Thumbnail
  • 2 ივლისი / სამარა / 18:00 / ბრაზილია V მექსიკა
  • ხუან კარლოს ოსორიო: კოუტინიო სულ სხვაა

მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის გავარდნის შემდეგ, მუნდიალის მოგების მთავარი ფავორიტი უპირობოდ ბრაზილიის ნაკრები გახდა. სამარაში ტიტეს გუნდს საკმაოდ ძლიერი და კარგად დაბალანსებული მექსიკის ნაკრები ელის, რომელმაც გერმანიის ნაკრების გაგდებაში დიდი წვლილი შეიტანა.

როგორ მოაღწიეს აქამდე

ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალი მძიმედ დაიწყო. E ჯგუფის პირველ მატჩში "სელესაომ" შვეიცარიას ვერ მოუგო მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ფილიპე კოუტინიომ დააწინაურა. შემდეგ იყო დრამატული მატჩი კოსტა რიკასთან, როცა ბრაზილიამ 90 წუთის გასვლის შემდეგ გაიტანა ორი გოლი (ისევ კოუტინიო და ნეიმარი) და ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა 2:0 მოუგო სერბეთს და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. 

მექსიკამ კი მუნდიალი  ჩინებულად დაიწყო და მერე, თითქოს, საწვავი გაუთავდა. პირველ 230 წუთში მექსიკის ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ბოლო 40-ში კი - ერთბაშად სამი. საბოლოოდ, მექსიკის ნაკრები F ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბრაზილიელების მატჩებში 2.5-ზე ნაკლები დაჯდა!
რა მოხდება ახლა?

0:0, როგორც გამონაკლისი

მექსიკა და ბრაზილია ერთმანეთს ძალიან ხშირად ეთამაშებიან. მუნდიალზე ბოლოს ისინი ფორტალეზაში 2014 წელს დაუპირისპირდნენ, მატჩი 0:0 დასრულდა. ეს შედეგი უფრო გამონაკლისია, რადგან ამ გუნდების თამაშში ბოლო 9 დაპირისპირებიდან 8-ში აუცილებლად გავიდა გოლი.
ამის მერე, მათი ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა და ბრაზილიამ კოუტინიოსა და ტარდელის გოლებით მოიგო ამხანაგური მატჩი - 2:0.

ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებების პირველი მატჩი მუნდიალზე 1950 წელს შედგა "მარაკანაზე". ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩი, "სელესაომ" 4:0 იმარჯვა (ადემირის დუბლი) და 80 ათასი ადამიანი გაახარა.

ნეიმარი - იმედგაცრუება?

ნეიმარს ბევრი აკრიტიკებს

ჯგუფურ ეტაპზე ნეიმარს ბევრს აკრიტიკებდნენ. ზოგიერთმა ექსპერტმა მას მუნდიალის ერთ-ერთი იმედგაცრუებაც კი უწოდა, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას ამტკიცებს - ჯგუფში ყველაზე მეტი დრიბლინგი მან განახორციელა (17), ყველაზე მეტი ჯარიმა მოიპოვა (17), ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ (16) და ყველაზე მეტი საგოლე შანსიც შექმნა (11). 26 წლის ფეხბურთელმა ნაკრების ბოლო 18 თამაშში 19 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (10 გოლი, 9 ასისტი). ბრაზილიის ნაკრებში კი უნიკალური რეკორდის პატრონია - 88 მატჩში 90 გოლში მიიღო მონაწილეობა (56 გოლი, 34 ასისტი). 

მექსიკელთა რიგებში ხავიერ ერნანდესს გამოვარჩევთ, რომელმაც კორეელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. "ჩიჩარიტო" ისე თამაშობს, თითქოს, ეს მისი უკანასკნელი მატჩია მუნდიალზე. ასეც იქნება, თუ მექსიკა გავარდება, რადგან ჩიჩარიტომ უკვე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მუნდიალია. 

"ჩიჩარიტო" მექსიკელთა ნამდვილი ლიდერია

დუგლას კოშტას გარეშე

ბრაზილიელებს ტრავმირებული დუგლას კოშტა აკლიათ, მარსელოსა და დანილოს თამაში კი საეჭვოა, თუმცა მარცხენა მცველს სასტარტოში მოხვედრის მეტი შანსი აქვს, თუმცა დანილოს პროგრესიც აშკარაა. დუგლას კოშტას კი მხოლოდ მეოთხედფინალიდან უნდა ველოდოთ. მექსიკელი ექტორ მორენო დისკვალიფიცირებულია.

ვინ უნდა იყოს ფრთხილად

"სელესაოს" რიგებში კაზემიროს, ნეიმარსა და კოუტინიოს ფრთხილად მართებთ თამაში, მათ ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღონ, თორემ გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალის გამოტოვება მოუწევთ.

დოპინგსკანდალი

გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ ბრაზილია-მექსიკის მატჩამდე ერთი დღით ადრე ბრაზილიურ ფეხბურთში დოპინგის თემაზე სიუჟეტი გაუშვა - "ბრაზილიის მე-12 ფეხბურთელი". ARD-ს ახალ ეპიზოდში საუბარია ამ ქვეყანაში დოპინგის გავრცელების მასშტაბებზე. 

კოუტინიო საუკეთესოა, ნეიმარიც ნიჭიერია

გუარდადო და მეკარე ტალა პრესკონფერენციაზე

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკის მწვრთნელი): "წილისყრის დროს მე და ტიტემ ვისაუბრეთ და მან მკითხა, ვის მივიჩნევდი მის ნაკრებში საუკეთესოდ. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, კოუტინიო საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მათი გუნდის სხვა ფეხბურთელებიც, ვილიანი, დუგლას კოშტა და ნეიმარი, ნიჭიერები არიან. მაგრამ კოუტინიო საუკეთესოა, მას ყველგან შეუძლია თამაში - ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც. მას თვალი არ უნდა მოვაცილოთ". 

ანდრეს გუარდადო (მექსიკა): "ყველამ ვიცით, ვინც არის ნეიმარი. ახლა, VAR-ის არსებობის პირობებში მის სტილს ყურადღება უნდა მიექცეს, ნეიმარი მუდამ ეცემა, ეს მისი სტილია. იმედია, მსაჯი ამას მიხედავს".

საინტერესო ფაქტები

მექსიკა უკომპრომისოა - ფრეზე თამაში არ უყვარს

► ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან ზედიზედ მე-13-ედ გავიდა. ეს მსოფლიოს ნაკრებებში ყველაზე გრძელი სერია დღეისათვის.

► ბრაზილიისა და მექსიკის ბოლო 9 დაპირისპირებიდან 8-ში თუნდაც ერთი გოლი გავიდა.

► ბრაზილიამ მექსიკასთან დაპირისპირების ბოლო სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

► ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის ბოლო 18 თამაშიდან 15-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა შეძლო.

► ბრაზილიის ნაკრების ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

► ბრაზილიის ნაკრების წაუგებელი სერია 20 მატჩია, რაც გრძელდება.

► მექსიკას უკვე ზედიზედ 5 მატჩია, რაც ფრე არ უთამაშია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, ჟეზუში, ნეიმარი 

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - ალვარესი, სალსედო, აიალა, გალიარდო - ერერა, გუარდადო - ლაიუნი, ველა, ლოსანო - ხ. ერნანდესი

მსაჯი: ჯ. როკი (იტალია)

კომენტარები

ბოლო ამბები