Thumbnail
  • 27 ივნისი / მოსკოვი / 18:00 / სერბეთი V ბრაზილია
  • 27 ივნისი / ნიჟნი ნოვგოროდი / 18:00 / შვეიცარია V კოსტა რიკა

ჯგუფიდან გასვლის შანსს სამი ნაკრები ინარჩუნებს, მათ შორის ბრაზილიის ნაკრები, რომელიც სერბეთს დაუპირისპირდება. ბრაზილიას ფრეც აწყობს შემდეგ წრეში გასასვლელად, თუმცა ეს შედეგი შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს სერბეთისთვის.

1930 წლის მუნდიალის პოსტერი

ამ ნაკრებთათვის მუნდიალი კი სწორედ ერთმანეთთან თამაშით იწყებოდა - 1930 წელს, სულ პირველ მუნდიალზე, მაშინდელმა იუგოსლავიამ 2:1 დაამარცხა ბრაზილია და, როგორც მერე აღმოჩნდა, ჯგუფში ჩატოვა.

სერბეთში ახლაც სჯერთ, რომ ბრაზილიას ჯგუფში ჩატოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ სლავებს 1930 წლის შემდეგ მუნდიალზე ბრაზილია ვეღარ დაუმარცხებიათ.ამ ჯგუფში უშანსოდ მარტო კოსტა რიკის ნაკრებია - 2014 წლის მუნდიალის მთავარი მოულოდნელობა. მათ ამ მუნდიალზეც გაიბრძოლეს, გვარიანად ანერვიულეს ბრაზილია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

სერბეთისა და ბრაზილიის მატჩში მარცხი კატასტროფის ტოლფასი იქნება - სერბები აუცილებლად ჯგუფში ჩარჩებიან, ბრაზილიელები 99%-ით. ფრე ბრაზილიას მერვედფინალში გაიყვანს, სერბეთი კი მეორე მატჩზე იქნება დამოკიდებული და დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩება. ბრაზილიას ფრეზე თამაში არ ჩვევია და ამას არც სერბეთთან დაპირისპირებაში გააკეთებს. გუნდმა მთავარი შიში წინა ტურში გამოიარა, როცა 90 წუთი ისე გაილია, რომ გოლი ვერ გაუტანა სუსტ კოსტა რიკას, თუმცა შემდეგ კოუტინიომ და ნეიმარმა ორი გოლი გაიტანეს. სერბეთი კი შვეიცარიასთან მატჩში იგებდა, მაგრამ 90-ე წუთზე შაკირის გოლი მიიღო და დამარცხდა.

ტიტეს ორი წამყვანი მოთამაშე აკლია - დუგლას კოშტას ტრავმა სერიოზულია, მას სასტარტოში ვილიანი ცვლის. ტრავმირებულია მარჯვენა მცველი დანილოც, ასე რომ, შემადგენლობაში ისევ ფაგნერი ითამაშებს. ნახევარდაცვაში რენატო აუგუსტო და ფერნანდინიოც ელიან შანსს, თუმცა სასტარტოში ჯერ მათთვის ადგილი ვერ გამოინახა.

ნეიმარის ფაქტორი და კოუტინიოს შანსი

ფილიპე კოუტინიოს პირველ ორ მატჩში აქვს გატანილი

26 წლის ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 56 გოლი აქვს გატანილი, მეტი მხოლოდ პელეს (77) და რონალდოს (62) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ იმ 27 მატჩში, რომლებშიც ნეიმარმა გოლით გამოიჩინა თავი, ბრაზილიის ნაკრები აუცილებლად გამარჯვებული გამოვიდა.

რივალდოსა და რონალდოს შემდეგ არც ერთ ბრაზილიელს არ გაუტანია მუნდიალის სამივე ჯგფურ მატჩში, ახლა ამის შანსი ფილიპე კოუტინიოს აქვს.

შვეიცარიასთან თამაში ფილიპ კოსტიჩმა ჩააგდო. მწვრთნელი სავარაუდოდ, მის ნაცვლად ლიაიჩს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში. სხვა მხრივ, სერბთა ბანაკში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

თუ იუგოსლავიასაც ჩავთვლით, სერბეთი ბრაზილიას მუნდიალის ფინალურ ტურნირებზე 4-ჯერ შეხვდა. 1930 წელს სლავებმა მოიგეს, 1950 წელს - ბრაზილიამ, 1954 და 1974 წლებში კი ფრე დაფიქსირდა.

სულ სხვა შვეიცარია

შვეიცარიას შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც აქვს, მაგრამ, არა გვგონია, პეტკოვიჩის გუნდმა ასე გარისკოს. ფრე მერვედინალის გარანტიაა, კოსტა რიკის გუნდთან, რომელიც უმოტივაციოა და ჯერ მუნდიალზე გოლიც ვერ გაუტანია, ეს არ უნდა იყოს რთული მისაღწევი ამოცანა.

ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ ეთამაშებიან, თუმცა წინა ორი დაპირისპირება მხოლოდ ამხანაგური იყო. გუნდებს თითო მოგება აქვთ, არცერთ თამაშში გასულა 2.5 გოლზე მეტი. შვეიცარიის ნაკრები პირველი გუნდია ამ მუნდიალზე, რომელმაც მოახერხა გამარჯვება მას მერე, რაც პირველი გოლი გაუშვა.

ჯერდან შაჩირი (შვეიცარია): "შვეიცარიის ნაკრები ძალიან გაიზარდა, რამდენიმე წლის წინათ ასეთი მძიმე სიტუაციიდან, როგორშიც სებრეთთან მატჩში აღმოვჩნდით, გამოსავალს ვერ ვიპოვიდით, ახლა კი სულ სხვა ნაკრები ვართ".

საინტერესო ფაქტები

► ბრაზილიის ნაკრები 13 თამაშია, რაც დაუმარცხებელია (9 მოგება, 4 ფრე). გუნდმა ბოლო 23 თამაშში მხოლოდ ერთხელ წააგო.

► ბრაზილიის ნაკრებმა მატჩში 2 გოლი ბოლოს 2016 წლის მარტში გაუშვა.

► ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლი 14 თამაშის წინ გაუშვა.

► სერბეთმა პირველი ტაიმი ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ დათმო.

► სერბეთის ნაკრებმა ბოლო 6 თამაშიდან 3 მოიგო და 3 წააგო.

► სერბეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო და 2 მოიგო.


► თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო 24 თამაშში ერთხელ წააგო (17 მოგება, 6 ფრე).

► მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) შვეიცარიამ ბოლო 16 თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმო.

► კოსტა რიკის ნაკრებს ბოლო 10 თამაშში ერთი ფრეც არ უთამაშია (2 მოგება, 8 წაგება).

► კოსტა რიკის ნაკრებმა ბოლო სამი თამაში წააგო.

სერბეთი-ბრაზილია

სავარაუდო შემადგენლობები

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილოვოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, ჟეზუში, ნეიმარი

მსაჯი: ა. ფაღანი (ირანი)

შვეიცარია-კოსტა რიკა

სავარაუდო შემადგენლობები

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაკირი, ჯემაილი, ცუბერი - გავრანოვიჩი

კოსტა რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ვენეგასი - ურენია

მსაჯი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები