Thumbnail
  • ვინ ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგად?
  • სიმბოლური ნაკრები POPSPORT-ის ვერსიით

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა: 48 მატჩი ჩატარებულია, მერვედფინალისტები გამოვლენილია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - სახლშია. ერთდღიანი შესვენებით ვისარგებლოთ და, სანამ პლეი ოფი დაიწყება, გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებს POPSPORT-ის ვერსიით.

1. გილერმო ოჩოა (მექსიკა)

ალბათ გახსოვთ, რომ მექსიკელთა მეკარე 2014 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 32 წლის კიპერმა პირველი ორი მატჩი (გერმანიასთან და სამხრეთ კორეასთან) უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ჯგუფურ ეტაპზე ყველა სხვა მეკარეზე მეტი სეივი ჰქონდა (15). ოჩოას დამსახურებაცაა ის ფაქტი, რომ მექსიკის ნაკრებმა პირველ ტურში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხა.

2. ანდრეას გრანკვისტი (შვედეთი)

შვედეთის ნაკრების ნაკრების კაპიტანი მცველებიდან ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას. ანდრეას გრანკვისტი არა მარტო შვედების დაცვის ბურჯი და მთლიანად გუნდის ლიდერია, რომელმაც სამივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, არამედ ჯგუფური ეტაპის შემდეგ სკანდინავიელთა საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. გრანკვისტმა შვედებს ჯერ სამხრეთ კორეასთან მოაგებინა (1:0), მესამე ტურში კი მექსიკასაც (3:0 გაუტანა). მართალია, ორივე პენალტით, მაგრამ მაინც...

3. დიეგო გოდინი (ურუგვაი)

ურუგვაის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და კარი მშრალად შეინახა. ეს პირველ რიგში დიეგო გოდინის დამსახურებაა, რომელიც არა მარტო ურუგვაელთა უკანა ხაზის ლიდერია, არამედ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახლავთ. თუ მეტი არა, გოდინს ურუგვაის ნაკრებში, ლუის სუარესზე, ან ედინსონ კავანიზე ნაკლები მნიშვნელობა არ აქვს…

4. ნ’გოლო კანტე (საფრანგეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა. დიდიე დეშამის გუნდმა 3 თამაშში მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთ მატჩში არ გავიდა გოლები და იმ თამაშში სწორედ საფრანგეთი მონაწილეობდა. თუკი დეშამის გუნდიდან ვინმე იმსახურებს გამორჩევას, პირველ რიგში საყრდენი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, რომელიც შუა ხაზში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

5. ჯონ სტოუნსი (ინგლისი)

კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ორი ბურთი გაიტანა (არცერთი პენალტით!) და თავისი უშუალო მოვალეობაც უმაღლეს დონეზე შეასრულა. სტოუნსი 24 წლისაა და ასეთ ასაკშიც კი ამტკიცებს, რომ ინგლისს წლების მანძილზე უძლიერესი მცველი ეყოლება.

6. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ლუკა მოდრიჩი კი - ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ხორვატი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დომინირებდეს ნახევარმცველი მოედნის ცენტრში. მოდრიჩი აკონტროლებს ტემპს, არიგებს მოკლე, გრძელ, თუ გამჭოლ პასებს, იბრძვის ბურთისთვის და ხელმძღვანელობს თითქმის ყველა შეტევას. მან ნიგერიასთან (2:0) პენალტი გაიტანა, არგენტინასთან მატჩის (3:0) ბედი კი სწორედ მისი ულამაზესი გოლით გადაწყდა.

7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

კრიშტიანომ (ლიონელ მესისგან განსხვავებით) მსოფლიოს ჩემპიონატი ზღაპრულად დაიწყო - პირველივე მატჩში ესპანეთთან ჰეთ-თრიკი შეასრულა (3:3), მეორე ტურში კი პორტუგალიას მაროკოსთან მოაგებინა (1:0). მართალია, ირანთან მატჩში პენალტი გააფუჭა, მაგრამ ეს ფაქტი რონალდოს დამსახურებას არ აკნინებს - 3 მატჩში 4 გოლი შესანიშნავი შედეგია.

8. ისკო (ესპანეთი)

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო (ირანთან 1:0), ორი კი ფრედ დაასრულა (პორტუგალიასთან 3:3 და მაროკოსთან 2:2). თუკი “ფურია როხადან” რომელიმე ფეხბურთელი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს, პირველ რიგში ისკო, რომელიც მოედანზე თითქმის ყველგანაა.

9. რომელუ ლუკაკუ (ბელგია)

4 გოლი 2 თამაშში - 9 ნომრისგან სხვა რა უნდა მოითხოვო? მართალია, რომელუ ლუკაკუმ დუბლები ისეთ გუნდებთან შეასრუალ, როგორებიც პანამა და ტუნისი არიან, მაგრამ მისი ეფექტიანობის დაკნინება არ შეიძლება. ბელგიელთა ცენტრფორვარდი საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია.

10. ჰარი კეინი (ინგლისი)

დუბლი ტუნისთან, ჰეთ-თრიკი პანამასთან - ჰარი კეინი 5 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ინგლისის ნაკრების ლიდერი მუნდიალზეც ამტკიცებს, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. მართალია, ტუნისელი და პანამელი მცველები კეინის ძალების რეალურ საზომად არ გამოდგებიან, მაგრამ 3 მატჩში 5 გოლი (თუნდაც ორი პენალტით) ბრწყინვალე შედეგია. 

11. ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

გუნდში, სადაც ნეიმარი თამაშობს, ჯგუფურ ეტაპზე რეალური ლიდერი ფილიპე კოუტინიო იყო. პირველ ტურში შვეიცარიას (1:1) გოლი სწორედ კოუტინიომ გაუტანა - თანაც, ძალიან ლამაზი. ბრაზილიელებს მეორე ტურშიც გაუჭირდათ: კოსტა რიკასთან 90 წუთი ისე გავიდა, ტაბლოზე 0:0 ეწერა. 91-ე წუთზე ანგარიში ისევ კოუტინიომ გახსნა. გარდა ამისა, სერბეთთან შეხვედრაში პაულინიოს გენიალური საგოლე პასიც გაუკეთა. რომ არა კოუტინიოს უმნიშვნელოვანესი გოლები, “სელესაო” ჯგუფიდან ვერ გავიდოდა...

კომენტარები

ბოლო ამბები