Thumbnail
  • იაპონია 0:1 პოლონეთი
  • 0:1 ბედნარეკი (59')
  • იაპონიის ნაკრები მუნდიალის 1/8-ფინალში კოლუმბიის გამარჯვების წყალობით გავიდა

H ჯგუფში ბოლო ტურის წინ პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანსი პოლონელების გარდა ყველას ჰქონდა. იაპონელებს, რომლებსაც სენეგალის მსგავსად 4 ქულა ჰქონდათ, მიზნის მისაღწევად ვოლგოგრადში გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნებოდათ. ოღონდ, საამისოდ პარალელურ მატჩში სენეგალს კოლუმბია უნდა დაემარცხებინა…

რაც შეეხება ტურნირის დაწყებამდე ჯგუფის ფავორიტად შერაცხულ რობერტ ლევანდოვსკისა და კომპანიას, უმოტივაციო გუნდისთვის ეს შეხვედრა მუნდიალზე კარის გაჯახუნების საშუალება იყო.

ასეც მოხდა - "ვოლგოგრად არენაზე” ადამ ნავალკას გუნდმა პირველ ნომრად, მაგრამ დაბალ ტემპში დაიწყო თამაში, იაპონელები კი სწრაფი კონტრშეტევებისა და მეტოქის შეცდომის იმედად, საკუთარ ნახევარზე განლაგდნენ. მიუხედავად ამისა, პირველ ნახევარ საათში უფრო სახიფათონი სწორედ აზიელები იყვნენ - თავისი მცველების არადამაჯერებელი თამაშის გამო, ლუკაშ ფაბიანსკის რამდენჯერმე მოუხდა საქმეში ჩართვა.

და ამის შემდეგ იყო იეძი კავაშიმას ბრწყინვალე სეივი. პოლონელთა სახიფათო შეტევა კამილ გროსიცკიმ თავურით დაასრულა, მაგრამ იაპონელთა მეკარე ნახტომში მიწვდა კუთხეში გაფრენილ ბურთს. ეს იყო პირველი 45 წუთის ყველაზე კაშკაშა ეპიზოდი...

მეორე ტაიმში პოლონელებს კვლავ ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ კავაშიმამ პიოტრ ზელინსკის ბურთზე თამაში დაასწრო. 

იაპონელთა კარში გოლი მაინც გავიდა. რაფალ კურჟავამ საჯარიმო დარტყმით ბურთი აზიელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი იან ბედნარეკმა ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან ბურთი კარში გაუშვა.

0:1 ბედნარეკი (59')

ამ გოლმა ჯგუფში ყველაფერი ერთბაშად თავდაყირა დააყენა, რადგან პარალელურ მატჩში სენეგალსა და კოლუმბიას პლეი ოფში გასასვლელად ფრე ჰყოფნიდათ. იაპონია იძულებული გახდა, ტემპისთვის მოემატებინა, შეტევაში აქტიურად ემოქმედა და როგორმე გოლი გაეტანა.

მაგრამ გატანის რეალური შანსი ისევ პოლონეთს ჰქონდა - მის მთავარ ბომბარდირ რობერტ ლევანდოვსკის. კამილ როსიცკიმ ნაკრების კაპიტანი მეკარესთან გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმული კარს ასცდა. ლევანდოვსკი ირწმუნებოდა, რომ მცველი მასზე წესებს არღვევდა, მაგრამ არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია.

იაპონელი ფეხბურთელები ღირებულს ვერაფერს ქმნიდნენ, სტადიონზე მყოფ მათ ქომაგები კი პარალელურ მატჩში კოლუმბიელთა გოლს ზეიმობდნენ - ამ შემთხვევაში პლეი ოფში ნიშინოს გუნდი გადიოდა.

დარჩენილ დროში უკვე ანტიფეხბურთი ვიხილეთ - იაპონელი ფეხბურთელები იმის იმედად, რომ მეორე მატჩის ბოლო წუთებში სენეგალი ვერ გაათანაბრებდა ანგარიშს, იდგნენ და შეყურებდნენ, როგორ აგორებდნენ ბურთს პოლონელები. იმას, რაც მოედანზე ბოლო წუთებში ხდებოდა, ძნელია ფეხბურთი უწოდო.

საბოლოოდ, კოლუმბიამ გაიმარჯვა და H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე იაპონია გავიდა, რომელმაც სენეგალი უკან მხოლოდ მიღებული ნაკლები ყვითელი ბარათის გამო მოიტოვა (4-6). 

ანალიზი და საინტერესო ფაქტები 

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში fair play-ს პრინციპით აქამდე არასდროს გადაწყვეტილა ⅛-ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა. პირველი, ვინც ამ მიზეზით ჯგუფში ჩარჩა სენეგალის ნაკრებია, ხოლო პლეი ოფში გასული პირველი გუნდი - იაპონია.

პოლონეთის ნაკრებმა კი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იგივე გააკეთა, რაც თავის წინა მუნდიალებზე, 2002 და 2006 წლებში - ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი ბოლო ტურში. პოლონეთი შინ ქულებით ბრუნდება, მაგრამ რუსეთი 2018 მაინც დიდი იმედგაცრუებაა პოლონელებისთვის, უმთავრესად კი მისი მთავარი ვარსკვლავის - რობერტ ლევანდოვსკისთვის, რომელმაც რუსეთში ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

იაპონიამ კი ბოლო მატჩში მიზანს, ავად თუ კარგად, მაინც მიაღწია და ახლა ინგლისი-ბელგიის შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მომავალი მეტოქე გაირკვევა. იაპონელები ამ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, ფრეს შემთხვევაში - ინგლისს, რომელსაც ბელგიასთან შედარებით ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს.

► იაპონიის ნაკრები ისტორიაში მესამე გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ⅛-ფინალში ფინალში. 2002 და 2010 წლების მუნდიალებზე გამოსვლა იაპონიამ ამ ეტაპზე დაასრულდა.

► იაპონელთა მეტოქე ⅛-ფინალში ინგლისი-ბელგიის დაპირისპირებაში გაირკვევა.

► მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი იან ბედნარეკი პოლონეთის ჩემპიონატიდან საზღვარგარეთ ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელია. საუთჰემპტონმა მასში 6 ლეხს მილიონი ევრო გადაუხა.

► კამილ გროსიცკიმ პოლონეთის ეროვნულ გუნდში მე-60 მატჩი ჩაატარა.

მატჩის გმირი: იან ბედნარეკი

პოლონელთა 22 წლის მცველმა მოიგო ყველა ორთაბრძოლა, გახდა ყველაზე მეტი პასის ავტორი მინდვრის მოთამაშეთა შორის, გაიტანა გამარჯვების გოლი. იანისთვის ეს მატჩი გამორჩეული იყო. შექებას აუცილებლად იმსახურებს იაპონელთა მეკარე იეძი კავაშიმაც. 

მატჩის იმედგაცრუება: გოტოკუ საკაი

იაპონელთა მცველი, რომელიც პირველად მოხვდა შემადგენლობაში, ძალზე არაეფექტური იყო შეტევაში, დაცვაში კი - სუსტი. გასაკვირი ისაა, რატომ დატოვა ის მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე ბოლომდე.

კომენტარები

ბოლო ამბები