Thumbnail

ახალი მეტოქეები, კალენდარი და სატურნირო ვითარება I წინ მეორე ეტაპია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები: საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი
  • ახალ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრიის ეროვნულ გუნდს მეორე მატჩიც მოუგო, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და იმ 24 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად გააგრძელებენ ბრძოლას. 

წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფური ტურნირია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ, საკალათბურთო მუნდიალის საგზურს კი თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები, ჯამში 12 გუნდი მოიპოვებს.

ილიას ზუროსის გუნდს წინ მეორე ჯგუფური ეტაპი ელოდება

საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე სერბეთთან და გერმანიასთან ერთად გავიდა და სხვა ჯგუფის საუკეთესო სამეულს შეუერთდა: საბერძნეთს, ესტონეთს და ისრაელს. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე ნაკრებებს პირველ ჯგუფში დაგროვილი ქულები გადაყვათ და შედეგად, ახალი ჯგუფის სტარტზე გუნდები უთანასწორო ვითარებაში იქნებიან.

ჯგუფის ლიდერები გერმანია და საბერძნეთი არიან 12-12 ქულით, საქართველოს ნაკრები კი 8 ქულით მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ესტონეთს უსწრებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ილიას ზუროსის გუნდს საუკეთესო სამეულში მოხვედრა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მეორე ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრები აღარ შეხვდება იმ გუნდებს, ვისაც პირველ ეტაპზე ეპაექრა, ანუ სერბეთს და გერმანიას.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპი სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის თებერვალში დასრულდება, საქართველოს ნაკრების ჯგუფის სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება... 

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 13 სექტემბერს გამართავს და თელ-ავივში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ილიას ზუროსის გუნდი თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს. ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ასევე თბილისში გამართავს ესტონეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, თამაშების სრულ კალენდარს კი ქვემოთ გაეცნობით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები