეტოქეები არიან გუნდები, რომელთაც მერვედფინალური ეტაპი პენალტების სერიის წყალობით გაიარეს. ხორვატებისგან განსხვავებით, რუსებს ამ ეტაპზე ნაკლებად ელოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის მასპინძლები არიან.

როგორ მოვიდნენ აქამდე

ხორვატიამ დანიას პენალტების სერიაში 3:2 მოუგო

რუსეთის ნაკრებმა მუნდიალი სუსტი საუდის არაბეთის განადგურებით დაიწყო (5:0), შემდეგ ჩერჩესოვის გუნდმა მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეც დაამარცხა (3:1), მაგრამ პირველი ადგილისთვის დაპირისპირებაში ურუგვაისთან შერცხვა (0:3). ასე აღმოჩნდა A ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალში, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ბევრის აზრით, რუსების სვლა აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლამის 11 კაცით დაცვაში მოთამაშე რუსეთთან "ფურია როხა" ვერაფერს გახდა (1:1). დაინიშნა პენალტების სერია, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა იგორ აკინფეევმა, მან კოკესა და იაგო ასპასის დარტყმები მოიგერია. 

ხორვატიამ ერთი ამოსუნთქვით მოიგო D ჯგუფი. ჯერ ნიგერია დაამარცხა (2:0), შემდეგ არგენტინა გაანადგურა (3:0) და ბოლოს ისლანდიაც შინ გაუშვა (2:1). 

ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრები მერდვედფინალში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ დანიასთან ძალიან გაუჭირდა. დანიელები იორგენსენმა პირველ წუთზე დააწინაურა, მანჯუკიჩმა კი მე-4 წუთზე გაათანაბრა, თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლუკა მოდრიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა - 1:1. პენალტების სერიაში მოდრიჩმა გატანა შეძლო, მაგრამ ვერ გაიტანეს ბადელიმ და პივარიჩმა. ხორვატთათვის საბედნიეროდ, პენალტის გატანა სამმა დანიელმა (ერიკსენი, შიონე, იორგენსენი) ვერ მოახერხა. 

რეკორდები

ხორვატიის ნაკრები რჩება მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდად, ხორვატებმა ტურნირზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. თუკი ხორვატები იმარჯვებენ, თავიანთ რეკორდს გაიმეორებენ - მსოფლიოს ჩემპიონატში ხორვატიის საუკეთესო მიღწევა 1998 წლის მუნდიალით თარიღდება. ნახევარფინალში რუსეთის წინამორბედ საბჭოთა კავშირის ნაკრებსაც უთამაშია, მაშინ საბჭოთა კავშირი მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

ურთიერთშეხვედრები

ხორვატიის ნაკრების ფანი

ხორვატიას არ წაუგია რუსეთთან დაპირისპირებაში, ასეთი კი სულ სამი იყო. რუსების კარში სამი წლის წინათ გოლის გამტანი ნიკოლა კალინიჩი უღირსი საქციელისთვის ნაკრებიდან მოკვეთილია და, ბუნებრივია, იგი არც მასპინძლებთან ითამაშებს. მის გარდა იმ თამაშში თავი ბროზოვიჩმა და მანჯუკიჩმა გამოიჩინეს, რუსეთის ნაკრების ერთადერთი გოლი სმოლოვის ანგარიშზეა. მანამდე იყო ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი დაპირისპირება, ორივე 0:0 დასრულდა.

ვინ არ ითამაშებს

როგორც უკვე ვთქვით, კალინიჩი გუნდიდან მოკვეთილია. ხორვატიის ნაკრებში საეჭვოა სტრინიჩის თამაში. რუსთა ბანაკში ძაგოევისა და ჟირკოვის თამაშია ეჭვის ქვეშ. თუ ჟირკოვი ვერ ითამაშებს, მას კუდრიაშოვი შეცვლის. ძაგოევმა ახლახან განაახლა ვარჯიში. რუსეთის ნაკრებს უბრუნდება სმოლნიკოვი, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. 

ჩერჩესოვმა ესპანეთთან თამაშში დაცვის ცენტრში სამი მცველით ითამაშა, ხორვატიასთან კი ისევ 4-2-3-1 სქემაა მოსალოდნელი. გაზინსკი და ჩერიშევი სასტარტოს დაუბრუნდებიან.  

პუტინმა დაურეკა

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): "როცა მხოლოდ გაქებენ ეს არ არის კარგი, კრიტიკას მიჩვეული ვარ და ყოველთვის შეიძლება იქიდან სასარგებლო დასკვნის გამოტანა, თუ კრიტიკა შეურაცხმყოფელი არ არის. რამდენჯერმე პირადად დამირეკა ქვეყნის პრეზიდენტმა და გამამხნევა, ეს მხარდაჭერა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. 

ხორვატიის ნაკრები ესპანეთისგან განსხვავებულია და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. ესპანეთთან მიღწეული დიდებულია, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა. ეიფორიაში არ ჩავვარდნილვართ. უბრალოდ, ჩვენთვის ტურნირი გაგრძელდა. ნახეთ, რამდენი მაღალი კლასის გუნდია უკვე შინ. ასე რომ, სერიოზულად ვემზადებით".

ივან პერიშიჩი (ხორვატია): "გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ, ვიდრე ეს დანიასთან მატჩში გავაკეთეთ და პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ".

საინტერესო ფაქტები

► თუ დანიასთან პენალტების სერიაში მოგებას ჩავთვლით, ხორვატიის ნაკრებს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

► ბოლო სამი მატჩია, რაც რუსეთის ნაკრები კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს. 

► ურთიერთშეხვედრების სამი მატჩიდან 1 ხორვატიამ მოიგო, ორი კი 0:0 დასრულდა. 

► მათი ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა, ხორვატიამ ამხანაგური მატჩი 3:1 მოუგო რუსეთს - გოლები კალინიჩმა, ბროზოვიჩმა და მანჯუკიჩმა გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები 

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - ძიუბა

ხორვატია (4-5-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი

მსაჯი: ს. რიჩი (ბრაზილია)

კომენტარები

ბოლო ამბები