Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
  • ბუნდესგუნდის ბანაკში უდიდესი იმედგაცრუება და ისევ სამარისებული სიჩუმეა

სამხრეთ კორეასთან ისტორიული მარცხისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სავალდებულო პრესკონფერენცია გამართა, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით (იხილეთ სტატია), მას შემდეგ კი, გერმანელთა ბანაკიდან ხმა ჯერჯერობით აღარავის ამოუღია.

პრესკონფერენციაზე ლიოვმა თქვა, რომ გამოძინება და რამდენიმე საათი სჭირდებოდა იმისთვის, რომ მომხდარი ცივი გონებით გაანალიზოს. 58 წლის ბუნდესმწვრთნელმა არ გამორიცხა, რომ მიუხედავად 2022 წლამდე გახანგრძლივებული კონტრაქტისა, ახლავე გადადგეს.

გერმანელმა ჟურნალისტებმა კომენტარები ვეღარ აიღეს და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ გერმანიის ნაკრების ავტობუსს ფოტოები გადაუღეს. ფოტოებზე ხედავთ, რომ ლიოვი ტრადიციულად პირველ რიგში, ასისტენტ თომას შნაიდერთან ერთად ზის. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ლიოვს აბსოლუტურად ცარიელი მზერა ჰქონდა და სახეზე უდიდესი იმედგაცრუება ეწერა.

ასევე პირველ რიგში, მძღოლის უკან ისხდნენ გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი და მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე. ჟურნალისტებისთვის მათაც არაფერი უთქვამთ.

ყაზანის კატასტროფა - ასე შეაფასა გერმანულმა ტაბლოიდმა “ბილდმა” მომხდარი.

ავტობუსმა ბუნდესგუნდი აეროპორტში მიიყვანა, საიდანაც გერმანელები მოსკოვში გაფრინდნენ. ვატუტინკის ბაკანში გერმანიამ კიდევ მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. დღეს, მსოფლიოს ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონები, გერმანიაში დაბრუნდებიან. მათი თვითფრინავი ფრანკფურტის აეროპორტში ადგილობრივი დროით 14:25-ზე დაეშვება.

გერმანელები ოცნებობდნენ, რომ ეს რეისი 16 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მეორე დღეს შესრულდებოდა...

კომენტარები

ბოლო ამბები