Thumbnail
  • ქართველმა ბერძენ-რომაელებმა გუშინ 9 მედალი მოიპოვეს
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდის გუშინდელ ანგარიშზე 5 მედალია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღეა ჭიდაობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი - თბილისის გრან-პრი მიმდინარეობს, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის, კარტოზია-ბალავაძის სახელით უფროა ცნობილი. ტურნირი 3 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველი დღე წინასწარი შეხვედრების იყო. გუშინ საღამოს კი, ფინალური ბლოკი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საკმაოდ წარმატებით იჭიდავეს.

ბერძნულ-რომაული სტილი

ბერძნულ-რომაულ სტილში, ფინალებში 4 ქართველი მოჭიდავე იყო  - ლაშა მარიამიძე (63 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ), ლაშა გობაძე (82) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ). აქედან, ტურნირის ჩემპიონები გიორგი ხუჭუა და ლაშა გობაძე გახდნენ. მარიამიძე და ნადარეიშვილი კი, მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ.

ლაშა გობაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქართველმა ბერძენ-რომაელებმა 63, 82 და 97 კგ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და ალექსანდრე ლოდია (97 კგ) ავიდნენ. საერთო ჯამში, გუშინ, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სულ 9 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ზურა დათუნაშვილის ანგარიშზე ბრინჯაოს მედალია

თავისუფალი სტილი

რაც შეეხებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, მათი გუშინდელი გამოსვლა ძალიან დამაჯერებლად შეიძლება შევაფასოთ. სამი ფინალური შეხვედრიდან, სამივეში ქართველებმა იმარჯვეს. ბექა ლომთაძემ (61 კგ) ფინალური შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონმა - ზურაბ იაკობიშვილმა კი, ძალიან რთული მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლო - მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ცხინვალელი სოსლან რამონოვი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელით ჭიდაობს, ქართველ ფალავანთან 2:3 დამარცხდა.

ზურა იაკობაშვილმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო

მძიმეწონოსანმა გოლიათმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა - გენო პეტრიაშვილმა თავისი ფინალი მშვიდად მოიგო. მისი მეტოქე უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანოვსკი იყო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს, ორი ბრინჯაო გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოუტანეს.

დღეს, ტურნირის ბოლო დღეა. საქართველოს ნაკრებს ფინალისტები ეყოლება  - თავისუფალ ჭიდაობაში 97 და 86 კგ წონით კატეგორიებში; ბერძნულ-რომაულში კი - 130 კგ წონით კატეგორიაში. ფინალური ბლოკი 15:00 საათიდან დაიწყება. 

იაკობიშვილმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი სოსლან რამონოვი დაამარცხა

ზურაბ იაკობიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი სოსლან რამონოვი დაამარცხა და თბილისის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 04 ივლისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები