Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრა გამართა და თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიის ეროვნული გუნდი დიდი სხვაობით დაამარცხა, 98:73.

საქართველოს ნაკრებმა სერბეთის და გერმანიის შემდეგ,  ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, ილიას ზუროსმა და მისმა შეგირდებმა კომენტარები გააკეთეს…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“პირველ რიგში, ვულოცავ ჩემ მოთამაშეებს ამ გამარჯვებას. სერბეთთან შეხვედრაში არ ვიყავით კონცენტრირებულნი, დღეს კი ვითამაშეთ როგორც გუნდმა და მთლიანობაში, ეს იყო ძალიან კარგი თამაში. დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მხარი დაგვიჭირა და ვინც იგრძნო, რომ ასეთ რთულ მომენტში ყველაზე მეტად გვჭირდებოდა გვერდში დგომა. უნდა ვიმუშაოთ, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად ვითამაშოთ. წინ მეორე შესარჩევი ჯგუფია და უნდა გავაგრძელოთ შრომა. რაც შეეხება განვლილი ორი თამაშის შეჯამებას, ნაკრებში ბევრი სიახლე იყო: ტრავმების შემდეგ დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე დაგვიბრუნდნენ. გვყავდა ოთხი ახალი მოთამაშე: რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და თად მაკფადენი. ამ მოთამაშეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და მომავალში კიდევ უკეთესად ითამაშებენ. წინ მეორე ჯგუფური ეტაპია და გვაქვს შანსი, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ"

ტრადიციულად ემოციური ილიას ზუროსი

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“პირველ რიგში, ვულოცავ ჩემ გუნდს ამ გამარჯვებას. ყველამ კარგად ვიცოდით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩის მოგებას. რაც მთავარია, ვაგრძელებთ ბრძოლას შესარჩევ ეტაპზე და ვეცდებით, რომ მომავალშიც გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”

გიორგი შერმადინი ფარქვეშ

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“პირდაპირ ვიტყვი, რომ წინა შეხვედრაში შევრცხვით საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და დღეს, განსაკუთრებულად მოტივირებულები ვიყავით. მაშინაც არ დაგვიკარგავს მოტივაცია, როდესაც 30 ქულით ვიყავით წინ და სულ უფრო მეტი ქულის ჩაგდება გვინდოდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არ იქნება იოლი, მაგრამ ვეცდებით, რომ შემდეგ ჯგუფში წარმატებით ვიასპარეზოთ”

დუდა სანაძე და გოგა ბითაძე

რატი ანდრონიკაშვილი (საქართველოს ნაკრები)
“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. ბოლო წუთებზე მომიწია თამაში და გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ეს ეროვნული გუნდია და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ”

კომენტარები

ბოლო ამბები