Thumbnail
  • სამხრეთ კორეასთან მარცხის შემდეგ მესუთ იოზილი ფანებს დაუპირისპირდა
  • ქომაგებს და ფეხბურთელს შორის კიოპკე ჩადგა
  • რა მოხდა სამხრეთ კორეასთან მარცხის შემდეგ?

გერმანიის ნაკრებს პირველივე მატჩში ეტყობოდა, რომ ეს “ის” გერმანიის ნაკრები არ იყო. პირველივე მატჩიდან მოყოლებული, გერმანელი ექსპერტები და ბუნდესგუნდის გულშემატკივრები პირველ რიგში მესუთ იოზილს აკრიტიკებდნენ. თურქული წარმოშობის მქონე 29 წლის გამთამაშებელი თვით ლოთარ მათეუსმაც კი გალანძღა.

მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებში ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა

თუმცა, იოზილი საფეხბურთო გერმანიაში შედარებით ადრე, მუნდიალის დაწყებამდე აითვალწუნეს - მას მერე, რაც მან და ილქაი გიუნდოგანმა თურქეთის პრემიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტოები გადაიღეს, ამ უკანასკნელმა კი ეს ამბავი პოლიტიკურად გამოიყენა.

ახლა კი, სამხრეთ კორეასთან მოულოდნელი და აბსურდული მარცხის შემდეგ, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, იოზილის სკანდალმა ალბათ მაინც მოსალოდნელ პიკს მიაღწია - მესუთი გერმანიის ნაკრების ქომაგებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც ირკვევა, ფანებმა იოზილს შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს...

ბილდის ჰედლაინი დღეს
ფოტო: BILD.DE

ყველაფერი უმტკივნეულოდ დაიწყო: ისინი, ვინც ამ ფაქტს შეესწრო, ყვებიან, რომ იოზილმა ტრიბუნისკენ თავისი მაისურა ისროლა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მერე, როცა გასახდელში შესვლას აპირებდა, მოულოდნელად შემოტრიალდა და ფანებს ჟესტებით რაღაცებს ანიშნებდა და უყვიროდა. ფანებმაც მისკენ გაიწიეს, არც იოზილი დანებდა - საბოლოოდ, მასსა და გულშემატკივრებს შორის მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე და გერმანიის ნაკრების დაცვის თანამშრომელი ბიორნ ბორგმანი ჩადგნენ.

როგორც ირკვევა, ფანებმა იოზილს შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს - რა უთხრეს ზუსტად, ეს ჯერ ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ მესუთს გერმანიის ნაკრების ქომაგებმა ჯერ კიდევ ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ამხანაგური მატჩების დროს უსტვინეს.

ახლა კი ვერბალური დაპირისპირება ფანებთან და, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებს დატოვებს...

კომენტარები

ბოლო ამბები