Thumbnail

მარიო ბასლერი - 7 ბოკალი ლუდი, კოლოფი მარლბორო და სექსი ევრო 96-ზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბასლერი 90-იანებში გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ რაღაც ისე ვერ აეწყო…
  • ჰიტცფელდი მას გენიოსს უწოდებდა, ბეკენბაუერი - გამოუსწორებელს, ჰიონესის აზრით კი, მარიო კარგი ბიჭი პაბში შესვლამდეა.
  • კარიერის დასრულების შემდეგ მარიო გერმანიის დაბალი ლიგის გუნდებში მწვრთნელად მუშაობს.

კევინ გროსკროიცმა ბუნდესლიგაში დორტმუნდის ბორუსიას გამარჯვების აღსანიშნავად თავი გადაიპარსა, ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონის ფინალური მატჩი კი ტრავმირებულმა ჩაამთავრა და მუნდიალი 2014-ის ოქრო სათადარიგოთა სკამიდან მოიგო. იშვიათად ცელქობდა მოედანზე, მაგრამ სტადიონის გარეთ სკანდალები არ აკლდა. კევინს შეეძლო ქაბაბი ესროლა კიოლნის უკმაყოფილო ფანატისთვის ან სასტუმროს ვესტიბიულში მიამიტურად დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილებები. წელს მარტში, სტუდენტურ საღამოზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ფეხბურთელი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მისი  შტუტგარტი კი რეპუტაციას გაუფრთხილდა და დებოშიორთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“ის ბრწყინვალე ბიჭია, მაგრამ შარს უნდა მოერიდოს. პროფესიონალ ფეხბურთელს სიფრთხილე მართებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ ყურადღების ცენტრშია”, - მოძღვრავს უმცროს კოლეგას ბასლერი. თუმცა, გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აშკარად ეშმაკობს. ახალგაზრდობაში ის არაფრით იყო გროსკროიცზე ნაკლები და არც გაზეთების პირველი გვერდებიდან ჩამოდიოდა: მედია ან აღფრთოვანებული იყო მოედანზე მისი მოქმედებებით, ან მორიგი რეზონანსული ფაქტის განსჯით იყო დაკავებული.

დღეს სუპერმარიო ჭკუას სხვას არიგებს.

გერმანელები ბასლერს თავისი თაობის ლამის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ და რა გასაკვირია, მტკივნეულად განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ ტალანტის კარიერა კანალიზაციის ფსკერისკენ მიექანებოდა. მაგრამ, არც არავინ უთანაგრძნობდა მას ამის გამო.

“ფეხბურთელთა 50% ვერ მიტანდა. იგივე ხდებოდა გულშემატკივრებშიც. ისინი დიდი სიხარულით შემიძენდნენ ბილეთს მთვარეზე, ერთი მიმართულებით”, - იხსენებს მარიო.

მართალია, გიუნტერ ზებერტმა ვერ გადაიყვანა ჰერტა პირველ ბუნდესლიგაში, მაგრამ გერმანიას ახალი ვარსკვლავის იმედი აჩუქა. მწვრთნელმა 23 წლის ბასლერი დაცვიდან ნახევარდაცვაში გადაისროლა და ამ უკანასკნელმაც სეზონში გატანილი 12 გოლით, ვერდერს 2 მილიონი მარკის (დაახლოებით მილიონი ევრო) გაღება აფიქრებინა. 

1993 წლის ივლისში ეს ტრანსფერი, ცოტა არ იყოს, უცნაური ჩანდა. ვერდერი გერმანიის ჩემპიონი ერთი თვის გამხდარი იყო ოტო რეჰაგელთან ერთად - მწვრთნელთან, ვისთვისაც დისციპლინა პირველ ადგილზეა. ბასლერს კი იმ დროისთვის უკვე ჰქონდა მოხვეჭილი არცთუ ძალიან “წესიერი” ბიჭის სახელი. 

“მან იცოდა, ვის ყიდულობდა. შესაძლოა, ზოგჯერ ჩემთან ურთიერთობა იოლი არაა, მაგრამ ეს საიდუმლო არავისთვისაა. ჩემი საქმე კარგი პასები და დარტყმაა,მწვრთნელი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ამოცანა შევასრულო. ის მკაცრად სულაც არ მეჩვენება”, - უყვებოდა მარიო ინტერვიუში Der Spiegel-ს.

რეჰაგელმა ახალგაზრდა მოთამაშეში სუპერტალანტი დაინახა და პრინციპებსაც თამამად გადააბიჯა. ბასლერი ვარჯიშობდა ისე და მაშინ, როცა თავად სურდა და ეს მუშაობდა: ფეხბურთელი ბრემენელებს გერმანიის თასის მოპოვებაში დაეხმარა და დამსახურებულად მოხვდა ნაკრებში. 

რეჰაგელმა ახალგაზრდა ბასლერში სუპერტალანტი დაინახა და თავის პრინციპებს თამამად გადააბიჯა.

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე მარიოსგან კიდევ უფრო დიდ პროგრესს მოელოდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა კანადასთან საკონტროლო შეხვედრაში მუხლი დაიზიანა. სწორედ ამ ტრავმის მიზეზით, ნახევარმცველმა აშშ-ში, თავის პირველ დიდ ტურნირზე სულ ნახევარი საათი ითამაშა.

“მაყურებელს ხომ შოუ უყვარს და მეც მოედანზე მხიარულება შემქონდა”

მუნდიალის მომდევნო სეზონი სუპერმარიოსთვის ფანტასტიკურად წარიმართა: 33 მატჩი ვერდერში, 12 პასი და 20 გოლი, რომელთაგან ორი ბასლერმა კუთხურის ნიშნულიდან გაიტანა.

ვერდერში ბასლერს გოლები კუთხურის ნიშნულიდანაც გაჰქონდა.

თუმცა, სეზონის ფინიში მაინც ჩამწარდა - 1994/95 წლების ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ვერდერმა ბაიერნთან წააგო და სინი დორტმუნდის ბორუსიას დაუთმო, სხვაობა კი სულ ერთი ქულა იყო.

მაგრამ ბასლერი სხვა რამეს დარდობდა: ვერდერში გატარებული 14 წლის შემდეგ, რეჰაგელი ბაიერნში გადაბარგდა.

ოტო რეჰაგელის შემცვლელად ად დე მოსი მოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბრემენული გუნდი ჩაიფერფლა. ვერდერი პეტერ ბოშის ბორუსიას ჰგავდა, მაგრამ ბასლერი მაინც მაქსიმუმს იღებდა ისე, რომ თავის "საფირმო სტილს" არ ღალატობდა. 

“ვეწევი იმდენს, რამდენიც მინდა. აზრიც არ აქვს ამაზე ლაპარაკს, სანამ მოედანზე კარგი ვარ. ლუდი? თუკი საღამო კარგი გამოდის, შემიძლია ექვსი-შვიდი ბოკალი მივცხო, მაგრამ თუ არ ვარგა - ორს ვიმყოფინებ”. 

ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ 2000 წელს იწურებოდა, მაგრამ პარმა, იუვენტუსი და მილანი მაშინვე მზად იყვნენ, მასში ნებისმიერი თანხა გადაეხადათ. ბოლოს კი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე: ევრო 1996-ის შემდეგ ვარსკვლავი ბაიერნმა 4 მილიონ ევროდ შეიძინა.

მანამდე კი ბასლერმა საჩემპიონო მედალი მოიპოვა, მაგრამ ვერც ამ ტურნირზე ითამაშა ვარჯიშზე მიღებული მუხლის ტრავმის გამო. ნირწმახდარი მარიო ინგლისიდან უკან გერმანიაში გაფრენასა და ტურნირის შინ ტელევიზორში ყურებას აპირებდა, მაგრამ წასვლა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ბერტი ფოგთსისგან ჩემპიონატის პერიოდში სექსის უფლება მიიღო.

და 16 წლის შემდეგ, ევრო 2012-ის წინ, ბასლერი ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისკენ ასე მოუწოდებდა: 

“მოუტანეთ გერმანიას ჯილდო ისევე, როგორც ეს ჩვენ 1996 წელს შევძელით - საღამოებით, ლუდითა და მარლბოროთი”.

იმხანად ბაიერნს ჰოლივუდს ეძახდნენ და მარიო ბრწყინვალედ მოერგო ამ კონცეფციას. მიუნხენურ კლუბში ბასლერი სულაც არ ჩაიკარგა თავზეხელაღებული ლოთარ მათეუსისა და ოლივერ კანის ფონზე. 1998 წლის 1 აპრილს გაზეთი Bild წერდა, რომ ბაიერნმა ბასლერის გასაკონტროლებლად სპეციალური დეტექტივი დაიქირავა. თავიდან ეს საპირველაპრილო ხუმრობადაც კი მიიღეს, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა კომენტარებიც.

“ის არაა დეტექტივი - კლუბის ჩვეულებრივი თანამშრომელია. ზოგჯერ საჭიროა, თვალ-ყური მივადევნოთ ფეხბურთელებს და ამაში უცნაური არაფერია”, - თქვა ული ჰიონესმა. მარიოც დაეთანხმა: “ეს არ იყო პრობლემა. როცა ვხედავდი, რომ ის ბიჭი ახლოს დაბორიალობდა, დასაძინებლად 11 საათზე ვწვებოდი”.

როდესაც მოვიდა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენის დრო, მარიოს მესამედ უწია მარკო როისის სინდრომმა - ნახევარმცველი ფეხის პრობლემის გამო საფრანგეთში ვერ გაემგზავრა.

ფეხბურთელი შემოდგომით მომჯობინდა და ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ, ბერტი ფოგთსის შემცვლელმა ერიხ რიბეკმა მიიწვია. მოგვიანებით კი ახალმა მწვრთნელმა ინანა: ზედ თამაშის წინა დღეს მთვრალი ბასლერი გასართობ დაწესებულებებში დაყიალობდა, სასტუმროში კი მხოლოდ დილის 6 საათზე დაბრუნდა. დარდიმანდი მარიოს საერთაშორისო კარიერაც აქ დასრულდა.

ოტმარ ჰიტცფელდი მას გენიოსს უწოდებდა, ფრანც ბეკენბაუერი - გამოუსწორებელს, ული ჰიონესი კი მიიჩნევდა, რომ მარიო კარგი ბიჭი იქამდეა, სანამ პაბში შევა

მარიო გრძნობდა თავდაჯერების კლებას, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მაინც ახერხებდა გაბრწყინებას. 1998/99 წლების ჩემპიონთა ლიგაში პლეი-ოფის ყველა სტადიაზე გაიტანა: ¼-ფინალში წერტილი დაუსვა კაიზერსლაუტერნს (4:0), ნახევარფინალის საპასუხო შეხვერაში გადამწყვეტი გოლი გაუტანა კიევის დინამოს (1:0), ფინალში კი საჯარიმოდან პეტერ შმეიხელს შორეული კუთხე გაუხვრიტა. შეიძლებოდა კამპ ნოუზე გამართული ის შეხვედრა საუკეთესო მოსაგონარი ყოფილიყო გერმანელისთვის, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა გამარჯვება ბოლო წამებზე მიითვისა (2:1).

სუპერმარიოსთვის ეს მატჩი შეიძლებოდა საუკეთესო მოსაგონარი ყოფილიყო.

მარიომ ბრაზი იმავე საღამოს ჩაახშო - უგონოდ დაითვრა და მაგიდაზე იცეკვა.

ორი კვირის თავზე ბაიერნი უკვე გერმანიის თასზე ვერდერთან, პენალტებით დამარცხდა, მარიომ კი ორი ყვითელი მიიღო. სეზონი ჩავარდა. ბაიერნი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ იყო, თუმცა მარიო ანაზღაურების ორჯერ გაზრდას ითხოვდა და კლუბიც არ ჩქარობდა - რაც არ უნდა ყოფილიყო, ფეხბურთელი უკვე 29 წლის იყო. სუპერმარიოს გაურკვევლობა სტანჯავდა, მაგრამ მაინც არ იკლებდა თავგადასვლებს.

1999 წლის აგვისტოში, დიტმარ ჰამანის დაბადების დღის შემდეგ, ბასლერი ღამის კლუბში დილის 4 საათამდე შემორჩა: “ჩიტები ჯერ კიდევ არ ჭიკჭიკებდნენ, როცა გარეთ გამოვედი”. ორი დღის შემდეგ ბაიერნს ბუნდესლიგაში მატჩი ჰქონდა და მოქეიფე 10 ათასი მარკით დააჯარიმეს.

კიდევ ორი თვის შემდეგ კი ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა აივსო.

მარიომ რესტორანში მოილხინა, სკამი მაგიდაზე შემოდგა და შეეცადა, ზედ შემდგარს თავზე ღვინის ბოთლი გაეჩერებინა.

ერთ-ერთ იქ მყოფთაგანს, რომელმაც ეს მარაზმი ფოტოზე აღბეჭდა, ბასლერმა ჩხუბი დაუწყო. ვითარება პოლიციამ განმუხტა, ბაიერნმა კი ვარსკლავი შუა სეზონიდან გაუშვა.

განდეგილი რეჰაგელის კაიზერსლაუტერნმა შეიფარა - ამ კლუბის სისტემაში მარიო 15-იდან 20 წლამდე გამოდიოდა. გუნდთან ერთად ბასლერი უეფას თასის ნახევარფინალსა და გერმანიის თასის ფინალამდე მივიდა, მაგრამ ასაკი უკვე აღარ აძლევდა საშუალებას, ერთნაირად წარმატებით ეთამაშა და ეგრიალა. 

კარიერის დასრულების შემდეგ მარიო ბასლერი დაბალი ლიგის გუნდებში მწვრთნელად მუშაობს და ამას თავის სტილში აკეთებს.

სუპერმარიო-მწვრთნელის მეთოდებს წარმატება ჯერჯერობით ვერ მოაქვს.

ერთხელ, დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, ბასლერმა შუაღამისას მთელი გუნდი გააღვიძა და აიძულა, 40 წუთის განმავლობაში სტადიონის გარშემო წრეზე ერბინა. ერთი ეგაა, რომ ასეთ მეთოდებს წარმატება ჯერჯერობით ვერ მოაქვს: სულ ახლახან სუპერმარიო მეხუთე დივიზიონის როთ-ვაისს ფრანკფურტმა დაითხოვა.

ოტმარ ჰიტცფელდი მას გენიოსს უწოდებდა, ფრანც ბეკენბაუერი - გამოუსწორებელს, ული ჰიონესი კი მიიჩნევდა, რომ მარიო კარგი ბიჭი იქამდეა, სანამ პაბში შევა. 

სუპერმარიო კაზინოში

“დღეში სამი ლიტრი ლუდის დალევასა და 10 წუთში კოლოფის მოწევას, ერჩივნა მწვრთნელისთვის დაეჯერებინა. ბასლერმა ბოძებული ნიჭიდან ძალიან ცოტა გამოიყენა” - დარწმუნებულია რუდი ფიოლერი.მარიო კი საკითხს სხვა მხრიდან უყურებს: “მაყურებელს ხომ შოუ უყვარს და მეც მოედანზე მხიარულება შემქონდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები