Thumbnail
  • ბელგია 5:2 ტუნისი
  • გოლები: 1:0 ე. აზარი (6-პენ.), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბაჩუაი (90), 5:2 ხაზრი (93)

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს ამართლებს. პანამასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, რობერტო მარტინესის შესანიშნავმა გუნდმა ტუნისის ნაკრებსაც დიდი სხვაობით მოუგო. არადა, ტუნისი ის გუნდია, რომელმაც ინგლისს საკმაოდ დიდი წინააღდეგობა გაუწია.

ბელგიის ნაკრებს პირველი მატჩი, პანამასთან 3:0 ჰქონდა მოგებული და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები არ განახორციელა. ტუნისელთა რიგებში კი, ინგლისთან მატჩისგან განსხვავებით (1:2), ორი ახალი მოთამაშე ვიხილეთ: ტრავმირებული მეკარე ჰასენი ბენ მუსტაფამ ჩაანაცვლა, სლიტის ნაცვლად კი სასტარტოში ხაუი ვიხილეთ.

1:0 ედენ აზარი (6. პენალტი)

ბელგიის ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და ძალიან მალე, მე-6 წუთზე დაწინაურდა. ედენ აზარზე თამაშის წესები ზედ საჯარიმოს ხაზზე დაირღვა, მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ტუნისელებმა გააპროტესტეს და ვიდეო-რეფერი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ - თერთმეტმეტრიანი არ გაუქმდა. ის თვითონ აზარმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.

2:0 ლუკაკუ (16. მერტენსის პასით)

ზუსტად 10 წუთში ბელგიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს: დრის მერტენსის პასის შემდეგ, რომელუ ლუკაკუ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და საკმაოდ რთული სიტუაციიდან, უნაკლოდ დაარტყა.

2:1 ბრონი (18. ხაზრის პასით)

...მაგრამ ტუნისის ნაკრებმა ორ წუთში ერთი ბურთი გაქვითა და თამაშში მეტნაკლებად დაბრუნდა. ხაზრის ჩაწოდების შემდეგ, ბრონმა ყველას აჯობა და კურტუას კარში ბურთი თავით გადაგზავნა.

3:1 ლუკაკუ (45+3. მონიეს პასით)

პირველი ტაიმის მიწურულს ბელგიამ სხვაობა ისევ გაზარდა. გოლი კვლავ რობერტო მარტინესის გუნდის მთავარი ბომბარდირის, რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა. ბელგიის ნაკრების მე-9 ნომერმა ამჯერად მონიეს პასით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა, ბენ მუსტაფას ბურთი მოხდენილად გადაატარა.

ამ გოლით ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა და გადაასწრო იმ ბელგიელ მოთამაშეებს, რომლებსაც ერთ მუნდიალზე 3-3 გოლი აქვთ გატანილი (ლეოპოლდ ანული, იან კულემანსი, ნიკო კლაესენი და მარკ ვიმლოტსი).

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში ბელგიამ ფავორიტის სტატუსი 100 პროცენტით გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ტუნისელები მთელ რიგ მომენტებში საკმაოდ თამამად თამაშობდნენ, აშკარა იყო, რომ ბელგია კლასით გაცილებით მაღლა დგას.

4:1 ედენ აზარი (51. დე ბრუინის პასით)

ბელგიის ნაკრების წინახაზელებს ლეგენდარული ფრანგის, ტიერი ანრის ხელი დაეტყოთ

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როცა ედენ აზარმა ანგარიში 4:1 გახადა და ამ გოლით მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. აღსანიშნავია კევინ დე ბრუინის შესანიშნავი პასი და ის ფაქტი, რომ აზარმა ბენ მუსტაფას ძალიან ეფექტურად აუარა გვერდი.

დარჩენილ დროში ბელგიამ ტემპი ოდნავ დააგდო, თუმცა მაინც ძალიან სახიფათოდ უტევდა და შეიძლებოდა, ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. ყველაზე რეალური მომენტი შეცვლაზე შესულ მიში ბაჩუაის ჰქონდა. აი, ეს მომენტიც: 

5:1 ბაჩუაი (90. ტილემანსის პასით)

თუმცა, ბაჩუაიმ თავისი გოლის გატანა მაინც შეძლო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლუკაკუს ღირსეული შემცვლელია.

5:2 ხაზრი (93)

ბოლო წამებზე ბელგიელებმა ყურადღება ზედმეტად მოადუნეს და კიდევ ერთი ბურთი მიიღეს, რომლის ავტორიც ტუნისელთა ლიდერი ვაჰბი ხაზრი გახდა.

ამ გამარჯვებით ბელგიამ მერვედფინალში თამაში გაინაღდა, ბოლო ტურში კი, აზარი, ლუკაკუ, დე ბრუინი და სხვები ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან - ეს იქნება ბრძოლა პირველი ადგილისთვის.

საინტერესო ფაქტები

► ბოლო 15 სანაკრებო მატჩში, ედენ აზარმა 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 7 პასი).

► ამ მატჩის პირველი ტაიმი მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე უხვგოლიანი იყო (4 გოლი).

► 4 დარტყმა კარში, 4 გოლი - რომელუ ლუკაკუ ამ მუნდიალის ყველაზე ეფექტიანი თავდამსხმელია.

► აზარმა და ლუკაკუმ კროოსისა და შიურლეს მიღწევა გაიმეორეს: 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალის შემდეგ (გერმანია 7:1 ბრაზილია), მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ მატჩში ორ ფეხბურთელს დუბლი არ ჰქონდა შესრულებული.

► დამყარდა მუნდიალების რეკორდი: ზედიზედ 27 მატჩია, უგოლო ფრე არ დაფიქსირებულა. 1954 წელს სწორედ 27-ე მატჩში დაფიქსირდა 0:0. წლევანდელი 27-ე შეხვედრა კი, ამ მუნდიალის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოვიდა.

მატჩის გმირი: ედენ აზარი

მიუხედავად იმისა, რომ რომელუ ლუკაკუმაც დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ედენ აზარი გახლდათ. სწორედ მან მოიპოვა პენალრი და მანვე შეასრულა; მეორე გოლის დროს მკერდით ბურთი ტექნიკურად იდეალურად მიიღო და უპრობლემოდ გაიტანა; გარდა ამისა, აზარი არც შავი სამუშაოს შესრულებას თაკილობდა (15 ორთაბრძოლა). მის გარდა, ასევე კარგად ითამაშეს ლუკაკუმ, მერტენსმა და მონიემ.

იმედგაცრუება: ალი მაალული

მონიეს წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პირველ ტაიმში ხუთიდან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა მოიგო. ამასთან, მან ბელგიელთა მეორე გოლის მომენტში უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მესამე გოლიც მის სინდისზეა. ამ ყველაფერთან ერთად, ტუნისის ნაკრების ფეხბურთელებიდან სწორედ მან დაკარგა ბურთი ყველაზე მეტჯერ (16).

კომენტარები

ბოლო ამბები