Thumbnail
  • 23 ივნისი / მოსკოვი / 22:00 / გერმანია V შვედეთი
  • გერმანიის ნაკრებისთვის ეს ფაქტობრივად ფინალია
  • ბუნდესგუნდი დაცვის ბურჯის გარეშე
  • შეცვლის თუ არა ლიოვი ტაქტიკას?

შვედეთთან მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ნაადრევი ფინალია. მექსიკასთან მარცხის (0:1) შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონები უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან - გერმანელებს შვედებთან მხოლოდ მოგება უნდათ.

იოზილი ძირითად შემადგენლობაში ალბათ აღარ იქნება

შვედეთის ნაკრები კარგ მდგომარეობაშია - სკანდინავიელებს პირველი მატჩი მოგებული აქვთ (1:0 სამხრეთ კორეასთან), რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიასთან ფრეც აწყობთ. თუმცა შვედები ყველა ინტერვიუში იმეორებდნენ, რომ ბუნდესგუნდთანაც მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებდნენ. შვედები მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდებიან, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით გერმანელებზე…

გერმანელებ რადიკალური მიდგომები ახასიათებთ - როცა იგებენ, თავიანთი გუნდი ქებით ცაში აჰყავთ, მაგრამ საკმარისია თუნდაც ერთი მატჩი წააგონ, მაშინვე თვითგვემას იწყებენ ხოლმე. ასე მოხდა მექსიკასთან წაგების შემდეგაც: გერმანელებმა (ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც, ფანებმაც - ყველამ) განგაში ატეხეს და მას მერე, შვედეთთან მატჩისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადებიან. იყო სპეციალური თათბირიც ფეხბურთელებს შორის, რომელსაც კაპიტანმა მანუელ ნოიერმა “კრიზისის სხდომა” უწოდა.

“შვედეთთან მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა. უნდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. უნდა გავიხსენოთ, რა გვაძლიერებდა წინა მუნდიალზე და რატომ გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები. მექსიკასთან სხვა გუნდს არ უთამაშია! მოკლედ, კარგად ვიცით, რა უნდა გამოვასწოროთ და შვედეთთან ყველაფერს ნახავთ!” - განაცხადა ნოიერმა პრესკონფერენციაზე. [ვრცლად]

“გერმანია, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ ფავორიტებს. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა შევძლოთ გერმანიასთან წარმატების მიღწევა. ცხადია, უდიდეს მონდომებასთან ერთად ისიც საჭიროა, რომ გაგვიმართლოს,” - ეს შვედეთის ნაკრების ფეხბურთელის, ალბინ ეკდალის სიტყვებია.

მარკო როისს ძირითად შემადგენლობაში ელოდებიან

“გერმანიასთან მატჩს ჩვენ 3 ქულით ვხვდებით, მათ კი 0 ქულა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრები წნეხის ქვეშაა, ჩვენ კი ძალიან კარგი განწყობით ვითამაშებთ. მთავარია, დაცვაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ,” - განაცხადა შვედეთის ნაკრების ლიდერმა ემილ ფორსბერგმა, რომელიც გერმანიაში, ლაიპციგში თამაშობს.

გერმანია მატს ჰუმელსის გარეშე!

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების ქომაგებს ცუდი ინფორმაცია ამცნო - შვედეთთან გუნდის დაცვის ბურჯი, მატს ჰუმელსი ვერ ითამაშებს! იოგიმ დასძინა, რომ მცირე იმედი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ჰუმელსმა პარასკევს ვერ ივარჯიშა და შაბათს მისი თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია.

იოახიმ ლიოვი და მატს ჰუმელსი

გერმანული სპორტული მედია ამ დღეებში წერდა, რომ ლიოვი შვედეთთან მატჩისთვის ტაქტიკის შეცვლას აპირებდა. “იოგი” სასტარტო ფეხბურთელებს ძირითადად 3-5-2 ტაქტიკაზე ავარჯიშებდა, მაგრამ ჰუმელსის ტრავმა ბევრ რამეს ცვლის და, შესაძლოა, გერმანიამ ისევ 2 ცენტრალური მცველით და ნაცადი 4-2-3-1-ით ითამაშოს. ჰუმელსი ან ნიკლას ზიულემ უნდა შეცვალოს, ანაც ანტონიო რიუდიგერმა. თუმცა, შესაძლებელია, რომ 3-მცველიან სქემაში უკან ბოატენგთან ერთად ორივემ ითამაშოს.

“შვედეთთან უდიდესი მონდომებით უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთელებმა იციან, რომ ეს მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია. მინდა ვთქვა, რომ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. მექსიკასთაბ მარცხის შემდეგ მენტალური პრობლემები გაგვიჩნდა, რისი აღმოფხვრაც ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე ვილაპარაკეთ,” - განაცხადა ლიოვმა.

კაპიტანი კარგ ხაზიათზეა

“ბილდის” ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო გომესი ათამაშოს, ტიმო ვერნერი კი სათადარიგოთა სკამზე დასვას. გომესი გამოცდილი და, რაც მთავარია, მაღალი თავდამსხმელია - სწორედ ისეთი, როგორიც შვედი მცველების წინააღმდეგ თამაშშია საჭირო.

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, რიუდიგერი (ან ზიულე), ჰექტორი - გიუნდოგანი, კროოსი - მიულერი, როისი, დრაქსლერი - ვერნერი (ან გომესი).

შვედეთი (4-2-2-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - ლარსონი, ეკდალი - კლაესონი, ფორსბერგი - ბერგი, ტოივონენი.

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები