Thumbnail

შანსი არგენტინას | ნიგერიელმა 'სუპერარწივებმა' დებიუტანტი ისლანდია დაამარცხეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიგერია 2:0 ისლანდია
  • 1:0 მუსა (49), 2:0 მუსა (75)
  • ამ ჯგუფში ძალიან დაძაბული ბოლო ტური გველის

D ჯგუფის მეორე ტურში ისლანდიის ნაკრები ნიგერიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. აფრიკელთა ამ გამარჯვებით არგენტინელთა შანსები გაიზარდა. ბოლო ტურში ხორხე სამპაოლის გუნდმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ნიგერიის ნაკრები, ხოლო მეორე შეხვედრაში ისლანდიის ნაკრებმა არ უნდა მოუგოს ხორვატიის ნაკრებს, ან მოუგოს უფრო ცუდი ანგარიშით, ვიდრე ამას არგენტინა გააკეთებს და პლეი ოფში "ალბისელესტე" გავა.

ორი ძალიან განსხვავებული საფეხბურთო სტილის გუნდების შეხვედრის პირველი ტაიმი უინტერესო გამოდგა - ბურთი ძირითადად ნიგერიას ჰქონდა (65%), მაგრამ რად გინდა - აფრიკელებს კარისკენაც კი არ დაურტყამთ. სამაგიეროდ, ისლანდიელები ორჯერ დაემუქრნენ უზოჰოს კარს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ეპიზოდი საგოლე იყო, მაგრამ ფაქტია, ევროპული გუნდი უფრო მწვავედ "იკბინებოდა". 

1:0 მუსა (49)

პირველ ტაიმში ყველაზე მეტად სწორედ მუსას აკრიტიკებდნენ, ფანები უფრო ტექნიკურ ივობის ითხოვდნენ, მაგრამ გოლის მომენტში აჰმედმა შესანიშნავად იმოქმედა, მან ვიქტორ მოზესის ჩაწოდებული ფეხით ჩამოიღო და ისლანდიელთა კარი "გახვრიტა".

2:0 მუსა (75)

ისევ აჰმედ მუსა! მან შესანიშნავად ითამაშა, მცველს მეკარეც მიაყოლა და დუბლი შეასრულა.

მუნდიალზე კიდევ ერთი პენალტი დანიშნა VAR-მა.

83-ე წუთზე გილფი სიგურდსონმა ვიდეორეფერის წყალობით დანიშნული პენალტი ნიგერიელთა კარს გადააცილა და მატჩის შემოტრიალების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ნიგერიის ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსიც გაიჩინა, თუმცა ბოლო ტურში აფრიკელთა მეტოქე არგენტინაა. როგორც გამოჩნდა, ისლანდიის ნაკრებს მხოლოდ დაცვაში კარგი თამაში ეხერხება, თავად კი მომენტებს ნაკლებად ქმნის. 

► ნიგერიის ნაკრები პირველი გუნდია მუნდიალზე, რომელმაც პირველ ტაიმში ერთხელაც ვერ დაარტყა მეტოქის კარისკენ. 

► აჰმედ მუსამ ნიგერიის ბოლო სამივე მუნდიალზე გაიტანა. ის "სუპერარწივების" საუკეთესო გოლეადორი გახდა მუნდიალზე. 

მატჩის გმირი: აჰმედ მუსა (ნიგერია)

მუსამ მეორე ტაიმში დაამტკიცა, რომ მწვრთნელი მას ტყუილად არ ენდო, გოლების ეპიზოდებში მან მაღალი კლასი გამოავლინა. რუსული გარემო მისთვის უცნობი არ არის, მუსა ცსკა-ს ფეხბურთელია, რაც მისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა.

მატჩის ანტიგმირი: გილფი სიგურდსონი (ისლანდია)

ისლანდიელთა ლიდერმა მატჩის ბოლოსკენ, როცა ისლანდიას მატჩის შემობრუნების შანსი მიეცა, პენალტი ააცილა. ისედაც ისლანდიელთა 10 ნომერი ვერაფრით გამოირჩეოდა მოედანზე.

ნიგერია 2:0 ისლანდია

გოლები: 1:0 მუსა (49), 2:0 მუსა (75)

ნიგერია (3-5-2): უზოჰო - ომერუო, ეკონგი, ბალოგუნი - მოზესი, ეტებო (90. ივობი)), მიკელი, ნდიდი, იდოვუ (46. ებუეჰი) - მუსა, იჰეანაჩო (85. იგჰალო)

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი (65. ინგასონი), მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი (87. სკულასონი), გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - ბიოდვარსონი (71. ბ. სიგურდსონი), ფინბოგასონი 

კომენტარები

ბოლო ამბები