Thumbnail
  • ეს არ იყო რონალდოს საღამო - თუ პირიქით?
  • ირანის მწვრთნელის აზრით, კრიშტიანო უნდა გაეძევებინათ
  • კარლუშ კეირუში რონალდოს წვრთნიდა და მას კარგად იცნობს

როცა კრიშტიანო რონალდო მოედანს უგოლოდ ტოვებს და, თანაც, პენალტი აქვს გაფუჭებული, ლოგიკურად, ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს. ირანთან მატჩის 83-ე წუთზე რონალდომ მსაჯს გაუღიმა, მაგრამ ეს შვებით გამოწვეული ღიმილი იყო - ყვითელი ბარათი? მე? რისთვის?..

რონალდომ ირანელ ფეხბურთელს საკმაოდ ჭკვიანურად ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა ენრიკე კასერესმა პორტუგალიელთა სუპერვარსკვლავი მოედნიდან არ გააძევა. ამის გამო ირანელები განრისხებულები არიან. მათი მწვრთნელი კარლუშ კეირუში, რომელიც თვითონაც პორტუგალიელია და რონალდოსაც კარგად იცნობს, მატჩის შემდეგ რადიკალური კომენტარებით გამოირჩა.

“თუ რონალდომ ჩემს ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა, ეს ერთმნიშვნელოვნად წითელი ბარათია. მსოფლიოს ჩემპიონატზე თანამედროვე ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ათასობით დოლარი ღირს და ვერ ვხედავთ, როგორ ჩაარტყა რონალდომ ჩემს ფეხბურთელს იდაყვი? ეს ყვითელი ბარათია? სერიოზულად? ეჰ, კარგით ერთი, თავი დამანებეთ…” - განაცხადა მატჩის შემდეგ კეირუშმა.

ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ამ კომენტარით როდი შემოიფარგლა: “ალბათ, უბრალოდ, რონალდოს ვერ გაუბედეს. არც მესის გაუბედავდნენ. როგორ შეიძლება, რომ ხუთმა მსაჯმა ეს ვერ დაინახოს? რით განსხვავდება რონალდოს იდაყვი სხვების იდაყვებისგან? - ყვიროდა კეირუში, - მე უნდა ვიცოდე, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ მართავს მატჩს. ყველაფერი ყველასათვის გასაგები უნდა იყოს. მინდა ვიცოდე, გავხდები თუ არა ბაბუა და არა ის, რომ ჩემი ქალიშვილი ცოტათი ფეხმძიმედაა!..”

“20 წელი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ფეხბურთში ვიდე-რეფერის ტექნოლოგია დანერგილიყო. როგორც იქნა, ეს მოხდა და ახლა სახლში გაბრაზებული ვბრუნდები. პორტუგალიას წარმატებებს ვუსურვებ. მსოფლიოს ჩემპიონები თუ გახდებიან, გამიხარდება.” - ასე დაასრულა კეირუშმა თავისი ხმაურიანი გამოსვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები