Thumbnail
  • აკადემიის გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე და სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ

26 ივნისს თენგიზ სულაქველიძის განახლებული აკადემია გაიხსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ჩატარდა. 

გაწეული სამუშაოების შედეგად, თენგიზ სულაქველიძის აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი აქვს. 

აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აკადემიის ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე, მიწვეული სტუმრები და აკადემიის ფეხბურთელები დაესწრნენ. 

ლევან კობიაშვილმა მომავალ ფეხბურთელებს აკადემიის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ აკადემიის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით განხორციელებული წინსვლაა. 

ქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შემდეგი განაცხადა: 

“მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შეემატა ქართულ ფეხბურთს. ჩვენ დავიწყეთ სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მინდა, რომ ამ ინიციატივაში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის და ჩვენ, ქალაქის მერია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას“ 

ამ ეტაპზე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს. აკადემიას ფეხბურთის ფედერაციისაგან საჩუქრად ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა.

კომენტარები

ბოლო ამბები