Thumbnail
  • სალაჰი უკმაყოფილოა იმით, რომ მის სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
  • ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ნაკრების დატოვების ვარიანტს განიხილავს

ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების დატოვების ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ისეთი ავტორიტეტული გამოცემები ავრცელებენ, როგორიც CNN და ESPN-ია. მოჰამედ სალაჰთან დაახლოებული პირი ორივე გამოცემას ესაუბრა და განუცხადა, რომ ლივერპულის შემტევი, უკმაყოფილოა იმით, რომ მის სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და სანაკრებო კარიერის დასრულებაზეც აქტიურად ფიქრობს.

მოვყვეთ თავიდან

მსოფლიოს თასზე ეგვიპტის ნაკრების ბაზა გროზნოშია განთავსებული. ჩეჩნეთის დედაქალაქი 67 შესაძლო ვარიანტიდან შეირჩა, ამის გამო ფიფა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. 

"FIFA-ს გადაწყვეტილება გროზნოში განათავსოს მსოფლიოს თასის მონაწილე ნაკრების ბაზა, შოკის მომგვრელი და აღმაშფოთებელია. იმედი გვაქვს გადაწყვეტილება გადაიხედება და არჩევანი ნებისმიერი სხვა ქალაქის სასარგებლოდ გაკეთდება." - ჯეინ ბუჩანანი (Human Rights Watch)

ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ გადაიხედა, ჩეჩნეთში ჩასვლა ეგვიპტელებს მოხდათ. მო სალაჰი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ პირველ სანაკრებო შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდა, იგი გროზნოში არც პირველ ვარჯიშში გეგმავდა მონაწილეობის მიღებას. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კადიროვმა ეგვიპტელს სასტუმროში თავად მიაკითხა, სტადიონზე მიიყვანა და ფოტოებიც გადაიღო.

სალაჰი და კადიროვი მუნდიალის დაწყებამდე

რა მოხდა გუშინ

ჩეჩნეთის ლიდერმა ეგვიპტის ნაკრების პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გამართა. კადიროვმა მოჰამედ სალაჰს საჩუქრად ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის - ახმატის მაისური გადასცა და ეგვიპტელი ფორვარდი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქედ დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ სოციალურ ქსელში, რამზანის გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აჯილდოვებს ის ფეხბურთელს და როგორ ართობენ სტუმრებს ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები.

CNN-ის მტკიცებით, ბანკეტის შემდეგ მო თავს გამოყენებულად მიიჩნევს, ნაკრებთან ერთად ყოფნის სურვილი მას აღარ აქვს, თუმცა ტურნირზე ბოლო შეხვედრას იგი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაატარებს.

თემაზე კომენტარი თავად კადიროვმა უკვე გააკეთა, ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მას არავინ არსად დაუპატიჟებია და რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან პოლიტიკა არაფერ შუაშია.

"აქ ყველას უთამაშია, ჩვენს სტადიონზე ბურთი მარადონასაც გაუგორებია, ასეთ მოვლენებს პოლიტიკურ ელფერს არ ვაძლევთ. ჩვენს მტრებს მსგავსი რაღაცების წერაში ფულს უხდიან. მო სალაჰი და ეგვიპტის ნაკრები მე აქ არ დამიპატიჟებია, მათ თავად აგვირჩიეს." - რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი)

რამზანმა მოს ადგილობრივი კლუბის მაისური გასაცა

ვინ არის კადიროვი

რამზანი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია და ამ პოსტს 2007 წლიდან იკავებს. მის მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა დროს წაყენებული ბრალდებების ვრცელი სიის ძირითადი პუნქტებია: ადამიანების წამება და ლიკვიდაცია, ადამიანების გაქრობა,  სექსუალური უმცირესობების მიმართ რეპრესიები.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი "მაგნიტსკის აქტით" სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ჩამონათვალში მოხვედრილი ადამიანების მიმართ სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური სანქციებია დაწესებული და იქ ძირითადად ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული პირები არიან წარმოდგენილნი.

კომენტარები

ბოლო ამბები