Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სერბეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა, 50:87. მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და მთელ ქვეყანას ასეთი მხურვალე მხარდაჭერისთვის. დაგვაკლდა სპორტული აგრესია პირველიდან ბოლო წუთამდე და ეს იყო დიდი პრობლემა. ამიტომ, უნდა მოვუბოდიშოთ გულშემატკივრებს. კალათბურთში არის კარგი და ცუდი მომენტები. ცუდი დღე გვქონდა, თუმცა ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ასეთ დროს ერთად უნდა ვიდგეთ. საქართველოს ნაკრებიდან ბევრი მოთამაშე წავიდა და ბევრი მოვიდა. ბუნებრივია, დროა საჭირო, რომ უკეთ ავთამაშდეთ. გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ ბოლომდე მზად ამ თამაშისთვის. თორნიკე შენგელია გრძელი და რთული სეზონის შემდეგ ჩამოვიდა. სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ახალი თაობის მოთამაშეები არიან და ბევრი უნდა იმუშაონ. წინ ავსტრიასთან მატჩია და სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება”.

ილიას ზუროსი

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრები)
“ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, მაგრამ არ მინდა, რომ თავის მართლება გამომივიდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბეთი სიძლიერით პირველი თუ არა, მეორე გუნდი ნამდვილად არის ევროპაში. თუმცა, ასე არ უნდა წაგვეგო და რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ავსტრიასთან მატჩის წინ, განვლილ შეხვედრას დეტალურად გავაანალიზებთ და დასკვნებსაც გამოვიტანთ. პირველ რიგში დაცვას უნდა მივხედოთ. დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს, თუმცა სათადარიგოთა სკამს სიღრმე მაინც აკლია. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ავსტრიასთან მატჩიათვის უკეთ მოვემზადოთ. უნდა გამოვასწიროთ ვითარება”.

თორნიკე შენგელია

გიორგი ცინცაძე (საქართველოს ნაკრები)
“არ იყო ჩვენი დღე. არ წაგვივიდა თამაში და ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავაგდეთ ეს თამაში. წინ ავსტრასთან შეხვედრაა, მობილიზება უნდა მოვახდინოთ და სულ სხვა განწყობით ვითამაშოთ. ნაკრებში არის რესურსი, რაც არაერთხელ დაგვიმტკოცებია და ვეცდებით, რომ ავსტრიასთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ. დღეს კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ გულშემატკივარს”:

ალექსანდრ ჯორჯევიჩი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი)
ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო და საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. 40 წუთი ინტენსიურად ვთამაშობდით, რამაც შედეგი გამოიღო. თითოეულმა კალათბურთელმა კარგად იმუშავა და თავისი მაქსიმუმი გააკეთა. 4 წელია ერთად ვართ და ვიცით როგორ უნდა ვიმუშავოთ გუნდურად. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელები გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ შეიკრიბნენ, მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. წინ გერმანიასთან მატჩია და იქაც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ნაკრებს არ წაუვიდა თამაში, ბევრი სროლა გააფუჭეს და დუელების უმრავლესობა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ შეხვედრაში წარმატებებს გისურვებთ"

კომენტარები

ბოლო ამბები