Thumbnail
  • სერბეთი 1:2 შვეიცარია
  • 1:0 მიტროვიჩი (5), 1:1 ჯაკა (52), 1:2 შაჩირი (90)

შვეიცარიის ნაკრებმა, რომელმაც წინა ტურში ბრაზილიას გაუთანაბრა, ამჯერად სერბეთთან მატჩის ბედის შემობრუნება შეძლო, 3 ქულა მოიპოვა და E ჯგუფში ბოლო ტურის წინ ვითარება უაღრესად დაძაბა. ახლა შვეიცარიასა და ბრაზილიას 4-4 ქულა აქვთ, 3 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს სერბეთიც, მაგრამ ბოლო ტურში შვეიცარიელები უქულო და უშანსო კოსტა რიკას ხვდებიან, სერბებს კი ურთულესი ბრძოლა ელით ნეიმარსა და ბრაზილიასთან. ასე რომ, ამ ჯგუფში 1/8-ფინალის საგზური განაღდებული არავის აქვს.

კალინინგრადის სტადიონზე მრავლად მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერით წაქეზებულმა სერბებმა თამაში მეტოქის კარზე შტურმით დაიწყეს. სანამ შვეიცარიელები გონს მოეგნენ, ანგარიშიც გაიხსნა. იან ზომერმა ლუკა მილივოევიჩის დარტყმის შემდეგ კი გადაარჩინა კარი, მაგრამ ერთ წუთში, ალეკსანდ მიტროვიჩის თავურთან ვეღარაფერი გააწყო.

1:0 მიტროვიჩი (5)

შოკიდან ნელ-ნელა გამოსულ შვეიცარიის ნაკრებს გათანაბრება პირველ ტაიმშივე შეეძლო. ბლერიმ ჯემაილს კარგი შანსი ზედიზედ ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. მეორე ეპიზოდში დასაფასებელი სერბთა მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩის ბრწყინვალე რეაქცია იყო.

შვეიცარიის ნაკრები ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა, მაგრამ სხვა მხრივ უპირატესობა არაფერში ჰქონია. სერბები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან, ტაიმის მიწურულს კი მლადენ კრსტაიჩის შეგირდებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ. ჯერ კუთხურის შემდეგ დუშკო ტოშიჩმა ვერ მიუსწრო ბურთს, შემდეგ კი დუშან ტადიჩმა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დაარტყა.

მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, როდესაც სერბებმა მწვავე კონტრშეტევა მიიღეს. შერდან შაჩირის დარტყმას სერბი მცველი გადაეღობა, გამოვარდნილ ბურთს კი პირველმა გრანიტ ჯაკამ მიუსწრო და შორი მანძილიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა.

1:1 ჯაკა (52)

გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიელები უფრო გათამამდნენ. მალევე შაჩირის მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთი სტოიკოვიჩის კარის ხარიხას შეასკდა.

შეხვედრის ბოლო ათმა წუთმა შვეიცარიელთა უპირატესობით ჩაიარა, ერთ ეპიზოდში კი მარიო გავრანოვიჩს კი მიზნის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდა. 28 წლის თავდამსხმელმა მოგვიანებით მაინც გაიბრწყინა - 90-ე წუთზე მოედნის სიღრმიდან გაკეთებული პასით შერდან შაჩირი სერბ მცველსა და მეკარეს შეატოვა. სტოკ სიტის ნახევარმცველმაც სისწრაფის ხარჯზე აჯობა ადევნებულ ტოშიჩს, მეკარესთან პირისპირ გასულმა კი ბურთი კუთხეში გაუშვა.

1:2 შაჩირი (90)

სერბებს დროც აღარ ეყოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ახლა ურთულესი გამოცდა ელით ბრაზილიასთან. თანაც, მლადენ კრსტაიჩის გუნდს მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდება, ფრე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წაადგეს, თუ პარალელურ მატჩში უმოტივაციო კოსტა რიკა შვეიცარიას დაამარცხებს. 

► შვეიცარიის ნაკრებიდან გოლების ავტორები, გრანიტ ჯაკა და შერდან შაჩირი წარმომავლობით კოსოვოელი ალბანელები არიან. სერბებისთვის კი კოსოვო მძიმე პოლიტიკური თემაა.

► შვეიცარიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა მიმდინარე მუნდიალზე, რომელიც შეხვედრას აგებდა და საბოლოოდ გაიმარჯვა.

► გრანიტ ჯაკას შვეიცარიის ნაკრების მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 - საჯარიმოს გარედან.

► შტეფან ლიხშტაინერმა მუნდიალზე კარიერის მე-9 მატჩი ჩაატარა, რაც შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მანამდე მიღწევა შარლ ანტენენს ეკუთვნოდა, რომელიც ტურნირებზე 1950-1962 წლებში გამოდიოდა.

მატჩის გმირი: შერდან შაჩირი

26 წლის ნახევარმცველი აღიარებას არამხოლოდ გამარჯვების გოლის გამო იმსახურებს. შერდანი მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პროდუქტიული იყო თავის გუნდში. მას გარკვეული წვლილი შვეიცარიელთა პირველ გოლშიც მიუძღვის, მეორე ტაიმში კი ბურთი ხარიხასაც გაარტყა.

მატჩის იმედგაცრუება: ბრანისლავ ივანოვიჩი

ვეტერან მცველს მთლიანობაში ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ ერთ ეპიზოდში მისმა უცნაურმა (სხვა სახელს ვერ ვარქმევთ) მოქმედებამ, მატჩის ბედზე დიდი გავლენა იქონია. ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი ჯაკას შორეული დარტყმის დროს, ბურთის ნაცვლად საკუთარ მეკარეს გადაეღობა, ხედვის არეალი შეუზღუდა და შედეგად, შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ივანოვიჩი კურიოზულ ავტოგოლს გადაურჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები