Thumbnail
  • 25 ივნისი / სამარა / 18:00 / ურუგვაი V რუსეთი
  • 25 ივნისი / ვოლგოგრადი / 18:00 ს. არაბეთი V ეგვიპტე

A ჯგუფში ერთადერთი ინტრიგა დარჩა - ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, რუსეთი თუ მისი მეტოქე ურუგვაი.

"კოსმოს არენაზე" გამარჯვება და ფრე რუსებს აწყობთ, რადგან გოლების შეფარდებით უსწრებენ მეტოქე გუნდს, ურუგვაი კი მხოლოდ მოგების შემთხვევაში გავა პირველ ადგილზე და B ჯგუფის მეორეადგილოსანთან დაიბევებს მერვედფინალს. 

თუ ჩერჩესოვის გუნდი მოიგებს, საკუთარ ისტორიას გადაწერს - აქამდე არც რუსეთს და არც მის წინამორბედ საბჭოთა კავშირს არ მოუგია ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი. 

რუსეთის ნაკრებში ძალზე საეჭვოა ალან ძაგოევის თამაში, სხვა ყველა მწყობრშია. ურუგვაის ნაკრებს დაემტვრა პირველ მატჩში გოლის ავტორი ხოსე ხიმენესი და ის რუსეთთან დაპირისპირებაში არ იქნება. 

ჩერჩესოვი გაყოყოჩდა

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): "შევძლებთ თუ არა ევრო 2008-ის წარმატების გამეორებას? ასე შორს არ ვიხედებით წინ. ჯერ ურუგვაისთან თამაშია, ვნახოთ, რა მოხდება ამის მერე. დღევანდელი დღით ვცხოვრობთ. კავანი და სუარესი? ჩვენ სალაჰითაც გვაშინებდნენ, მაგრამ მერე რა, მათ არაფერი გამოუვიდათ".

კრისტიან სტუანი (ურუგვაი): "რუსეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს, რომელსაც საინტერესო ფეხბურთის თამაში შეუძლია. მეტოქე ფიზიკურად ბრწყინვალედ არის მომზადებული და "მეორე სართულზე" კარგად თამაშობს. ჩვენთვის ეს დიდი გამოცდაა პლეი ოფის წინ". 

რუსეთის ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა

სალაჰი არ გაქცეულა

ხმები დაირხა, აუტსაიდერთა დაპირისპირებაში მოჰამედ სალაჰი არ ითამაშებსო. თითქოს, მან ნაკრების ხელმძღვანელობას მოსთხოვა, ლივერპულში რაც შეიძლება მალე გამიშვითო. მოგვიანებით, თავად სალაჰმა უარყო. 

საინტერესო ფაქტები

► რუსეთი და ურუგვაი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს - 1:1. 

► ურუგვაის ნაკრები საბჭოთა კავშირის ნაკრებს 9-ჯერ შეხვდა და უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება. მუნდიალებზე - 1 მოგება, 1 წაგება. 

► ურუგვაის ნაკრების სტატისტიკა ევროპაში ევროპული გუნდების წინააღმდეგ - 4 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

► რუსეთის ნაკრებს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, გუნდის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

► ურუგვაის ნაკრების ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

► ურუგვაის ნაკრებმა ბოლო 5 თამაშში პირველმა გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.


► მუნდიალებზე საუდის არაბეთს 12 თამაშია, რაც არ მოუგია (2 ფრე, 10 წაგება). გუნდი 5-დან 4 შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩა. 

► ეგვიპტის ნაკრების მოუგებელი სერია მუნდიალზე საუდელთა სერიის ნახევარია - 6 თამაში (2 ფრე, 4 წაგება). 

► ეგვიპტის ნაკრებმა მუნდიალზე ბოლო 8 გოლი მეორე ტაიმში გაუშვა.

► საუდის არაბეთს მუნდიალზე 366 წუთია, რაც გოლი ვერ გაუტანია. 

► ეგვიპტის ნაკრებმა ორჯერ მოუგო საუდის არაბეთს და ერთხელ დამარცხდა. ბოლო მატჩი 1999 წლის კონფედერაციათა თასზე - საუდის არაბეთმა 5:1 იმარჯვა, მარზუკ ალ-ოტაიბიმ პოკერი შეასრულა, ეგვიპტეს კი 3 კაცი გაუძევეს. 

ურუგვაი-რუსეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ვარელა, კოატესი, გოდინი, კასერესი - კ. სანჩესი, ბენტანკური, ვესინო, კ. როდრიგესი - ლ. სუარესი, კავანი

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - სმოლოვი 

მსაჯი: მ. დიედიუ (სენეგალი)

ს. არაბეთი-ეგვიპტე

სავარაუდო შემადგენლობები

საუდის არაბეთი (4-2-3-1): ალ-მოსაილემი - ალ-ბერიკი, ჰავსავი, ალ-ბულაიჰი, ალ-შაჰრანი - ოტაიფი, ალ-ფარახი - ალ-შეჰრი, კანო, ალ-დავსარი - ალ-მუვალადი 

ეგვიპტე (4-2-3-1): ელ-ჰადარი - ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, შაფი - ელნენი, ჰამედი - სალაჰი, საიდი, ტრეზეგე - კაჰრაბა 

მსაჯი: ვ. როლდანი (კოლუმბია)

კომენტარები

ბოლო ამბები