Thumbnail

არგენტინული კატასტროფა - რა დაემართა ალბისელესტეს სინამდვილეში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

არგენტინის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე გულშემატკივარი კვლავ უკმაყოფილო დატოვა. მთელი ტურნირის მანძილზე გუნდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და ჯგუფიდან წვალებით გასული „ალბისელესტე“ პლეი ოფის პირველივე შეხვედრაში დამსახურებულად გავარდა.

არგენტინის გულშემატკივართა გულისტკენას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ეს მუნდიალი ლეო მესისთვის, სრულიად შესაძლებელია, უკანასკნელი ცდა იყო,  მიეღწია წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე.  არგენტინამ კვლავ ვერ მოახერხა მესის გარშემო კონკურენტული გუნდი შეეკრა.

არგენტინელთა ჩავარდნა მთელმა რიგმა ტაქტიკურმა, სტრატეგიულმა და საორგანიზაციო ხარვეზებმა გამოიწვია, რომლებზეც დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელებთ.

პრობლემები ფეხბურთის ფედერაციაში

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ფაქტობრივი ანარქიაა. წამყვანი ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის წინ მწვრთნელს, ჩვეულებრივ, ორი ან უკეთეს შემთხვევაში ოთხწლიანი ვადით ირჩევენ, რათა მას საკმარისი დრო ჰქონდეს გუნდის მოსამზადებლად. 2014 წლის შემდეგ „ალბისელესტემ“ სამი მწვრთნელი გამოიცვალა. ტატა მარტინოს კოპა ამერიკის ორი ფინალის წაგება არ აპატიეს, მისი შემცვლელი ედგარდო ბაუსას ხელში არგენტინას საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხე დაემუქრა, ამ ვითარებაში ფედერაციის ხელმძღვანელობამ აქცენტი ხორხე სამპაოლიზე გააკეთა, ძლივს-ძლივობით გააღწია მუნდიალზე, თუმცა საბოლოო შედეგი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფედერაციის ხელმძღვანელობის მუშაობაში არ ჩანს ერთიანი სპეციფიკა. ტატა მარტინო შემტევ და მაღალ პრესინგზე დაფუძნებული ფეხბურთის მოყვარულია და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა იგი 2013-2014 წლების სეზონში ბარსელონაში. მის შემცვლელ ედგარდო ბაუსას, პირიქით, ფრთხილი და პრაგმატული მწვრთნელის სახელი აქვს, სამპაოლი კი ბიელსას სკოლის მიმდევარია და თავისი სათამაშო სტილით უფრო ახლოს მარტინოსთან დგას, თუმცა მაინც, ორივე წინამორბედისგან განსხვავდება.

შედეგად, არგენტინის სათამაშო სტილი მატჩიდან მატჩამდე იცვლებოდა, მწვრთნელებმა უამრავი ფეხბურთელი მოსინჯეს და „ალბისელესტე“ მუნდიალს ისე შეხვდა, რომ საერთოდ არ გააჩნდა ერთიანი სათამაშო სტილი, ტაქტიკა და არ ჰყავდა შეთამაშებული მოთამაშეთა ჯგუფი, რომელსაც მწვრთნელი დაეყრდნობოდა.

არგენტინულ ფეხბურთში გამეფებული ქაოსის გამო ფედერაციასთან თანამშრომლობაზე უარი მყისვე განაცხადა ორმა ყველაზე წარმატებულმა თანამედროვე არგენტინელმა მწვრთნელმა - დიეგო სიმეონემ და მაურისიო პოჩეტინიომ. არგენტინის ნაკრებს კოლუმბიაში მუშაობა არჩია კიდევ ერთმა გამოცდილმა და წარმატებულმა არგენტინელმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა.

შედეგად, ხორხე სამპაოლი თითქმის ერთადერთი მისაღები კანდიდატი იყო. თუ გადავხედავთ სამპაოლის კონტრაქტს, მივხვდებით, რომ რეალური მთხოვნელი არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია იყო. სამპაოლის კონტრაქტი 1+4 სისტემით აქვს. ანუ მან ერთი წელი ამ მსოფლიო ჩემპიონატამდე უკვე იმუშავა და კონტრაქტით კიდევ ოთხი წელი აქვს, რომლის განმავლობაშიც მან 20 მილიონამდე ევრო უნდა მიიღოს.

საფეხბურთო მენეჯმენტის ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ სამპაოლიმ თავიდანვე თავი დაიზღვია და მას ამ ერთ წელში წარმატებების, მათ შორის მუნდიალზე გამარჯვების, დიდი იმედი თავიდანვე არ ჰქონდა. თავის დაზღვევის მიზნით მან კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი მოითხოვა. თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაც სამპაოლის პირობებს დასთანხმდა.

ახლაც კი, კატასტროფული მუნდიალის შემდეგ, ფედერაციას სამპაოლის გაძევება ძალიან დიდი თანხა უჯდება.  რეალურად, ფედერაციას სამპაოლის კომპენსაციის ფული (ზემოთხსენებული 20 მილიონამდე ევრო) არ აქვს.

სამპაოლის ტაქტიკური პრობლემები

„ალბისელესტეს“ წარუმატებლობის შემდეგ გულშემატკივრები თითქმის ერთხმად სამპაოლის ადანაშაულებენ. სამპაოლის შეცდომების გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ თავიდანვე შეცდომა დაუშვა და აარჩია იმ ტიპის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებსა და მის მოთამაშეებს ვერ ერგებოდა.

სამპაოლის მთავარ სამწვრთნელო დამსახურებად ჩილეს ნაკრებში ოთხწლიანი წარმატებული მუშაობა და მოგებული კოპა ამერიკა მიიჩნეოდა. სამპაოლი მარსელო ბიელსას საფეხბურთო ფილოსოფიის დიდი თაყვანისმცემელია.  ბიელსას საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით, სამპაოლის ფეხბურთი მაღალ და აგრესიულ პრესინგს და ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე ფლობას ეფუძნება. ორივე ეს კომპონენტი მოთამაშეებისგან ბევრ და სინქრონულ მოძრაობას მოითხოვს.  არც პრესინგი და არც ბურთის ფლობა მოწინააღმდეგის ნახევარზე არ გამოდის, თუკი მთელი გუნდი ერთი სისტემის მიხედვით, ორგანიზებულად არ მოძრაობს. შესასრულებლად ეს უაღრესად რთული ფეხბურთია, რომელიც გუნდური მოძრაობის ავტომატიზმამდე დაყვანას მოითხოვს.

სამპაოლის ჩილეს ნაკრებში იდეალური სამუშაო პირობები ჰქონდა. მან გუნდი სწორედ მარსელო ბიელსასგან ჩაიბარა და ჩილეში მის სათამაშო სისტემას უკვე კარგად იცნობდნენ.  ბიელსამ ჩილეში ოთხი წელი იმუშავა, ამას სამპაოლის ოთხი წელი მოჰყვა. ფაქტობრივად, რვა წელი ჩილე ერთი სისტემითა და ტაქტიკით თამაშობდა.  ტალანტებით ბევრად უფრო ნაკლებად განებივრებულ ჩილეში ნაკრების მოთამაშეები იშვიათად იცვლებოდნენ, გუნდის ბირთვი წლების მანძილზე ერთი და იგივე იყო და ჩილეს ავტომატიზმამდე დაყვანილი გუნდური მოძრაობა ჰქონდა.

ამის საპირისპიროდ სამპაოლის არგენტინაში არანაირი საფუძველი არ დახვედრია. „ალბისელესტეში“ მოთამაშეები, მწვრთნელები და ტაქტიკა მუდმივად იცვლებოდა. არ არსებობდა არანაირი ერთიანი ბირთვი, კონცეფცია და ტაქტიკა. თავად მასაც ძალიან ცოტა დრო ჰქონდა მისთვის საფირმო ფეხბურთის დასაყენებლად. სამპაოლი მარცხისთვის თავიდანვე განწირული იყო.  „ალბისელესტეს“ არც დრო ჰქონდა და არც საჭირო მოთამაშეები ჰყავდა, სამპაოლის ფეხბურთის სათამაშოდ. ამას თავად სამპაოლიც ხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ბიელსაც მისი იდეების გენიალურობის მიუხედავად (მაგალითად, ბიელსას მოწაფეა მაურისიო პოჩეტინიო, მისმა იდეებმა გავლენა იქონიეს პეპ გვარდიოლაზეც) საკლუბო დონეზე არცთუ ისე წარმატებული მწვრთნელია. ამჟამად იგი ლიდს იუნაიტედში მუშაობას, იქამდე კი მეტ-ნაკლები წარმატებით წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა ესპანიოლი, ლილი, მარსელის ოლიმპიკი და ბილბაოს ატლეტიკი.

საკადრო პრობლემები

არგენტინას არ ჰყავს  შემსრულებლები სამპაოლისთვის სახასიათო ფეხბურთის სათამაშოდ. როდესაც მოედნის ცენტრში 34 წლის მასკერანოს გვერდით, 32 წლის ენცო პერესი თამაშობს, რთულია, მოლოდინი გქონდეს, რომ გუნდი ბევრს იმოძრავებს. ერთია, როდესაც აქტიური პრესინგის თამაში გინდა მოედნის ცენტრში დინამიურ არტურო ვიდალთან ერთად, რომელიც საჯარიმოებს შორის სივრცეს იდეალურად ფარავს და მეორეა, როდესაც პრესინგის შემთხვევაში ვეტერანი მასკერანოს იმედი გაქვს, რომელიც თავის საუკეთესო წლებშიც კი უფრო სტატიკური და პოზიციური თამაშით გამოირჩეოდა.

შედეგად, თუკი 2014 წელს სამპაოლის ჩილე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე მეტს მოძრაობდა, არგენტინა ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო ამ მუნდიალზე. სამპაოლი შეუსრულებელი მისიის წინაშე იდგა - მას სურდა, რომ მოძრავი და დინამიური ფეხბურთი ეთამაშა ნელ და სტატიკურ გუნდს.

არგენტინა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოძრავი გუნდი იყო მუნდიალზე

ამ გუნდს უბრალოდ არ შეეძლო ეთამაშა ინტენსიური ფეხბურთი.  მასკერანოსა და ენცო პერესის გარდა, არც ორი სხვა შუა  ნახევარმცველი ლუკას ბილია და ევერ ბანეგა გამოირჩევა დინამიზმითა და ბევრი მოძრაობის უნარით. როგორც კი საფრანგეთთან თამაშში არგენტინა ანგარიშში უკან გავიდა და თამაშის გახსნა მოუწია,  მყისვე დიდი სივრცეები რჩებოდა თავის ნახევარზე - გუნდი შემტევი ფაზიდან დაცვაში გადმოწყობას ვერ ასწრებდა.

არანაკლებ რთულად იყო საქმე ბურთის გათამაშების დროსაც.  მეტოქეები არგენტინას ბურთის ფლობის საშუალებას აძლევდნენ, თუმცა მხოლოდ იმ ზონებში, საიდანაც არგენტინას ხიფათის შექმნა არ შეეძლო. მოწინააღმდეგეების ამ გათვლას თავისი მიზეზები ჰქონდა. 

არგენტინას ბურთის ფლობაში უპირატესობა ყველასთან ჰქონდა

ამ ფორმაციის „ალბისელესტეს“ უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ისეთი მოთამაშე, რომელთაც ბურთის ფლობის შემთხვევაში  მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ასეთი მხოლოდ რამდენიმეა (მესი, აგუერო, დი მარია, პავონი). შესაბამისად, მეტოქეები არგენტინას, კერძოდ,  მის ნაკლებად სახიფათო მოთამაშეებს, აძლევდნენ ბურთის ფლობის საშუალებას, სამაგიეროდ ორმაგი და სამმაგი ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული მესი, აგუერო და ის თითზე ჩამოსათვლელი მოთამაშეები, რომლებსაც მეტოქისთვის რეალური საფრთხის შექმნა შეუძლიათ.

როდესაც მოედნის ორი ნომინალური ჩამშლელით - ენცო პერესით და ხავიერ მასკერანოთი თამაშობ, მეტოქე თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც ბურთი მათ აქვს და მშვიდად შეუძლია თავისი ძალები უფრო სახიფათო მოთამაშეებისთვის გადაანაწილოს.

მასკერანო ცალკე სალაპარაკო თემაა. ანეგდოტად არის ქცეული, თუ რამდენი ასისტი და გოლი აქვს მას გაკეთებული თავისი კარიერის მანძილზე. თანამედროვე ფეხბურთში მისი ტექნიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელები მოედნის ცენტრში აღარ თამაშობენ. სწორედ ამიტომ დასწიეს იგი ბარსელონაში დაცვაში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი გავიდა, მასკერანო ჯერ ბარსელონაში სათადარიგო სკამზე იჯდა, შემდეგ კი ჩინეთში წავიდა სათამაშოდ. სამპაოლის კი სურდა, რომ შემოქმედებითი და ბურთის ჭერაზე ორიენტირებული ფეხბურთი მასკერანო-პერესის დუეტით ეთამაშა.

შემთხვევითი არ არის, რომ, როგორც კი მოედნის ცენტრში მესამე თამაშში  უფრო ტექნიკური და ბურთის ჭერაზე ორიენტირებული ევერ ბანეგა გამოჩნდა, არგენტინამაც თამაშს მოუმატა. სწორედ მას ეკუთვნის შედეგიანი გადაცემა ლეო მესიზე. მესამე თამაშამდე არგენტინას უბრალოდ არ ჰყავდა ნახევარმცველი, რომელსაც თამაშის ამ ტიპის პასით გამწვავება შეეძლო.

ამ სიტუაციაში „ალბისელესტეს“ ლიდერი ან უნდა ჩამოსულიყო უკან, როგორც მაგალითად ისლანდიასთან, და ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ მთელი გუნდი რჩებოდა ან უნდა დარჩენილიყო წინ, როგორც მაგალითად, ხორვატიასთან, და ამ შემთხვევაში არგენტინის ლიდერებამდე ბურთი უბრალოდ არ მიდიოდა. ნახევარდაცვის ხაზი ვერ ათამაშებდა ბურთს ისე, რომ სახიფათო ზონებში პასებით მოემარაგებინა გუნდის ლიდერები, უპირველეს ყოვლისა კი, ლეო მესი.

განსაკუთრებით მკვეთრად ეს ხორვატიასთან თამაშში გამოჩნდა. არგენტინას სამი მცველი ჰყავდა და მათ წინ პერესი-მასკერანოს დუეტი. ფლანგებზეც ორი მოთამაშე. შედეგად მასკერანო-პერესი ბურთს მცველებიდან იღებდა მოედნის ცენტრში, მათ უკან სამი მცველი რჩებოდა, ფლანგებზე კიდევ ორი, შედეგად ამ ტექნიკურად შეზღუდულ ფეხბურთელებსაც კი წინ სულ რაღაც სამი მოთამაშე ჰყავდათ პასის ადრესატად. ეს სამი მოთამაშე კი მოწინააღმდეგის ორმაგი და სამმაგი მეურვეობის ქვეშ იყო. ეს ტაქტიკა მათემატიკურად გამორიცხავს სახიფათოდ შეტევის შესაძლებლობას.

არგეტინას შეტევისთვის ცოტა ოპცია აქვს

ხორვატიასთან თამაშში პირველ ტაიმში მესი და აგუერო მხოლოდ 27-ჯერ შეეხნენ ბურთს (20 მესი +7 აგუერო) და არცერთ არგენტინელს პირველ ტაიმში არ მიუწვდია მესისთვის ორზე მეტი სწორი პასი.

პირველ ტაიმში 21 წუთისა და 11 წამიანი მონაკვეთის განმავლობაში აგუერო ბურთს საერთოდ არ შეხებია. ბურთი აგუერომდე არ მიდიოდა. არგენტინას 58 პროცენტი ეჭირა ბურთი, თუმცა მეორე ტაიმში მათი შეტევების მხოლოდ 4.9 % დასრულდა დარტყმით. სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ ხორვატიამ უბრალოდ საშუალება მისცა, რომ მის დაცვითი ტიპის მოთამაშეებს წყნარად ეგორავებინათ ბურთი.

არგენტინის ბურთის ფლობა სტერილურია

პასების სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ყველაზე ხშირად ბურთს ერთმანეთს ტალიაფიკო და ოტამენდი გადასცემდნენ, ბურთი "ალბისელესტეს" დაცვის ხაზში ეჭირა, შემტევები კი პასების გარეშე რჩებოდნენ.

სამპაოლის შეცდომები

ისედაც ცუდად დაკომპლექტებულ გუნდში მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა სამპაოლის კატასტროფულმა შეცდომებმა.  მან ჯგუფის სამივე თამაშში შეცვალა ტაქტიკური სქემა. მაშინ, როდესაც „ალბისელესტეს“ ყველაზე მეტად სტაბილურობა და შეთამაშება აკლდა, სამპაოლიმ ტაქტიკური სქემის ხშირი ცვლილებებით კიდევ უფრო მეტი ქაოსი მოიტანა.

თუ რა დონეზეა ორგანიზებული, არგენტინული ფეხბურთი გვეუბნება ის ფაქტი, რომ „ალბისელესტემ“  ჩემპიონატის წინ მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ითამაშა და ისიც ჰაიტის უსუსტეს ნაკრებთან. არადა, სამპაოლის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა თავისი გუნდის თამაშის დასაყენებლად და წესით, ალბისელეტეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა საკონტროლო შეხვედრები.

აუხსნელი იყო სამპაოლის საკადრო გადაწყვეტილებებიც. კარებში ვილი კაბალიერო იდგა, მეკარე, რომელიც ბოლო ოთხი წელია სათადარიგოა თავის გუნდებში და სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. შედეგად მივიღეთ მისი უხეში შეცდომა ხორვატიასთან.

არც მისი შემცვლელი ფრანკო არმანი ბრწყინავდა, თუმცა მეკარისთვის უთამაშებლობა ძალიან დიდი პრობლემაა. არგენტინის კლასის გუნდს ისეთი მეკარე უნდა ედგეს, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

დაცვის ხაზში ასევე თავის გუნდში სათადარიგო მარკუს როხო თამაშობდა. როხომ ნიგერიასთან „ალბისელესტე“ თავისი გოლით გადაარჩინა, თუმცა ამავე თამაშში მას თავისი უხეში შეცდომის გამო პენალტის მოტანაც შეეძლო.

მასთან ერთად  თამაშობდნენ ტალიაფიკო და მესა რომელთაც ამ დონეზე ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ორივე მათგანი ძალიან ამოვარდნილად გამოიყურებოდა და უბრალოდ არ გავდნენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის რიგებში უნდა თამაშობდნენ.

რთულად ასახსნელია, თუ რატომ დასვა სამპაოლიმ სკამზე საფრანგეთთან თამაშის წინ სერხიო აგუერო. აგუერომ ამ ჩემპიონატზე ორი მაგარი გოლი შეაგდო.

საერთოდაც, აგუერო იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც არაფრიდან გოლის გატანა შეუძლია. როდესაც არგენტინა კომბინაციური და პოზიციური თამაშით მოწინააღმდეგებს პრობლემებს ვერ უქმნიდა, წესით სწორედ აგუეროს ტიპის ფეხბურთელი უნდა დასჭირვებოდა.

სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონია პაულო დიბალას. დიბალა, თითქოს, მესის არეალში თამაშობს და ამიტომაც რჩებოდა სკამზე. თუმცა მისი უფრო ფლანგზე გადაწევის შემთხვევაშიც, რთულად წარმოსადგენია, რომ მესაზე ან თუნდაც პავონზე სუსტად ეთამაშა. ამ არგენტინას ძალიან სჭირდებოდა დიბალას ტიპის ინდივიდუალისტები, რომელთაც თამაშის თავის თავზე აღება და არასტანდარტულად გამწვავება შეეძლოთ. ასეთი ფეხბურთელების გვერდით უფრო ადვილი უნდა იყოს თამაშის მესისთვისაც, რადგან მოწინააღმდეგის დაცვისგან დიდ ყურადღებას ითხოვენ.

შემთხვევითი არ არის, რომ „ალბისელესტე“ შეტევაში უკეთესად გამოიყურებოდა საფრანგეთთან, როდესაც თამაში დი მარიასაც წაუვიდა და არგენტინას უკვე ორი ძლიერი ინდივიდუალისტი ჰყავდა მოედანზე. საერთო ჯამში გამოვიდა ისე, რომ სამპაოლიმ თავისი არცთუ უნაკლო შემადგენლობის რესურსებიც კი ვერ გამოიყენა ბოლომდე.

ტურნირის წინ ვწერდით, რომ სამპაოლის არგენტინას წარმატებული ასპარეზობის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ სამპაოლისთვის არასახასიათო, ტაქტიკურად მარტივ ფეხბურთს ითამაშებდა.

ეს ასე არ მოხდა,  არგენტინამ კიდევ ერთი წარუმატებელი ტურნირი ითამაშა, ხოლო ფედერაციას კი სამპაოლის ექსპერიმენტი ჩაუვარდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გულშემატკივარს არანაირი გარანტია, არ აქვს, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს უკეთ მომზადებული შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები