Thumbnail

დუეინ უეიდი და ლეო მესი - რატი ანდრონიკაშვილის ინტერვიუ ყველაფერზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რატი ანდრონიკაშვილს საქართველოს ნაკრებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა
  • ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი ბასკონიაში ასპარეზობს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილს, რომელიც 17 წლისაა და ესპანურ ბასკონიაში ასპარეზობს. ილიას ზუროსმა სერბეთთან და ავსტრიასთან შეხვედრებში რატი ბოლო წუთებზე ათამაშა და მანაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. ანდრონიკაშვილმა ეფექტური თამაშით მოიპოვა ქულები, ავსტრიასთან მატჩის ბოლოს კი სპორტის სასახლის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ.

რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე სოლო-რეიდი

სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩების შემდეგ, სპორტის სასახლის დერეფნებში ყველაზე ხშირად რატი ანდრონიკაშვილის ქება ისმოდა, რომელიც ბევრმა უკვე შერაცხა ქართული კალათბურთის იმედად. POPSPORT-მა რატისთან საინტერესო ინტერვიუ მოამზადა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით...

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში დებიუტი გქონდა. როგორ გაიხსენებ სერბეთთან და ავსტრიასთან გამართულ შეხვედრებს?

ანდრონიკაშვილი: ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მონაწილეობა ჩემთვის რთულიც იყო და ამაღელვებელიც. ძალიან მიხაროდა თითოეული დღე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად გავატარე. ბევრი ვისწავლე და ალბათ, ამ ეტაპზე ჩემი გამოძახების მთავარი მიზანიც ეს იყო. მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ ამ გამოცდილებას.  

რატი ანდრონიკაშვილი სერბების წინააღმდეგ

POPSPORT: რა დავალებები მიიღე ილიას ზუროსისგან, როდესაც მოედანზე შედიოდი?

ანდრონიკაშვილი: ზუროსი ყოველდღიურად მარიგებდა და ყველაფერში მეხმარებოდა. გასაგებია, რომ ეს ჩემი ასაკითაც არის განპირობებული. მწვრთნელს არ დაუვალებია 20 ქულის ჩაგდება, უნდოდა რომ დაცვაში სწორად მეთამაშა და კონცენტრირება არ დამეკარგა. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მწვრთნელი ყოველთვის მამხნევებდა, განსაკუთრებით კი შეცდომების დროს. 

როდესაც მოედანზე შესასვლელად ვემზადებოდი, გულშემატკივართა შეძახილები მესმოდა. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა

POPSPORT: სერბეთთან მატჩის ბოლო წუთებზე გამოჩნდი მოედანზე და გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურე. ავსტრიასთან შეხვედრისას, ქომაგები უკვე შენ სახელს სკანდირებნენ. რამდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი?

ანდრონიკაშვილი: გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა. როდესაც ავსტრიასთან თამაშში შესასვლელად ვემზადებოდი, მესმოდა შეძახილები და ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. გულშემაკივრებმა იცოდნენ რომ დებიუტი მქონდა, ჩემი ასაკიც გაითვალისწინეს და გამამახნევეს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო.

რატი ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრაში

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია. ილიას ზუროსი ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი?

ანდრონიკაშვილი: გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავი მოთამაშეები არიან და მომავალში, ისინი ეროვნულ ნაკრებში მთავარ როლს შეასრულებენ. ახალი მთამაშეების ძებნა უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენ არ ვართ ამერიკა, რომ დიდი არჩევანი გვქონდეს, გუნდს კი გრძელი და ღრმა სათადარიგოთა სკამი სჭირდება. სასურველია, რომ თითო პოზიციაზე ორი მაღალი დონის მოთამაშე გვყავდეს.

მთელი გუნდი გვერდში მედგა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც რამე მეშლებოდა, ყველა მამხნევებდა და რჩევას მაძლევდა

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშე და ალბათ, სანაკრებო შეკრებაზე გიორგი ცინცაძისგან და თად მაკფადენისგან ბევრ რჩევას იღებდი...

ანდრონიკაშვილი: მთელი გუნდი გვერდში მედგა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც რამე მეშლებოდა, ყველა მამხნევებდა და რჩევას მაძლევდა. გიორგი ცინცაძემ ბევრი მასწავლა და მეც მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მისი რჩევები გამეთვალისწინებინა.

გიორგი ცინცაძე და რატი ანდრონიკაშვილი

POPSPORT: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას, საბერძნეთის, ისრაელის და ესტონეთის სახით კი ახალი მეტოქეები გვყავს. რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი? 

ანდრონიკაშვილი: ყველაზე ცუდი ის არის, რომ დიდი ალბათობით, წამყვანი და გამოცდილი მოთამაშეები ვერ ჩამოვლენ, მათ შორის თორნიკე შენგელია, რომელსაც იმ პერიოდში ბასკონიაში უწევს ყოფნა. თუმცა, ვინც ვიქნებით, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები, ყველაფერს გავაკეთებთ რომ წარმატებას მივაღწიოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ.

POPSPORT: საკლუბო კარიერაზეც ვთქვათ. როგორ მოხვდი ბასკონიაში?

ანდრონიკაშვილი: ორი წლის წინ, ესპანელებმა საქართველოში კემპი ჩაატარეს და სწორედ მაშინ ამირჩიეს. აქამდე ბასკონიას ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი და სავარაუდოდ, შემდეგი სეზონიდან უკვე დიდ გუნდში ვიქნები. ჯერჯერობით, არა ბასკონიას მთავარ გუნდში, სადაც თორნიკე შენგელიაა, არამედ B გუნდში, რომელიც ესპანეთის ქვედა ლიგაში ასპარეზობს და სადაც ასევე ძალიან მაღალი დონეა. 

ესპანეთში რამდენიმე ქართველი ჩავედით და თორნიკე ძალიან გვეხმარებოდა. მუდმივად გვკითხულობდა და ყურადღებას იჩენდა

საქართველოს ნაკრების 17 წლის გამთამაშებელი

POPSPORT: თორნიკე შენგელიას ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბასკონიაში ადაპტაციის პროცესში?

ანდრონიკაშვილი: ესპანეთში რამდენიმე ქართველი ჩავედით და თორნიკე ძალიან გვეხმარებოდა. მუდმივად გვკითხულობდა და ყურადღებას იჩენდა. დავყავდით სხვადასხვა ადგილას და ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. ჩვენც ხშირად გვქონდა შეკითხვები და ისიც სულ რჩევებს გვაძლევდა.

POPSPORT: როგორ ხედავ შენ საკლუბო კარიერას და რა გაქვს დაგეგმილი როგორც ახლო, ისე შორეულ მომავალში?

ანდრონიკაშვილი: ჩემი უახლოესი გეგმები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს უკავშირდება. 18-წლამდელებთან და 20-წლამდელებთან ერთად მომიწევს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდები გვყავს და წარმატების შანსიც მაღალია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ჯერჯერობით სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული.

ისეთი მოთამაშეები მომწონს, რომლებიც მხოლოდ ერთ კომპონენტში არ არიან ძლიერები და მოედანზე ყველაფრის კეთება შეუძლიათ. სწორედ ასეთია დუეინ ვეიდი

POPSPORT: ჯერ მხოლოდ 17 წლის ხარ და ალბათ, როგორც ყველა ახალგაზრედა კალათბურთელი, NBA-ში მოხვედრაზე ოცნებობ. ვინ არის შენი კუმირი და რომელი კალათბურთელები მოგწონს ყველაზე მეტად?

რატი ანდრონიკაშვილი ვარჯიშზე

ანდრონიკაშვილი: განსაკუთრებულად მომწონს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მხოლოდ ერთ კომპონენტში არ არიან ძლიერები და მოედანზე ყველაფრის კეთება შეუძლიათ. სწორედ ასეთია დუეინ ვეიდი. რაც შეეხება NBA-ს, რა თქმა უნდა, ეს ყველა კალათბურთელის ოცნებაა, თუმცა ჯერ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში და შემდეგ, ევროლიგაში მინდა მოხვედრა და თან, რაც შეიძლება ახალგაზრდულ ასაკში.

POPSPORT: და ბოლოს, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზეც გვითხარი შენი მოსაზრება. თუ უყურებ მუნდიალს და ვის გულშემატკივრობ?

ანდრონიკაშვილი: რა თქმა უნდა, ვუყურებ. ბაბუაჩემი არგენტინის თავგადაკლული გულშემატკივარია და გამორჩეულად უყვარს ლიონელ მესი. მეც გადმომედო ეს სიყვარული და ბავშვობიდან სწორედ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ვქომაგობ. სამწუხაროდ, არგენტინა გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კომენტარები

ბოლო ამბები