Thumbnail
  • გუშინ, მარიას გზას პეტრა კვიტოვაც დაადგა

უიმბლდონი მეორე სათამაშო დღეს, ქალთა ერთეულებში ორი სენსაცია მოხდა: ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშნენ მარია შარაპოვა და პეტრა კვიტოვა. შარაპოვა თანამემამულე ვიტალია დიატჩენკოსთან დამარცხდა. დაპირისპირება სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, 2004 წლის უიმბლდონის ჩემპიონი 7:6, 6:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა - პეტრა კვიტოვამ კი, რეიტინგის 50-ე ნომერთან - ალექსანდრა სასნოვიჩთან წააგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - სიმონა ჰალეპმა მშვიდად და დამაჯერებლად მოიგო თავისი პირველი შეხვედრა. საათსა და 19 წუთში, სიმონას ჩოგანს იაპონელი კურუმი ნარა “ემსხვერპლა” - 6:2, 6:4.

მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ესპანელ გარბინ მუგურუსას ბრიტანელი ნაომი ბროუდის დასამარცხებლად ცოტა დრო დასჭირდა - 6:2, 7:5. გერმანელი ანჟელიკ კერბერი კი, რუს ვერა ზვონარევას დაუპირისპირდა და ასევე ორ სეტში - 7:5, 6:3 დაამარცხა.

მამაკაცთა ერთეულებში, გუშინ, უიმბლდონის კორტებზე კვლავ ვარსკვლავთცვენა იყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - რაფაელ ნადალმა ამერიკელი დუდი სელა იოლად - 6:3, 6:3, 6:2 დაამარცხა. ასევე, ერთი ამოსუნთქვით, თავის სტილში მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ტენის სანდგრენს სამ სეტში - 6:3, 6:1, 6:2 მოუგო.

მსოფლიოს მესამე ჩოგანი - ალექსანდრ ზვერევი ჯერემი დაქვორსს სამ სეტში - 7:5, 6:2, 6:2 გაუმკლავდა. ადვილად მოიგო ხუან-მარტინ დელ პოტრომაც. არგენტინელმა გერმანელი პეტერ გოიოვშჩუკი 6:3, 6:4, 6:3 დაამარცხა. კეი ნიშიკორისა და ამერიკელი კრისტიან ჰარისონის შეხვედრის გამარჯვებული ოთხ სეტში გაირკვა. იაპონელმა მეტოქეს 6:2, 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.

2 საათი და 37 წუთი დასჭირდა ნიკ კირიოსს, რომ უზბეკი დენის ისტომინის წინააღმდეგობა გაეტეხა. ავსტრალიელმა შეხვედრაში 42 ეისი გააკეთა. მეტოქე კი, ოთხ სეტში - 7:6, 7:6, 6:7, 6:3 დაამარცხა.

სამწუხაროდ, უიმბლდონის პირველივე წრეში დამარცხა და ტურნირს დაემშვიდობა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

დღეს, უიმბლდონზე მესამე სათამაშო დღეა. ფავორიტებიდან ბალახზე როჯერ ფედერერი, გაელ მონფილსი, მილოშ რაონიჩი, დები უილიამსები, კაროლინ ვოზნიაცკი და ვიქტორია აზარენკა გამოვლენ.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები