Thumbnail
  • იაპონია 2:2 სენეგალი
  • 0:1 მანე (11), 1:1 ინუი (34), 1:2 ვაგე (71), 2:2 ჰონდა (78)

გუნდები ამ მატჩს 3-3 ქულით შეხვდნენ. პირველ ტურში სენეგალმა პოლონეთთან მოგება შეძლო (2:1), იაპონიის ნაკრებს კი - კოლუმბია ჰყავდა დამარცხებული (ასევე 2:1). შესაბამისად, ამ მატჩში გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს ინაღდებდა.

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აკირა ნიშინომ მოედანზე ზუსტად ის 11 ფეხბურთელი გაიყვანა, რომლებმაც კოლუმბიასთან ძალიან კარგად ითამაშეს. მისმა სენეგალელმა ვიზავიმ, ალუ სისემ ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა - თავდამსხმელი დიუფის ნაცვლად, ნახევარმცველი ბადუ ათამაშა.

0:1 მანე (11)

მატჩი სენეგალელთა შეტევებით დაიწყო - სისეს გუნდი აშკარად სჯობდა მეტოქეს, რაც მალევე ტაბლოზეც აისახა: ვაგეს ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საბალის მიუვიდა, რომლის დარტყმული კავაშიმამ უხეიროდ, პირდაპირ სადიო მანესკენ მოიგერია - ამ უკანასკნელს უბრალოდ ბურთი მოხვდა და კარში შევარდა.

1:1 ინუი (34. ნაგატომოს პასით)

იაპონიის ნაკრები ვითარების გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ იაპონელებს სენეგალის კართან რეალური სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. თუმცა, მათ მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - პირველივე კარგი შანსი გოლად აქციეს! ნაგატომომ ერთი შეხებით, ძალიან მოხდენილად ჩამოიშორა ორი სენეგალელი მცველი და ბურთი ინუის დაუტოვა, რომელმაც ნახევრად მარცხენა პოზიციიდან, მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იაპონიას გაუმართლა, ანგარიშის გათანაბრება რომ შეძლო, რადგან სენეგალი პირველ ტაიმში აშკარად ჯობდა მეტოქეს!

სენეგალის ნაკრებმა მატჩის მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო - სისეს შეგირდები მაქსიმალურად ცდილობდნენ საგოლე მომენტების შექმნას. იაპონელების სტრატეგია კი კონტრიერიშები გახლდათ. დაახლოებით მე-60 წუთიდან იაპონიამ მოუმატა - სენეგალის ნაკრების კართან ჯერ ორი რეალური მომენტი შეიქმნა, მერე კი ბურთი ხარიხასაც მოხვდა!

იაპონელთა გააქტიურების შემდეგ მატჩი ინტენსიური გახდა, ტემპმა იმატა - ცხადი იყო, რომ ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა.

1:2 ვაგე (71. ნიანგის პასით)

გოლი სენეგალელებმა გაიტანეს! ეფექტურად გათამაშებული კომბინაცია, რომელშიც მანე, საბალი, ნიანგი და ვაგე მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა.

2:2 ჰონდა (78)

თუმცა, იაპონიის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა - ეს შეცვლაზე შესულმა ჰონდამ გააკეთა, რომელმაც სენეგალელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

დარჩენილ დროში უპირატესობა იაპონელებს ჰქონდათ, სენეგალელებს კი მატჩის მიწურულს დაღლა დაეტყოთ. გოლები აღარ გასულა - საბოლოოდ ფრე, 2:2. ეს იმას ნიშნავს, რომ იაპონიას და სენეგალს ბოლო ტურის წინ 4-4 ქულა აქვთ. ბოლო ტურში, 28 ივნისს, იაპონია პოლონეთს შეხვდება, სენეგალი კი - კოლუმბიას.

საინტერესო ფაქტები

► სანიო მანემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარში ზუსტად პირველად დაარტყა და პირველი გოლი გაიტანა.

► როცა მანე გატანას ახერხებს, სენეგალი არ აგებს ხოლმე (9 მოგება, 6 ფრე)

► იაპონიის ნაკრებს მუნდიალზე არასდროს მოუგია ისეთი მატჩი, რომელსაც აგებდა (2 ფრე, 9 მარცხი)

► ჰონდა პირველი იაპონელია, რომელმაც 3 სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.

მატჩის გმირი: ტაკაში ინუი

ჯერ პირველი გოლი გაიტანა, მერე კი ჰონდას გაატანინა ბურთი, რომლითაც იაპონიის ნაკრებმა მეორედ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და, საბოლოოდ, მატჩის გადარჩენაც. გარდა ამისა, ჰასებესთან ერთად, მოედანზე საუკეთესო იაპონელი სწორედ ინუი იყო - შეტევაშიც ეფექტიანად მოქმედებდა და შავი სამუშაოც შეასრულა. მან ორთაბრძოლების 62,5 პროცენტი მოიგო და ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ მოიპოვა ბურთი.

იმედგაცრუება: გენკი ჰარაგუჩი

ჰარაგუჩი თითქმის არ იყო თამაშში ჩართული - 75 წუთში ბურთს მხოლოდ 33-ჯერ შეეხო. სენეგალის ნაკრების პირველ გოლში ბრალი მიუძღვის და ორთაბრძოლებშიც ვერ ივარგა (დუელების 40 პროცენტი მოიგო).

კომენტარები

ბოლო ამბები