Thumbnail

სუპერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინაა - დინამომ ქუთაისში წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დინამომ ქუთაისში ერთი ქულის სხვაობით წააგო.
  • რუსთავში ბრძოლა არ შედგა.
  • ოლიმპმა სოხუმს იოლად მოუგო.
  • ტრავმებით დასუსტებული დელტა კაკტუსს ვეღარ გაუმკლავდა.

15 და 16 დეკემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მეათე ტურის მატჩები გაიმართა.

რუსთავი 87:71 ბათუმი
რუსთავში საინტერესო დაპირისპირება იყო მოსალოდნელი, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქვემოქართლელებმა საკმაოდ იოლად მოიგეს და ლიდერთა შორის ადგილი დაიმკვიდრეს.

გამარჯვებულებს 26 ქულით ადამ ბლეიზეკმა ულიდერა.

18 ქულა მოაგროვა ტაირელ ნელსონმა, ხოლო ჯეკ კრუკის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. ბათუმში 22 ქულით სპენსერ კოლინსი გამოირჩა.

ქუთაისი 80:79 დინამო
სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა - დინამომ ქუთაისში დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ერთი ქულის სხვაობით წააგო.

წინა სეზონის ფინალისტების დაპირისპირება ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დინამოელები, რომლებმაც წელს ფიბა ევროპის თასზე იასპარეზეს და ევროსარბიელზე სოლიდური გამოცდილება შეიძინეს, მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ. მაგრამ მასპინძლები არ გატყდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის ბედი უკანასკნელ წუთზე გადაწყვიტეს.

ქუთაისელთა გამარჯვების ბურთი სირენამდე 3 წამით ადრე დეჟუან რაითმა ჩააგდო.

მასპინძლებს 20 ქულითა და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 14-14 ქულა მოაგროვეს დეჟუან რაითმა და გიორგი ბარბაქაძემ. დინამოში 27 ქულით ილია ლონდარიძე გამოირჩა.

ოლიმპი 87:50 სოხუმი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი ოლიმპი და ერთ-ერთი აუტსაიდერი სოხუმი შეხვდნენ.

ლეონიდ ივატინის გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და 37-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ოლიმპელებმა გუნდურად ითამაშეს. 16 ქულით ბომბარდირი გეგი ბაქრაძე გახდა. 14-14 ქულა მიითვალეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მორის ჰილმა. 13 ქულა და 9 მოხსნა მარკ ოგდენის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთაგან ბომბარდირმა ლევან რევაზაშვილმა 10 ქულა დააგროვა. 9 ქულა მისმა ძმამ, მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა.

კაკტუსი 91:76 დელტა
ქვემოქართლურ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ისიც კაკტუსთან. თუმცა, ამ მატჩში მარნეულელებს ოთხი წამყავნი მოთამაშე აკლდათ და წარმატების მიზერული შანსი გააჩნდათ.

კაკტუსმა, რომელიც 2 ამერიკელი ლეგიონერის დამატების შემდეგ საკმაოდ გაძლიერდა, დელტასთან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

გამარჯვებულთა რიგებში 17 ქულით ბომბარდირი ტერიკ ბრიჯმენი გახდა. 16 ქულა ჯონ მიჩელმა დააგროვა, ხოლო 14-14 – დეანდრე პარკსმა და დავით ლომიძემ. "მარნეულში" 15 ქულა ნიკოლად ნილმა მიითვალა, ლევან ელიაძემ კი მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები