Thumbnail
  • საბას ტრანსფერის შანსზე ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ისაუბრა
  • რუსული კლუბი 26 წლის მცველის გასხვისებაზე მოლაპარაკებას ჯერ არავისთან მართავს  
  • რუსული მედია კვერკველიას კონტრაქტში ჩაწერილ პირგასამტეხლო თანხას ასახელებს

საბა კვერკველიას ინგლისის პრემიერლიგის ლესტერში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ანატოლი მეშჩერიაკოვმა გააკეთა.

"კლუბის ხელმძღვანელობა კვერკველიას ტრანსფერზე მოლაპარაკებას არავისთან მართავს და არც ახლო მომავალში აპირებს. ყველა სიახლე, რომელიც ბოლო დროს ჩნდება, ეს არის მხოლოდ სურვილი ვიღაცის ვიღაცისთვის მიყიდვისა, სიტუაციაში ბოლომდე გაურკვევლად", - ამბობს მეშჩერიაკოვი championat.com-თან, თუმცა სხვა გამოცემებთან აცხადებს, რომ მუნდიალის შემდეგ წინადადების მიღების შემთხვებაში, კლუბი ტრანსფერის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველმა ფეხბურთელმა "პირველ არხთან" განაცხადა, რომ მისი აგენტი ლესტერ სიტისთან მოლაპარაკებებს მართავს. ინგლისური კლუბისგან საბასადმი ინტერესის შესახებ წერდა MIRROR-იც.

championat.com-ის ცნობით კი, ინგლისური კლუბი რუსეთის ჩემპიონების ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არ დაკავშირებია, თუმცა დასძენს, რომ გარიგება ნებისმიერ დროს შეიძლება შედგეს, რადგან კვერკველიას "ლოკომოტივთან" კონტრაქტში, რომელიც 2021 წლის ივნისამდეა გათვალწინებული, პირგასამტეხლო თანხად 10 მილიონი ევროა მითითებული.

მანამდე რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ საბას ტრანსფერზე ლესტერმა ლოკომოტივის პრეზიდენტს პირადად მიმართა

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო სეზონში საბამ 29 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ლოკომოტივთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა.

ამ ზაფხულს TRANSFERMARKT-ზე საქართველოს ნაკრების მცველის პირობითმა ფასმა 8 მილიონ ევროს მიაღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები