Thumbnail
  • 30 ივნისი / სოჭი / 22:0 / ურუგვაი V პორტუგალია
  • 46 წელია, რაც ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან

სოჭის "ფიშტზე" მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართება პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის. ისეთივე დიდებულ დაპირისპირების გვეიმედება, როგორიც ამავე სტადიონზე გამართული პორტუგალია-ესპანეთი იყო.

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ურუგვაიმ მძიმედ დაიწყო, მაგრამ შემდეგ მასპინძელი რუსეთი გაანადგურა - 3:0. პორტუგალიის ნაკრები კი ბოლო ტურის მატჩში ირანს დაუზავდა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ პენალტი ვერ გაიტანა. ევროპის ჩემპიონები B ჯგუფში მეორე ადგილით დაკმაყოფილდნენ.

პორტუგალია სოჭშია

ურუგვაის ნაკრები ბოლო 1950 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ამის მერე კი გუნდის უდიდესი მიღწევა მე-4 ადგილი იყო, რომელიც გუნდმა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიკავა, ბოლო ტრიუმფიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ. 

თუ პორტუგალიას კრიშტიანო ჰყავს, ურუგვაის შემტევი ტანდემიც ძალიან სახიფათოა - რუსეთთან მატჩში ლუის სუარესმაც გაიტანა და ედინსონ კავანიმაც. 

ეს ორი გუნდი მუნდიალებზე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია. ბოლო მათი დაპირისპირებიდან კი 46 წელი გავიდა - 1972 წელს დამოუკიდებლობის თასზე 1:1 ითამაშეს. 

მთავარია, ურუგვაიმ პირველმა არ გაიტანოს

ურუგვაის ნაკრები ვარჯიშზე

ოსკარ ტაბარესის გუნდი თავს შესანიშნავად იცავს, ამიტომაც პორტუგალიელები ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ სამხრეთამერიკელები გაიტანენ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თამაში დასრულდა, რადგან ბოლო 6 მატჩში მათ გოლი აღარ გაუშვიათ, რაც დაწინაურება შეძლეს. 

პორტუგალიელთა შემადგენლობაში საეჭვოა დაშავებული ვილი კარვალიოს თამაში. სანტუში ალბათ, გედეშის ნაცვლად რონალდოს ანდრე სილვას შეუწყვილებს. ბერნარდო სილვას მწვრთნელი ისევ რიკარდო კვარეშმას არჩევს. მით უფრო, რომ ამ უკანასკნელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ირანელთა კარში. 

ხოსე ხიმენესი ჯანზეა და თამაშს შეძლებს, დიეგო ლაქსალტი და ლუკას ტორეირა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებენ. მართალია, ურუგვაელებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ, მაგრამ მათ სოჭში აღმოაჩინეს, რომ ბარგი დაიკარგა. საბოლოოდ, ბარგის დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ამაში საათები გავიდა, ნაკრების ხუთი ფეხბურთელი კი მთელი დღის განმავლობაში ტანსაცმლისა და ფულის გარეშე დარჩა.

ძლიერია, მაგრამ კარგად შევისწავლეთ

ფერნანდო სანტუში (პორტუგალიის მწვრთნელი): "ურუგვაის ნაკრები ძლიერი გუნდია. ტაბარესი ამ გუნდში უკვე 12 წელია, რაც მუშაობს, მან იცის ყველაფერი. მაგრამ ურუგვაის ნაკრების მეტოქეც დიდებული გუნდი იქნება. ორივე ნაკრებისთვის რთული მატჩია მოსალოდნელი. სავსებით დარწმუნებული ვარ ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში და მათ მზადყოფნაში და ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალში ჩვენ გავალთ. მზად ვართ მატჩისთვის, მეტოქე კარგად შევისწავლეთ და გეგმაც შევიმუშავეთ".

ლუის სუარესი (ურუგვაი): "კრიშტიანოსთან ესპანეთში პაექრობა სულ სხვა ისტორიაა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატია და ჩვენ ორივე ეროვნული ნაკრებების ღირსებას ვიცავთ. ეს განსაკუთრებული გრძნობაა". 

საინტერესო ფაქტები

► ურუგვაის ნაკრები მუნდიალზე ერთადერთია, რომელმაც გოლი არ გაუშვა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მხოლოდ ბელგიამ, ურუგვაიმ და ხორვატიამ მოიგეს. 

► ბოლო 6 მატჩში ურუგვაიმ გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.

► ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) ბოლო 4 მატჩი მოიგო. 

► პორტუგალია 6 თამაშია, რაც დაუმარცხებელია.

► პორტუგალიის ნაკრებმა ბოლოს 2013 წელს წააგო სამხრეთამერიკულ მეტოქესთან.

სავარაუდო შემადგენლობები

ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი - ნანდესი, ტორეირა, ვესინო - ბენტანკური - კავანი, სუარესი

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - კვარეშმა, კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, ჟოაო მარიო - რონალდო, ანდრე სილვა

მსაჯი: კ. რამოსი (მექსიკა)

კომენტარები

ბოლო ამბები