Thumbnail
  • საუდის არაბეთი 2:1 ეგვიპტე
  • 0:1 სალაჰი (22'), 1:1 ალ-ფარიჯი (45+6'), 2:1 ალ-დოსერი (90+5')
  • ეგვიპტის ნაკრების 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარი ჯერ ისტორიაში შევიდა
  • მოჰამედ სალაჰი მუნდიალს ორი გოლით დაემშვიდობა

A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც მუნდიალის პლეი ოფში გასვლის შანსს მოკლებული საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, 46 000-იან "ვოლგოგრად არენაზე" ადგილების მეოთხედიც ვერ შეივსო. შეხვედრის მთავარი ინტრიგა ის იყო, როგორ განაწილდებოდა ჯგუფში ბოლო და ბოლოსწინა ადგილები და ამ ორიდან, რომელი ნაკრები დატოვებდა მუნდიალს ქულებით და გოლებით. თამაში საყოველთაო ყურადღების ობიექტი კი იმ ფაქტის გამო გახდა, რომ ეგვიპტელთა სამმატჩო განაცხადში გუნდის 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარი მოხვდა.

ელ-ჰადარიმ ითამაშა და დაამყარა კიდეც რეკორდი - გახდა ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოდესმე უთამაშია. ეგვიპტელი მეკარე მატჩის დღეს 45 წლისა და 31 დღის იყო, მანამდე მუნდიალების ისტორიაში “უხუცესი” ფეხბურთელის სტატუსი კი კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წლის ჩემპიონატზე იაპონიასთან 43 წლისა და 3 დღისამ ითამაშა. 

ელ-ჰადარი ამ მატჩში გამორჩეული მხოლოდ ასაკის გამო არ ყოფილა, ასაკოვანმა მეკარემ 11-მეტრიანიც მოიგერია. ამაზე კი ქვემოთ... 

პრაქტიკულად უმოტივაციო მატჩი საუდელთა მცირე სათამაშო უპირატესობით დაიწყო, რომლებიც თავიდან თითქოს კარგად ახერხებდნენ ეგვიპტელთა მთავარი ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის შეჩერებას, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი 20 წუთის განმავლობაში მოახერხეს. ლივერპულის ბომბარდირმა მუნდიალზე თავისი მეორე გოლი ორი მცველის გარემოცვაში მყოფმა, წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდებით გაიტანა. ამ ეპიზოში აშკარად ცუდად ითამაშა იასერ ალ-მოსაილემმა.

0:1 სალაჰი (22’)

საუდის არაბეთის ნაკრები აირია, მოს კი დუბლის შესრულება სწრაფადვე შეეძლო, როდესაც თანაგუნდელის გამჭოლი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა. სალაჰმა ამჯერადაც ეფექტური გოლის გატანა მოინდომა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ექტორ რაულ კუპერის გუნდს მომენტები არც ამის შემდეგ მოკლებია, მაგრამ ეგვიპტელმა ტრეზეგემ მიზანი ორჯერ ვერ გაასწორა. 

პირველი რეალური მომენტი ეგვიპტის კართან 36-ე წუთზე შეიქმნა, მაგრამ სალმან ალ-ფარიჯის ძლიერ დარტყმას გადაეღობნენ, ტაიმის მიწურულს კი მოხდა ის ფაქტი, ზემოთ რომ ვახსენეთ. 39-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მყოფ აჰმედ ფათჰის ბურთი ხელზე მოხვდა და არბიტრმა 11-მეტრიანისკენ მიანიშნა. 23 წლის ფაჰიდ ალ-მუვალადმა მამისტოლა მეკარეს პენალტი ვერ გაუტანა, ელ-ჰადარი კი თანაგუნდელებმა გულში ჩაიკრეს...

მაგრამ ტაიმის კომპენსირებულ დროში ეგვიპტის კარში პენალტი მეორედაც დაინიშნა. ალი გაბრიმ წინა ეპიზოდის ანტიგმირი ალ-მუვალადი წააქცია, ვიდეოასისტენტის გამოყენების შემდეგ კი კოლუმბიელმა არბიტრმა ვილმარ პერესმა წესების დარღვევა დაადგინა. ნიშნულიდან დარტყმა უკვე სალმან ალ-ფარიჯმა ითავა და რეკორდსმენ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

1:1 ალ-ფარიჯი (45+6')

მერე ტაიმი საუდის არაბეთის ნაკრების სათამაშო უპირატესობით წარიმართა, სალაჰი და კომპანია კი საინტერესოს ვერაფერს ქმნიდნენ, თუ არ ჩავთვლით ტრეზეგეს მორიგ განიავებულ შანსს. 

ეგვიპტელებმა ტემპს ბოლო 20 წუთში მოუმატეს, სახიფათო ეპიზოდებს კი ძირითადად სალაჰის ოსტატობის ხარჯზე ქმნიდნენ, მაგრამ ამაოდ.

გატანას ცდილობდნენ არაბებიც, მიზანს კი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე, სალემ ალ-დოსერის გოლით მიაღწიეს.

2:1 ალ-დოსერი (90+5)

საბოლოოდ საუდის არაბეთმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა ეგვიპტემ კი - ბოლო. მუნდიალზე გამოსვლა 2 გოლით დაასრულა მოჰამედ სალაჰმა.

ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ურუგვაიმ რუსეთს 3:0 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა.

საინტერესო ფაქტები

► საუდის არაბეთი-ეგვიპტის მატჩში დანიშნული ორი 11-მეტრიანის შემდეგ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატებზე პენალტების რაოდენობის რეკორდი გამეორდა - 18! ამდენივე პენალტი იყო 1990, 1998 და 2002 წლების მუნდიალებზე.

► სალმან ალ-ფარიჯმა პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით, მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუდის არაბეთის უგოლო 411-წუთიანი სერია დაასრულა.

► საუდის არაბეთმა ეგვიპტესთან მოგებით მუნდიალებზე წაგებათა 12-მატჩანი სერია დაასრულა. ხუან პიცის გუნდს სამშობლოში ზარ-ზეიმით დახვდებიან.

მატჩის გმირი: სალემ ალ-დოსარი

გმირობასთან ძალიან ახლოს იყო მუნდიალის რეკორდსმენი, 45 წლის ეგვიპტელი მეკარე ესამ ელ-ჰადარიც, მაგრამ საუდის არაბეთის 26 წლის ნახევარმცველმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს 2018 წლის მუნდიალზე პირველი და ბოლო გამარჯვება მოაპოვებინა. სწორედ სალემის შედეგიანი დარტყმის წყალობით, საუდის არაბეთის ნაკრებმა A ჯგუფის ბოლო ადგილს თავი დააღწია. 

მატჩის იმედგაცრუება: მაჰმუდ ჰასან ტრეზეგე

ეგვიპტელ ნახევარმცველს გატანის კარგი შანსი ამ მატჩში სამჯერ მაინც ჰქონდა, მაგრამ ვერცერთხელ გაასწორა მიზანი. ექტორ კუპერმა ის 81-ე წუთზე შეცვალა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები