Thumbnail
  • 29 ივნისი: საქართველო - სერბეთი
  • 2 ივლისი: საქართველო - ავსტრია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის დასკვნითი ორი საშინაო მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 29 ივნისს სერბეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიას. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 11 ივნისიდან ემზადება. შეკრების ფარგლებში, ზუროსის გუნდმა ჩეხეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

საქართველოს ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში სპორტის სასახლეში

თბილისში დაბრუნებულ ნაკრებს თორნიკე შენგელია შეუერთდა, რომელსაც ბასკონიასთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. სამწუხაროდ, ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ფეხის ქრონიკული ტრავმა აქვს და შესაძლოა საოპერაციო გახდეს.

ილიას ზუროსის განკარგულებაში 14 კალათბურთელია. ბერძენი სპეციალისტი სერბეთთან მატჩისთვის 12 მოთამაშეს შეარჩევს:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე
(პოლიტექნიკა, რუმინეთი), თად მაკფადენი (კიმისი, საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), დუდა სანაძე (პისტოია, იტალია), მიხეილ ჭოჭუა (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), ანატოლი ბოისა (კაკტუსი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (დინამო), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გიორგი ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი), თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი)

სერბეთთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა და როგორც მწვრთნელმა, ისე მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, სერბეთის ნაკრები ითამაშებს. სერბებს ეყოლებათ NBA-ს ერთი და ევროლიგის არაერთი მოთამაშე. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მეორე შეხვედრაც რთული იქნება, რადგან ავსტრიასაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.”

ილიას ზუროსი სერბეთთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრები)
“ჩვენი მიზანია, რომ მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ბიჭები მაქსიმალურად მონდომებულნი არიან და ბევრს ვარჯიშობენ. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, უმაღლესი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენც ძალიან ძლიერი კალათბურთელები გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება 

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრები)
“მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო იყო, გუნდი კარგ ფორმაშია. ჯგუფიდან გასასვლელად ერთი თამაშის მოგებაც საკმარისია, თუმცა სასურველია, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამბობენ, რომ სერბები გადახალისებული შემადგენლობით მოდიან და როგორც ჩანს, ევროლიგის 7 მოთამაშეს გულისხმობენ. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და შევეცდებით, რომ ისეთი ტაქტიკა დავუპირისპიროთ, რომელიც მათ მაქსიმალურად შეუშლის ხელს. რაც შეეხება ჩემ საკლუბო კარიერას, ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.”

თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“ვიცით სერბეთის შემადგენლობა, მათი ტაქტიკა და მზად ვართ მათთან საბრძოლველად. ბუნებრივია, დიდი დანაკლისია მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნა, თუმცა გვაქვს იმის რესურსი, რომ საკუთარ კედლებში დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ სერბებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა ჩეხეთში, გუნდი უფრო შეიკრა და შეთამაშდა. ბევრ გუნდს არ ჰქონია ამ მოკლე პერიოდში ორი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა და ეს ფაქტორი ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.” 

დუდა სანაძე ვარჯიშის წინ ხურდება

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ორი თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთთან თამაშზე გულშემატკივრებით გაივსება სპორტის სასახლე და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მანუჩარ მარკოიშვილი დიდი დანაკლისია და რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება მისი შეცვლა. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც მოსაგებად ჩამოვიდა და ჩვენც მზად დავხვდებით ბრძოლისთვის.”

კომენტარები

ბოლო ამბები