Thumbnail
  • საფრანგეთი 4:3 არგენტინა
  • 1:0 გრიზმანი (13), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 4:3 აგუერო (93)

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ევროპელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს, 4:3 იმარჯვეს და დამსახურებულადაც გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც ურუგვაი-პორტუგალიის მატჩის გამარჯვებულს შეხვდებიან. მესი და კომპანია კი შინ, არგენტინაში ბრუნდება, წინა მუნდიალის ფინალისტებმა ბრძოლა მერვედფინალში დაასრულეს.

პირველ ტაიმში ბურთი არგენტინელებს კი ჰქონდათ, მაგრამ კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი არგენტინელთა მცველებს სისწრაფის ხარჯზე აწიოკებდნენ.

1:0 გრიზმანი (13)

ბანეგას ცუდი პასი მბაპემ ჩაჭრა და არგენტინელ მცველებს ჩაუქროლა, სანამ იგი როხომ არ შეაჩერა. გრიზმანის პენალტი უნაკლო იყო.

1:1 დი მარია (41)

ფრანგებს დი მარია ცენტრში უმეთვალყურეოდ დარჩათ და ანხელმაც მარცხენა ფეხით შეუდარებელი გოლი გაიტანა.

1:2 მერკადო (48)

მესიმ რთული სიტუაციიდან დაარტყა, კართან ახლოს ჩასაფრებულმა მერკადომ კი გაიტანა. 

2:2 პავარი (57)

ლუკას ერნანდესის ჩაწოდება და ბენჟამენ პავარის სუპერგოლი. 

3:2 მბაპე (64)

კილიან მბაპე ყველაზე უკეთ გაერკვა სიტუაციაში და განმეორებითი მცდელობით გაიტანა. 

4:2 მბაპე (68)

ფრანგების მორიგი უსწრაფესი შეტევა, ოლივიე ჟირუმ მბაპე მოძებნა და 19 წლის ფეხბურთელმაც დუბლი შეასრულა. 

4:3 აგუერო (93)

სერხიო აგუერომ არგენტინელებს ბოლო წამებზე შანსი დაუტოვა, თავურით გაიტანა.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ეს იყო სუპერმატჩი, სადაც არგენტინა ცდილობდა ბურთზე კონტროლით გასულიყო ფონს, ფრანგებს კი სწრაფი კონტრშეტევების, გრიზმანისა და განსაკუთრებით მბაპეს სისწრაფის ეიმედებოდათ.

დეშამის გუნდს ამან შედეგი მოუტანა, თუმცა მერე, როცა შეტევაც საჭირო გახდა, გამოჩნდა, რომ ფრანგებს პირველ ნომრად თამაშიც კარგად შეუძლია. ბოლოს ლეო მესი მაგრად ათამაშდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. საერთო ჯამში, 7-გოლიანი თრილერი ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა, გამარჯვებით კი უძლიერესმა გუნდმა გაიმარჯვა. 

► არგენტინის ნაკრებმა ოფიციალური შეხვედრა პირველად დათმო მას მერე, რაც სამი გოლის გატანა შეძლო (430 მატჩიდან).

► ლიონელ მესი პირველი არგენტინელია, დიეგო მარადონას (1986 წ) მერე რომელმაც მუნდიალზე ერთ თამაშში ორი საგოლე პასი გააკეთა.

► პელეს მერე პირველად მოხდა, რომ თინეიჯერმა მუნდიალზე დუბლი შეასრულა - ეს მბაპემ გააკეთა. 

► ბენჟამენ პავარმა საფრანგეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა (მე-9 მატჩში).

► ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 4 მუნდიალზე შეძლო საგოლე პასების გაკეთება. 

► ანხელ დი მარიას გოლი ყველაზე შორეულია ამ მუნდიალზე - 28 მეტრი.

► ანხელ დი მარიამ მუნდიალებზე ორი გოლი გაიტანა, ორივე მერვედფინალურ მატჩებში

მატჩის გმირი: კილიან მბაპე (საფრანგეთი)

დღეიდან მბაპე უკვე სუპერვარსკვლავია, მან ეს თავისი თამაშით დაამტკიცა - მუნდიალის მერვედფინალში არგენტინას დუბლი შეუსრულა, პენალტი მოიპოვა და მცველები პანიკაში ამყოფა. 

მატჩის იმედგაცრუება: მარკოს როხო (არგენტინა)

გმირობიდან ანტიგმირობამდე - როხომ ნიგერიელთა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს თამაში ურჩევნია მალე დაივიწყოს - მან სულ ერთი ტაიმი ითამაშა, მაგრამ პენალტი "აიკიდა", მბაპემ და გრიზმანმა როხო ძალიან დაჩაგრეს, ამის შემჩნევა სამპაოლიმაც კი მოახერხა და შესვენებაზე გამოცვალა.

მესისთვის მუნდიალის მოგებაზე ოცნება დასრულდა?
ვინ იქნება დიდი დეშამის გუნდის მომდევნო მეტოქე?

კომენტარები

ბოლო ამბები