Thumbnail
  • ევროტურნირები ახლახან დაიწყო და საქართველომ 6 ადგილი დაკარგა
  • უეფას 55 ქვეყანას შორის საქართველო 51-ეა

მუნდიალმა ჩრდილში მოაქცია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ახალი სეზონის სტარტი - ტურნირში ჯერ უსუსტესი კლუბები ჩაერთვნენ. ახლა ავხსნით, რატომ არის ეს თამაშები ქართული კლუბებისთვის მნიშვნელოვანი...

მინუს 6 ადგილი

ისტორიული მომენტი კოსოვოს ფეხბურთში - დრიტამ უეფას კოეფიციენტში პირველი ქულები მოიპოვა

ქართული კლუბები ჯერ არ ჩართულან ევროთასებზე. 2017/18 წლების სეზონის შემდეგ საქართველოს უეფას ქვეყნების საკლუბო კოეფიციენტის ცხრილში 3.125 ქულით 45-ე ადგილი ეჭირა. იმის გათვალისწინებით, რომ უეფაში სულ 55 ქვეყანაა გაერთიანებული, ეს ძალიან ცუდი შედეგია. 

სეზონი დაიწყო და საქართველომ ერთბაშად 6 ადგილი დაკარგა, რადგან ჩვენს უკან მყოფი ქვეყნების გუნდებმა ითამაშეს და გარკვეული ქულებიც დააგროვეს. მაგალითად, გიბრალტარმა ლინკოლნის წარმატების შემდეგ ერთბაშად 5 საფეხურით წაიწია (0.666 ქულა დააგროვა). 0.125 ქულა გამოიმუშავა უელსმაც, უფრო მეტი ფარერის კუნძულებმა - 0.250 და მალტამ - 0.375. ამ ოთხი ქვეყნის გარდა კიდევ სომხეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ გადაგვისწრო, მათ არაფერი შემატებიათ. უბრალოდ, უეფა კოეფიციენტებს ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით ითვლის, ახალი სეზონიდან 2013/14 წლების სეზონში დაგროვილი ქულები ყველას აკლდება, საქართველო სწორედ ამან აზარალა. 

საქართველომ გასულ სეზონში მხოლოდ 0.125 ქულა მოიპოვა

მაშ ასე, დღეს უეფას ქვეყნების საკლუბო კოეფიციენტის ცხრილში საქართველო 51-ე პოზიციაზეა (55 ქვეყანაში!) 3.125 ქულით. ვუსწრებთ მხოლოდ ოთხ ქვეყანას: ლუქსემბურგს (2.875), ანდორას (1.331), კოსოვოს (0.750) და სან მარინოს (0.499). 

თუ ლუქსემბურგიც გაგვისწრებს...

ამათგან კოსოვო დებიუტანტია და ყველა ეს ქულა წლეულს ერთი საკვალიფიკაციო რაუნდით აქვს მოპოვებული - მათმა ჩემპიონმა დრიტამ ანდორული კლუბი უკვე გამოთიშა და ახლა გიბრალტარის ლინკოლნს ხვდება. ასე რომ, კოსოვოელთა პროგრესი მხოლოდ დროის საქმეა. ჩვენი გადასწრების ურიგო შანსი არც ლუქსემბურგს აქვს. 

თუ ქვეყანა კიდევ ერთ ადგილს დაკარგავს და 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ 52-ე ადგილზე იქნება, ევროთასებზე ქართული კლუბების რაოდენობა 4-დან 3-მდე შემცირდება. თუ ახლა 1 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გადის, ხოლო 3 - ევროპალიგაზე, 2020/21 წლების სეზონიდან საქართველოს ლიგაზე 1, ევროპალიგაზე კი 2 წარმომადგენელი ეყოლება. 

იმედია, ასე არ მოხდება და ქართული კლუბები საკმაო რაოდენობის ქულებს დააგროვებენ ევროთასებზე, თუმცა ჩვენების შარშანდელი გამოსვლა - ჯამში 0.125 ქულა - ოპტიმიზმის საბაბს არ იძლევა...

კომენტარები

ბოლო ამბები