Thumbnail
  • პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა თანაგუნდელები გააკრიტიკა
  • რობერტ ლევანდოვსკი ყველაფერს სხვებს აბრალებს

პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. რობერტ ლევანდოვსკი და კომპანია ჯერ სენეგალთან დამარცხდნენ (1:2), მერე კოლუმბიასთან განადგურდნენ (0:3) და ბოლო ტურის წინ უშანსოდ არიან - პოლონელები ჯგუფში ჩარჩნენ. 

გუნდი პირველ რიგში სწორედ ლევანდოვსკის იმედად იყო, რომელმაც ორივე მატჩი ჩააგდო. კოლუმბიასთან შეხვედრაში 29 წლის გოლეადორმა ვერაფერი გააწყო - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მუნდიალს უგოლოდ ემშვიდობება. თავად ლევანდოვსკის რომ ჰკითხოთ, ეს სხვა ფეხბურთელების ბრალია…

არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ბურთს მოიპოვებს, 5 მეტოქეს მოატყუებს, მეკარესაც გასცდება და გოლს გაიტანს. არაფრისგან გოლების გატანა მე არ შემიძლია!

“ამ მუნდიალზე ბევრი რამ არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მარტო ვიყავი! ვიბრძოლე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო! იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გახვიდე, ხარისხია საჭირო, ჩვენ კი უხარისხო გუნდი გვყავს. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ბურთს მოიპოვებს, 5 მეტოქეს მოატყუებს, მეკარესაც გასცდება და გოლს გაიტანს. არაფრისგან გოლების გატანა მე არ შემიძლია!” - განაცხადა ლევანდოვსკიმ და ამ კომენტარით თანაგუნდელები გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელი ფორვარდი ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზეა. ცნობილია, რომ მას ბაიერნიდან წასვლა უნდა და მიუხენური გრანდის ხელმძღვანელებთან ამის გამო კონფლიქტი აქვს. ლევანდოვსკის მიზანი მუნდიალზე თავის გამოჩენა და მერე მადრიდის რეალთანს სარფიანი კონტრაქტის გაფორმება იყო.

“საგოლე მომენტები არ მქონია! საკუთარ თავზე იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, თუ რეალური მომენტები შემექმნებოდ და მათ ვერ გამოვიყენებდი. მე ცენტრფორვარდი ვარ, რომელსაც პასები სჭირდება!” - დასძინა რობერტმა.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ლევანდოვსკიმ ბაიერნის თანაგუნდელებიც გააკრიტიკა. რეკორდმაისტერთან მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები