Thumbnail
  • ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ნაკრების ყველაზე დიდი ქომაგია
  • ქალბატონი პრეზიდენტი ხორვატია-დანიის მატჩს ეროვნული ნაკრების ფორმით დაესწრო
  • რატომ ამჯობინებენ პრეზიდენტები VIP-ლოჟაში ჯდომას, ფანების სექტორში ყოფნას

ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ჩვეულებას არც ამჯერად უღალატა და მსოფლიოს ჩემპიონატის ⅛-ფინალში თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს რიგით გულშემატკივრებთან ერთად უქომაგა.

VIP-ლოჟის ნაცვლად ჩვეულებრივ სექტორში

ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი ახლახან ნიჟნი ნოვგოროდს, ხორვატია-დანიის მატჩის სანახავად ესტუმრა.

პრეზიდენტიც ჩვეულებრივი ქომაგია

საპატიო სტუმარს, როგორც წესი და რიგია, აეროპორტში ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი დახვდა და ყველას რომ ეგონა, ქალბატონი პრეზიდენტი სტადიონზე საპატიო სტუმრებს შორის დაიკავებდა ადგილს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა თამაშის ყურება რიგითი გულშემატკივრების გარემოცვაში ამჯობინა.

ქალბატონი კოლინდა სტადიონს, მეგობრებთან ერთად, ხორვატთა თავკაცის ზლატკო დალიჩის ნაჩუქარი ნაკრების მაისურით და რაც მთავარია, გულშემატკივრის ჩვეულებრივი პასპორტით ესტუმრა.

თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ VIP-ლოჟაში დრეს-კოდის წესის დაცვა მოუწევდა.

სინამდვილეში, ბალკანური სახელმწიფოს მეთაურისგან ასეთი ქმედება არავის უკვირს. მაგალითად, 2015 წლის მარტში კოლინდა ხორვატიის ნაკრებს თეთრ-წითელი მაისურით ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩშიც ქომაგობდა.

პრეზიდენტის მხარდაჭერით გამხნევებულმა ხორვატებმა ნორვეგიას 5:1 მოუგეს 

მოგვიანებით კი უკვე ხორვატიის თასზე, ზაგრების დინამოსა და სპლიტის შეხვედრისას, ტრიბუნაზე სპეციალური შარფით იხილეს.

პრეზიდენტი არც ხორვატიის თასის ფინალს გამოაკლდა

მილოცვა გასახდელში

ხორვატია-დანიის შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ, გრაბარ-კიტაროვიჩი ნაკრების გასახდელს ესტუმრა და მწვრთნელ-ფეხბურთელებს პირადად მიულოცა პენალტების სერიაში გამარჯვება. 

ახლა კოლინდა სოჭში აპირებს გამგზავრებას, სადაც 7 ივლისს, რუსეთისა და ხორვატიის 1/4-ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს. საინტერესოა, ამჯერადაც ჩვეულებრივ სექტორში ვიხილავთ პრეზიდენტს თუ მისი სტატუსის შესაფერის ადგილზე? ამ თამაშს ხორვატიის პირველი პირის გარდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რუსეთში სრულუფლებიანი ელჩიც უნდა დაესწრნონ, ათეულ ათასობით გულშემატკივართან ერთად.

ვინ არის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი

50 წლის გრაბარ-კიტაროვიჩი საკმაო დროა დიდ პოლიტიკაშია. ერთი ხანობა ის, სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა და 2015 წელს საქართველოსაც სტუმრობდა.

2015 წელს კოლინდა საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო
ფოტო: mod.gov.ge

გარდა ამისა, ქალბატონი კოლინდა იყო ხორვატიის ელჩი აშშ-ში, ხორვატიის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამინდელ პოსტს კი 2015 წლის იანვრიდან იკავებს. 
 
ქალბატონი პრეზიდენტი არამარტო ფეხბურთის ქომაგია. ის გულშემატკივრობდა ხორვატიის ფრენბურთელთა ნაკრებსაც.  

კოლინდა არ არის პირველი

სახელმწიფოების პირველი პირების რიგით გულშემატკივრებში გამოჩენა სიახლე არაა. მაგალითად, ევრო 2016-ზე, ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა უარი თქვა VIP-ლოჟაში მოკალათებაზე და საფრანგეთთან ¼-ფინალურ მატჩს "ვიკინგების" ფანების სექტორიდან უყურა.

"რატომ უნდა ვიჯდე VIP-ტრიბუნაზე და მივირთვა შამპანური, როდესაც ამის გაკეთება დედამიწის ნებისმიერ წერტილში შემიძლია? არა, მე ტრიბუნაზე ფანატებთან ერთად ვიქნები და მეცმევა ისლანდიის ნაკრების მაისური", - ამბობდა მაშინ იოჰანესონი.

კომენტარები

ბოლო ამბები