Thumbnail
  • სერბეთი 0:2 ბრაზილია
  • 0:1 პაულინიო (36'), 0:2 სილვა (68')
  • E ჯგუფში პირველი ადგილი ბრაზილიამ დაიკავა, მეორე - შვეიცარიამ

მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა E ჯგუფის დასკვნით მატჩში სერბეთი დაამარცხა და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდა, სადაც მექსიკას დაუპირისპირდება. პლეი ოფში თამაშის შანსი სერბებსაც ჰქონდათ, მაგრამ სამხრეთამერიკელთა წინააღმდეგ მხოლოდ მონდომებითა და ფიზიკური მონაცემებით ვერაფერი გააწყეს. კლასმა თავისი გაიტანა.

მოსკოვში შეხვედრა ბრაზილიელებისთვის არცთუ კარგად დაიწყო. უკვე მე-10 წუთზე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო მარსელომ, მის ნაცვლად მოედანზე კი ფილიპე ლუისი გამოვიდა. მიუხედავად ამისა, თამაში ბრაზილიელთა უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით კი აქტიურობდნენ ნეიმარი და ფილიპე კოუტინიო, რომლებიც მოედანზე არც შოუს დადგმას ერიდებოდნენ.

ანგარიშის გახსნასთან ძალზე ახლოს პსჟ-ის ფორვარდი 25-ე წუთისთვის იყო, მაგრამ სერბთა მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩმა ბურთზე რეაგირება მოასწრო.

 გოლი ბრაზილიელებმა მოგვიანებით მაინც გაიტანეს. კოუტინიომ თანაგუნდელი პაულინიო ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

0:1 პაულინიო (36')

ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე ნეიმარი კიდევ ერთხელ დაემუქრა სერბების კარს, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთმა მცირე მანძილით გადაუფრინა ხარიხას.

შესვენების შემდეგ სერბები გააქტიურდნენ და ალისონის კართან მწვავე იერიშიც რამდენჯერმე მიიტანეს, თუმცა გოლი ისევ მათ კარში გავიდა. ნეიმარმა კუთხურიდან ახლო ძელთან ჩაკიდა, ტიაგო სილვა მატიჩს დაუძვრა და ბურთი კარში თავით გაგზავნა.

0:2 სილვა (68')

მლადენ კრსტაიჩის გუნდი გაიწირა. დარჩენილ დროში კი ანგარიშის გაზრდის შანსი ჯერ ფილიპე ლუისს, შემდეგ კი ნეიმარს რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე - შვეიცარიამ, რომელსაც პლეი ოფში გასასვლელად კოსტა რიკასთან ფრეც ეყო. მესამე ადგილს დასჯერდა სერბეთი.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

პაულინიო სერიოზული წნეხის ქვეშ იყო, მაგრამ ტიტემ ძირითადში ანდო ადგილი და ამან შედეგი მოიტანა. ნახევარმცველმა შეძლო იმის ჩვენება, რასაც მისგან მწვრთნელი ითხოვს. დღეს ტიტეს შეუძლია იამაყოს კოუტინიოსა და პაულინიოს კომბინაციით. 

რაც შეეხება თამაშს, ბრაზილიელები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ სიტუაციას, თუმცა მომენტების შექმნის საშუალებას სერბებსაც აძლევდნენ. კრსტაიჩის გუნდმა მეორე ტაიმში გაიბრძოლა და როდესაც ყველაზე ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, ბრაზილიელებმა მეორედაც გაიტანეს. სერბეთის ნაკრების ბედი მუნდიალზე, შეიძლება ითქვას, აქ გადაწყდა.

► ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეცამეტედ დაძლია. სერია 1970 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა.

► ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 18 შეხვედრაში ნეიმარმა მონაწილეობა 19 გოლში (10 გოლი, 9 პასი) მიიღო!

► ტიაგო სილვას ნაკრებში უკვე 6 გოლი მოუგროვდა, ოთხ შემთხვევაში საგოლე გადაცემა ნეიმარმა გააკეთა.

► ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების მიერ გატანილი ბოლო 4 გოლიდან სამში (2 გოლი, 1 პასი) უშუალო მონაწილეობა მიიღო.

► ნეიმარმა სერბეთთან მატჩი 9 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. 2018 წლის მსოფლიოზე ეს ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია.

► ტიტეს ხელმძღვანელობით ჩატარებულ 24 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა ბრაზილიელებმა 17-ჯერ მოახერხეს.

მატჩის გმირი: ფილიპე კოუტინიო

ჩრდილში მყოფი ნამდვილი ლიდერი. სერბეთთან შეხვედრაში მან გამოძერწა პირველი გოლი, როდესაც მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი პასი გაუკეთა პოულინიოს. სანამ შეცვლიდნენ, მე-80 წუთამდე, ძალიან აქტიური იყო. რაც ყველაზე თვალში საცემია, კოუტინიო არამხოლოდ “სუფთა ბურთისთვის” იბრძვის (როგორც ნეიმარი), ორთაბრძოლებშიც თამამად ერთვება და ამას საკმაოდ წარმატებითაც აკეთებს - სერბების წინააღმდეგ ორი ართმევა ჰქონდა. 

საერთოდაც, კოუტინიო ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც შედეგიანი ქმედებიტ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გამოირჩა. შვეიცარიასა და კოსტა რიკასთან გაიტანა, დღეს კი საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის იმედგაცრუება: ადემ ლიაიჩი

სერბთა 26 წლის თავდამსხმელი ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა და შესაბამისად, ვერც თავისი გუნდის იერიშებს სძენდა სიმწვავეს. ესეც რომ არა, მან ორთაბრძოლების 30%-იც ვერ მოიგო და მწვრთნელისგან 75-ე წუთზე შეცვლა დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლო ამბები