Thumbnail
  • სამხ.კორეა 1:2 მექსიკა
  • 0:1 ველა (26), 0:2 ერნანდესი (66), 1:2 სონი (93)

მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ გერმანიას მოუგო, ამჯერად სამხრეთ კორეასთან იზეიმა გამარჯვება და პლეი ოფს ძალიან მიუახლოვდა. ხუან კარლოს ოსირიოს გუნდმა აზიელებთან ლაღად ითამაშა, დაძაბვის გარეშე მიაღწია მიზანს და მეტოქეს მხოლოდ მატჩის მიწურულს გაატანინა.  

თამაშზე დასასწრებად როსტოვს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ცჟე ინი, მეუღლესთან ერთად ესტუმრა. რამდენიმე კორეელმა ფეხბურთელმა ტრიბუნაზე მყოფ ქვეყნის მეთაურს ჰიმნის დროს სამხედრო სალამი უძღვნა. ბატონი პრეზიდენტი ფრიად ნასიამოვნები დარჩა ამ ფაქტით.

მატჩის დებიუტში მექსიკელებმა ბურთზე კონტროლის დაწესება სცადეს. აზიელებმა მეორე ნომრად თამაში არ იუკადრისეს, თუმცა სწრაფი კონტრშეტევებითა და წვრილ-წვრილი და ხშირი ჯარიმებით დასაწყისში მაინც მოახერხეს მეტოქის დამუხრუჭება.

ერთ-ერთი შეტევისას ეშხში შესულმა კორეელმა ვერ მოზომა და ირვინ ლოსანო კარატის ილეთით ისე დააგდო, მექსიკელი თავდამსხმელი კარგა ხანს იწვა გაზონზე.

კორეელებმა გილერმო ოჩოას კარზე რამდენიმე იერიშის მიტანა ამის შემდეგაც მოასწრეს და მაშინ, როდესაც  თითქოს მოახერხეს თამაშის საკუთარი კარის სიახლოვიდან გადატანა, გოლი აქეთ მიიღეს.

გუარდადომ მარცხენა ფლანგიდან კორეელთა საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, ბურთი კი ვარდნაში გაწოლილ იან ჰიუნ-სუს ხელზე მოხვდა. სერბმა არბიტრმა მილორად მაჟიჩმა პენალტი დანიშნა. კარლოს ველამ უნაკლოდ დაარტყა.

0:1 ველა (26)

მექსიკელებმა გატანილი გოლის შემდეგაც არ დათმეს ბურთი, კორეელები კი კონტრშეტევის იმედად დარჩნენ. ტაიმის დასრულებამდე მდგომარეობის გამოსწორებას ყველაზე მეტად ტოტენჰემის 25 წლისი ფორვარდი ჰეუნ მინ-სონი ცდილობდა, მაგრამ მის მონდომებას შედეგი არ მოყოლია.

მეორე ტაიმში კორეელები ჯერ ამაოდ ითხოვდნენ არბიტრისგან 11-მეტრიანს ხელით თამაშისთვის, შემდეგ კი ოჩოაც შეაწუხეს, მაგრამ უფრო სახიფათო გუარდადოს დარტყმების სერია იყო. მექსიკელთა ნახევარმცველმა ბურთი ჯერ მეტოქე მცველს მოარტყა, გამეორებით კი უფრო ზუსტად დაკრა და კორეელთა მეკარემ ეფექტურ ნახტომში გადაარჩინა კარი.

მალე შინ ტაე-იონგის გუნდი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. კორეელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს და მწვავე კონტრშეტევა მიიღეს, რომელიც ლოსანომ წაიღო. ამ უკანასკნელმა ხავიერ ერნანდესს დროულად უპასა. ჩიჩარიტომაც ჯერ მეტოქე მცველი ჩამოიცილა, შემდეგ კი მეკარეს ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით გაუტანა.

0:2 ერნანდესი (66)

აზიელებმა ვერც ამის შემდეგ ააწყვეს შეტევაში თამაში და გატანის რეალური მომენტი, რომელიც ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჰქონდათ, უფრო ოჩოას შეცდომის ბრალი იყო. მაგრამ სონმა და მისმა პარტნიორებმა მექსიკელთა დასჯა ვერც იმ ეპიზოდში მოახერხეს.

ბოლო ათი წუთი მექსიკის ნაკრების დომინირებით წარიმართა, თუმცა საბოლოო წერტილი მაინც სონმა დასვა. კორეელთა მთავარმა იმედმა კომპენსირებულ დროში დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით მიაღწია მიზანს.

1:2 სონი (90+3)

ეს პრესტიჟის გოლი იყო. შეხვედრა აქ დასრულდა. მექსიკა თითქმის 1/8-ფინალშია, უქულო სამხრეთ კორეა კი ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ფლობს.

საინტერესო ფაქტები

► მექსიკელებმა მუნდიალზე გამოსვლა ორი მოგებით და 6 ქულით ისტორიაში სულ მეორედ დაიწყეს. პირველად ეს 16 წლის წინ, 2002 წლის ტურნირში მოახერხეს.

► ხავიერ ერნანდესმა (ჩიჩარიტო) მექსიკის ეროვნულ ნაკრებში საიუბილეო - 50-ე გოლი გაიტანა.

► კარლოს ველას პენალტი მე-14 გახდა 2018 წლის მუნდიალზე, რაც ერთით მეტია 2014 წლის ტურნირზე მთლიანად დანიშნული 11-მეტრიანების რაოდენობაზე (13).

► 288 უგოლო წუთი - სამხრეთკორეელთა უგოლო სერია მსოფლიოს ჩემპიონატებზე მექსიკასთან კომპენსირებულ დროში დასრულდა.

მატჩის გმირი: ხავიერ ერნანდესი

ჩიჩარიტოს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა მექსიკელებისთვის. ამასთან, ვესტ ჰემის 30 წლის თავდამსხმელი მთელი მატჩის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პროდუქტიული იყო, რასაც სტატისტიკაც მოწმობს: 3 წარმატებული დრიბლინგი, 22 ზუსტი პასი (84%), თითო მწვავე და ზუსტი გრძელი პასი, 18-იდან 11 მოგებული ორთაბრძოლა… ყველაფერთან ერთად, 50 გოლით ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

მატჩის იმედგაცრუება: იან ჰიუნ-სუ

ორივე გაშვებული გოლის ეპიზოდში დამნაშავე კორეელთა 26 წლის ცენტრალური მცველი იყო. პირველ ტაიმში ის ვარდნაში შეეცადა მეტოქის ფლანგური ჩაწოდების დაბლოკვას, მაგრამ ბურთ ხელზე მოხვდა და 11-მეტრიანი მიიღო. ჰიუნ-სუს მეორე წარუმატებელი ვარდნა უკვე ხავიერ ერნანდესის ეპიზოდს უკავშირდება, რის შემდეგაც ჩიჩარიტო მეკარის პირისპირ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები