Thumbnail
  • შვედეთი 1:0 შვეიცარია
  • 1:0 ფიორსბერგი (66)
  • შვედური მექანიზმი მწყობრშია!

შვეიცარიის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალის მერვედფინალური მატჩი, კარგად ორგანიზებული შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა სკანდინავილების გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

დისკვალიფიკაციის გამო შვედეთის ნაკრებს დღეს ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი ვერ დაეხმარა, შვეიცარიას - მცველები შტეფან ლიხტშტაინერი და ფაბიან შერი დააკლდნენ.

9’ - მარკუს ბერგის მომენტი

მატჩი შვედების აქტიურობით დაიწყო და მალევე პირველივე მომენტი შეიქმნა - მარკუს ბერგმა ახლო მანძილიდან კარგად ვერ დაარტყა. საერთოდ, ბერგი ამ მუნდიალზე ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ 9 ნომერს გოლი ჯერ არ გაუტანია.

11’ - ისევ ბერგი...

ალ აინის ფორვარდმა, მალევე მეორე მომენტი გააფუჭა. ზომერის უყურადღებო თამაშს ფიორსბერგის კარგი პასი მოჰყვა, მაგრამ შვედეთის 21-წლამდელების ყოფილმა ვარსკვლავმა - ბერგმა ისევ ვერ გაიტანა.

29’ - ბერგის ტრილოგია

პანათინაიკოსის, პსვ ეინდჰოვენის და ჰამბურგის ყოფილმა მოთამაშემ, რიგით მესამე ეპიზოდში იდეალურად დაარტყა, თუმცა იან ზომერი, რომელიც მშვენიერ მუნდიალს ატარებს, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

39’ - ჯემაილი ახლო მანძილიდან!

შვეიცარია, ერთი შეხედვით მთელი მატჩი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა მომენტებს შვედები ქმნიდნენ. პირველი რეალური მომენტი, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს, ტაიმის მიწურულს ჰქონდა, როდესაც ბლერიმ ჯემაილიმ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

66’ - ფიორსბერგის გოლი!

მეორე ტაიმი ისევ შვედების აქტიურობით დაიწყო. მანამდე პირველი ტაიმის მიწურულს კარგი შანსი ალბინ ეკდალს ჰქონდა, ხოლო მეორეს დასაწყისში ოლა ტოივონენმა ვერ გაიტანა. მორიგი კონტრ-შეტევისას, ემილ ფიორსბერგმა ბურთი ცენტრში მიიღო, დაამუშავა, დაარტყა და ბურთი აკანჯის ფეხიდან ზომერის კარში გავიდა.

მატჩი საბოლოოდ შვედების გამარჯვებით დასრულდა, სკანდინავიელებმა მერვედფინალური ბარიერი 1994 წლის შემდეგ პირველად გადალახეს - 24 წლის წინ საუდის არაბეთი მარტინ დალინის და კენეტ ანდერსონის გოლებით დაამარცხეს.

საინტერესო ფაქტები

► შვედეთმა მუნდიალზე ზედიზედ მეორე მატჩი პირველად 1958 წლის შემდეგ მოიგო

► ემილ ფიორსბერგს, მუნდიალზე თავისი პირველი  გოლის გასატანად 14 დარტყმა დასჭირდა

► ეს იყო შვედებისთვის 50-ე მატჩი მუნდიალებზე, მხოლოდ მექსიკას - 57, აქვს უფრო მეტი ჩატარებული ისე, რომ ჩემპიონობა არ მოუპოვებია.

საუკეთესო ფეხბურთელი: ემილ ფიორსბერგი (შვედეთი)

შვედეთის ნაკრების ათიანმა, ჯგუფურ ეტაპზე ბევრი მომენტი შექმნა, ბევრი დაარტყა, მაგრამ გოლი მერვედფინალამდე ვერ გაიტანა. ლაიპციგის შემტევს, მუნდიალზე თავისი პირველი გოლის გასატანად 14 დარტყმა დასჭირდა.

იმედგაცრუება: მარკუს ბერგი (შვედეთი)

შვედების მთავარი ფორვარდი, მეოთხე მატჩია ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ გოლს ვერ იტანს. დღესაც, ალ აინის შემტევმა სამი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა ბოლო, მესამე ეპიზოდში ბერგის დადანაშულება ძნელია - იან ზომერმა ისე ითამაშა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები