Thumbnail
  • ირანი 1:1 პორტუგალია
  • 0:1 კვარეშმა (45'), 1:1 ანსარიფარდი (90+3')
  • გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (53')

B ჯგუფში, პლეი ოფში გასვლის შანსის მქონე გუნდების დაპირისპირებას სარანსკმა უმასპინძლა. "მორდოვია არენაზე" შეხვედრა პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა, ირანელთა კარს პირველმა კი კრიშტიანო რონალდომ შეუტია.

მართალია, ფერნანდუ სანტუშის გუნდი ფლობდა ბურთს, მაგრამ ტერიტორიულ უპირატესობას სახიფათო მომენტებად ვერ აქცევდა. ირანელი მცველები კი წარმატებით ახერხებდნენ ტურნირის ბომბარდირობისთვის მებრძოლი კრიშტიანოს შეჩერებას. ერთი ეგ იყო, ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ ირანელთა მეკარე და მცველები და ერთ ეპიზოში საქმე გაწევ-გამოწევამდეც მივიდა. 

პორტუგალიის ნაკრებმა გატანა ტაიმის მიწურულს მოახერხა. ადრიენ სილვასთან გათამაშებული "კედლის" შემდეგ, რიკარდო კვარეშმამ ბრწყინვალედ ჩაახვია ბეირანვანდის კარში.

0:1 კვარეშმა (45')

მეორე ტაიმში ირანელებმა კრიშტიანო რონალდო საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს. არბიტრმა დახმარებისთვის ვიდეოასისტენტს მიმართა და 11-მეტრიანი დანიშნა. ბურთთან პორტუგალიელი კაპიტანი იმ იმედით მივიდა, რომ ტურნირზე მეხუთე გოლს გაიტანდა და ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს დაეწეოდა, მაგრამ... ირანელთა მეკარმე კრიშტიანოს დარტყმა აუღო.

კარლუშ კეირუშის გუნდი უშანსოდ არ ყოფილა. გატანა კი მოედანზე რამდენიმე წუთის შემოსულ სამან გოდოსს ჰქონდა.

აი, კრიშტიანო კი დარჩენილ დროში იმით გამოირჩა, რომ მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო, გაძევებას გადაურჩა. არბიტრმა მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა.

მატჩის კომპენსირებულ დროში პარაგვაელი არბიტრი ენრიკე ვალიაფანტე და ვიდეოასისტენტი კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში - სედრიკს ბურთი ხელზე მოხვდა და პორტუგალიის ნაკრების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ქარიმ ანსარიფარდმა ზუსტად დაარტყა.

1:1 ანსარიფარდი (90+3') 

ირანის ნაკრებს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა. პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა. პირველზე ესპანეთი გავიდა, რომელმაც მაროკოსთან ფრედ 2:2 ითამაშა. 1/8-ფინალში პორტუგალიის მეტოქე A ჯგუფის გამარჯვებული ურუგვაის ნაკრები იქნება.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ფერნანდუ სანტუშის გუნდი ირანთან სათამაშოდ ლამის პლეი ოფში გასული გუნდის სტატუსით გავიდა, რადგან მიზნის მისაღწევად ფრეც აძლევდა ხელს, გამარჯვების შემთხვევაში კი ჯგუფში პირველობის შანსსაც ფლობდა.

პორტუგალიელები კვარეჟმას გოლით იგებდნენ და ლოგიკურ გამარჯვებამდეც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე მათ კარში დანიშნულმა პენალტმა სხვა დასასრული გამოწვია. ფრეს ვინ ჩივის, ირანს მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

ირანმა კი მოედანზე ყველაფერი დადო და ამ მუნდიალზე თუ რომელიმე ნაკრებზე ითქმის, სასიამოვნოდ გაგვაოცაო, ასეთი პირველ რიგში კარლუშ კეირუშის გუნდია. ირანელებმა სამივე თამაშში ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით ესპანელებთან დამარცხდნენ. ირანს შეუძლია ტურნირს თავაწეული დაემშვიდობოს - ნაკრები, რომელსაც ჯგუფში 0 ქულას უწინასწარმეტყველებდნენ, შინ 4-ით ბრუნდება.

და კიდევ, ამ თამაშში არბიტრი სადაო ეპიზოდებში ხშირად მიმართავდა VAR-ს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. ვიდეოასისტენტის გამოყენებას ორ შემთხვევაში სამართლიანი პენალტი მოყვა, ერთხელ კი - კრიშტიანო რონალდოს ყვითელი ბარათით დასჯა.

► პორტუგალიის ნაკრებმა თავის ისტორიაში მეოთხედ მოახერხა მუნდიალის პლეი ოფში გასვლა. მანამდე ეს 1966, 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოახერხა.

► რიკარდო კვარეშმა პორტუგალიის ნაკრებში ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელია, ვისაც მუნდიალზე გაუტანია. ირანთან მატჩში ის 34 წლისა და 272 დღის თამაშობდა.

► კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრების მაისურით შესრულებული 13 პენალტიდან მეექვსე ვერ გაიტანა.

► ირანი-პორტუგალიის მატჩში დანიშნული ორი 11-მეტრიანის შემდეგ, ტურნირზე პენალტების რაოდენობამ 20-ს მიაღწია, რაც სარეკორდოა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.  

► პორტუგალიასთან მატჩის 93-ე წუთამდე ირანელებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე პენალტი არასდროს შეუსრულებიათ. და აი, პირველივე შანსი გოლად აქციეს.

მატჩის გმირი: რიკარდო კვარეშმა

კვარეშმა იყო პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშე, რომელიც მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა. მის აქტიურობას ზოგჯერ აგრესიული ელფერიც დაკრავდა (ყვითელი ბარათი მიიღო), მაგრამ ამ თამაშის შემდეგ ის დაამახსოვრდებათ როგორც ულამაზესი გოლის ავტორი და არა - უხეშად მოთამაშე. 

მატჩის იმედგაცრუება: კრიშტიანო რონალდო

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ვერ გაიტანა პენალტი, რომელიც მის გუნდს ირანთან გაამარჯვებინებდა, ჯგუფში პირველ ადგილს მოუტანდა, თავად ფეხბურთელს კი გოლების რაოდენობით მუნდიალის ბომბარდირთა დავაში ლიდერ ჰარი კეინს გაუთანაბრებდა. არ კმარა? გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ კრიშტიანო მეტოქეს არასპორტულად  გაუსწორდა და არბიტრს რომ ცოტა მეტი სიმკაცრე გამოეჩინა, გააძევებდა კიდეც.

კომენტარები

ბოლო ამბები