Thumbnail
  • ქართველი კომენტატორი მიმდინარე მუნდიალს აფასებს
  • ჯგუფური ეტაპის შეჯამება და მერვედფინალური მატჩების პროგნოზი

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ ყველაზე საინტერესო, პლეი ოფის მატჩები გველის. გულშემატკივართა უმრავლესობა მუნდიალს დადებითად აფასებს და მათ შორისაა, ცნობილი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე. popsport-თან საუბარში, სანდრომ მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა, ჯგუფური ეტაპი შეაჯამა და მერდვედფინალურ წყვილებზე პროგნოზები გაგვანდო.

მუნდიალის შესახებ

მსოფლიო ჩემპიონატი იმდენად დიდი მოვლენაა და იმდენად დიდ ხანს ველოდებით, რომ მის მიმდინარეობს გულშემატკივრების დიდი ნაწილი დადებითად აღიქვამს. გამონაკლისი არც მე ვარ და ჩემი შეფასებებიც მხოლოდ პოზიტიურია. ეს პოზიტივი ფარავს კონკრეტული გუნდების ცუდ გამოსვლას. ფეხბურთთან მიმართებაში კონსერვატული შეხედულების ვარ და დიდი გუნდების წარუმატებლობა ბედნიერებას არ მანიჭებს. ფაქტია, რომ მუნდიალი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

გუნდები და ჯგუფური ეტაპი

ფავორიტებიდან ვერც ერთმა გუნდმა ვერ აჩვენა იმ კლასის ფეხბურთი, რომელსაც ველოდი. აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ ესპანეთის, საფრანგეთის, ბრაზილიის, არგენტინის და თავისთავად, გერმანიის ნაკრებების თამაშით. ამას აქვს ახსნა: მუნდიალზე გუნდმა ტურნირის მსვლელობისას უნდა მოუმატოს. გერმანიის გარდა, თითოეულ ამ გუნდს მომატების პერსპექტივა აქვს. იმედია, პლეი ოფში გრანდები გაცილებით უკეთ ითამაშებენ.

ერთადერთი გრანდი, რომელიც ჯგუფში ჩარჩა, გერმანიის ნაკრებია

1/8 ფინალების პროგნოზი

ურუგვაი V პორტუგალია

ისტორიულად, ურუგვაის ნაკრები ნაკლებად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ამ ფორმაციის ურუგვაის აქვს უნარი მოკლას მეტოქის თამაში და ამასთან, ძალიან სახიფათოდ შეუტიოს. ხიმენესს და გოდინს შესწავლილი აქვთ კრიშტიანო რონალდოს თამაში და შეუძლიათ მისი განეიტრალება, წინ კი ურუგვაის სუპერტანდემი ჰყავს ლუის სუარესის და ედინსონ კავანის სახით. ფავორიტად ურუგვაის მივიჩნევ.

საფრანგეთი V არგენტინა

ეს არის წყვილი, სადაც მიკერძოებული ვარ და მიჭირს ვიყო ობიექტური. არგენტინა ფრანგებთან არაა ფავორიტი, თუმცა ჰყავს ლეო მესი. გამომდინარე აქედან, მჯერა რომ არგენტინა გავა მომდევნო ეტაპზე და ეს იქნება ჩემი პროგნოზიც.

ესპანეთი V რუსეთი

მეორე წყვილია, სადაც მიკერძოებული ვარ და თანაც იმ ნაკრებისკენ, რომელიც ფავორიტია. რუსეთი მასპინძელია და შესაძლოა ისარგებლოს გარკვეული პრივილეგიით, რაშიც უპირველესად მსაჯობას ვგულისხმობ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია რომ ესპანეთი მოიგებს და გავა მომდევნო ეტაპზე. 

ხორვატია V დანია

გამოკვეთილი ფავორიტია ხორვატია, რომელმაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ეშელონების გუნდებიდან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. არამგონია, რომ უსახურად მოასპარეზე დანიამ უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ხორვატიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • ხორვატია
  • დანია

ბრაზილია V მექსიკა

მექსიკელებმა პირველი ორი თამაშით ყველა გაგვაკვირვეს, მაგრამ ცუდია ის, რომ ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, გუნდმა კი არ მოუმატა, პირიქით, მოუკლო და უფრო სუსტ მეტოქეებთან გაუჭირდა. მექსიკას ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონატის აღმოჩენა, მაგალითად ირვინ ლოზანო, მაგრამ ჩრდილოამერიკელებს არ გაუმართლათ, რადგან ხვდებიან ბრაზილიას, არა მარტო ამ კონკრეტული დუელის, არამედ მუნდიალის ფავორიტს.

ბრაზილია წყვილის და მუნდიალის ფავორიტია

ბელგია V იაპონია

ამ წყვილში ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი ფავორიტი. ბელგია მეოთხედფინალის ღირსია და გავა კიდეც შემდეგ ეტაპზე. ბელგიას ჰყავს ორი თითქმის თანაბრად ძლიერი შემადგენლობა, იაპონია კი ყველაზე სუსტი ნაკრებია, რომელიც პლეი ოფში გავიდა. ჩემი ხმა ბელგიას.

შვედეთი V შვეიცარია

აბსოლუტურად ამოუცნობი წყვილია, შანსები კი თანაბარია. ორივე გუნდს თავისი პლუსები და მინუსები აქვს. პლუსები ემყარება თამაშის ორგანიზების უმაღლეს დონეს და დისციპლინას. მაინც მგონია, რომ შვედეთი უფრო შეკრული გუნდია. ამიტომ, 51% შვედეთს და 49% შვეიცარიას. 

კოლუმბია V ინგლისი

აქ ცოტა გავრისკავ და ვიტყვი, რომ მეოთხედფინალში კოლუმბიის ნაკრები გავა. კოლუმბიელებს უკეთესი მწვრთნელი ჰყავთ, ვიდრე ინგლისელებს. პეკერმანის გამოცდილება შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. მნიშვნელოვანია, რომ ხამეს როდრიგესი იყოს ჯანმრთელად და ულიდეროს თავის გუნდს. ხამესთან ერთად და პეკერმანის ფაქტორის გათვალისწინებით, კოლუმბია უფრო მაღლა დგას.

კომენტარები

ბოლო ამბები