Thumbnail
  • ბრაზილია 2:0 კოსტა რიკა
  • 1:0 კოუტინიო (91), 2:0 ნეიმარი (97)

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ტიტეს გუნდი კოსტა რიკასთან ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის გატეხვა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა.

სანკტ პეტერბურგის სტადიონზე თამაში ტიტეს გუნდმა არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო, პირველი მომენტი კი კოსტარიკელებმა შექმნეს. მე-13 წუთზე სელსო ბორხესმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.

ბრაზილიელებმა მალევე შეძლეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება, თუმცა კოსტარიკელები საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ თავს, ტიტეს გუნდის მთავარ იმედ ნეიმარს კი, რომელსაც წვრილ-წვრილი ჯარიმებით აჩერებდნენ, პირველ ტაიმში გატანის შანსი არ ჰქონია.

მომენტების მიუხედავად, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. კეილორ ნავასის კარში ჟეზუშმა კი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომაროება.

შესვენების შემდეგ სხვაგვარად დაგეშილი ბრაზილიის ნაკრები ვიხილეთ და რომ არა კეილორ ნავასის თავგანწირული და ბრწყინვალე თამაში, ტიტეს გუნდი ტაიმის დასაწყისშივე მიიღებდა კომფორტულ ანგარიშს. გატანამდე ძალიან ცოტა აკლდებოდათ ნეიმარს, კოუტინიოს...

კოსტარიკელებს ბედიც სწყალობდათ - ჟეზუშის თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

78-ე წუთზე ნეიმარი საჯარიმოში ისე დაეცა, ეპიზოდი 11-მეტრიანს ძალიან გავდა. არბიტრმა ვიდეოასისტენტს მიმართა და დაადგინა, რომ ჯანკარლო გონსალესი თამაშის წესებს არ არღვევდა, ბრაზილიელმა კი ზედმეტად გააფორმა.

ძალიან დიდი უპირატესობისა და უამრავი მომენტის მიუხედავად, ბრაზილიამ მიზანს მხოლოდ კომპენსირებულ დროში მიაღწია. გაბრიელ ჟეზუშის გადაცემის შემდეგ, ნავასს ფილიპე კოუტინიომ გაუტანა. 

1:0 კოუტინიო (91)

კოსტა რიკა და ნავასი გატყდნენ. ნეიმარიმა კი ამის შემდეგ, დუგლას კოშტას პასის შემდეგ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2:0 ნეიმარი (97)

ბრაზილიის ნაკრებს 4 ქულა აქვს და E ჯგუფს ლიდერობს, უქულო კოსტა რიკამ კი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი დაკარგა.

არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ნეიმარი ტიროდა

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

კოსტა რიკამ ორგანიზებული დაცვის წყალობით, ბოლო წუთამდე იცოდა, როგორ უნდა შეეჩერებინა ბრაზილიის ნაკრების იერიშები. ამაში უდიდესი წვლილი კი მეკარე კეილორ ნავასს მიუძღოდა. მაგრამ ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო წამებამდე არ მოუშვა მარწუხები და კომპენსირებულ წუთებში მიაღწია მიზანს.

კოსტა რიკამ მშვენიერი თამაში აჩვენა და ახლოს იყო ქულის მოპოვებასთანაც, მაგრამ მათ წინააღმდეგ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. 

ამ მუნდიალზე არბიტრმა VAR-ის გამოყენების შემდეგ პენალტი პირველად გააუქმა. აქამდე კი მსაჯები ვიდეოასისტენტით 11-მეტრიანებს მხოლოდ ნიშნავდნენ.

ბრაზილიის ნაკრებს ბურთის ფლობა 67% ჰქონდა. ტიტეს გუნდმა კარისკენ 23-ჯერ დაარტყა, კარის ჩარჩოში - 9-ჯერ. ნავასის ანგარიშზე კი 7 სეივია.

ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა რიკას მეათედ მოუგო, ეს კი ამ გუნდების მე-11 დაპირისპირება იყო ისტორიაში. მხოლოდ ერთი მოგება აქვს კოსტა რიკას.

ნეიმარმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ძირითად დროში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა - 96:47 წუთზე. აქამდე ყველაზე გვიანდელი 1966 წელს დაფიქსირებული 90+5 წუთი იყო.

ნეიმარმა ნაკრებში 56-ე გოლი გაიტანა. 26 წლის ფორვარდმა ამ მაჩვენებლით აჯობა რომარიოს და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილზე რონალდოა 62 გოლით, ლიდერი კი პელეა - 77 გოლი.

მატჩის გმირი: ფილიპე კოუტინიო

შვეიცარიის ნაკრებთან მუნდიალის სასტარტო მატჩში ბრწყინვალე გოლის ავტორმა, გატანა კოსტა რიკასთანაც მოახერხა და ამით ბრაზილიის ნაკრებსა და მის გულშემატკივარს შვებით ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ბარსელონას 26 წლის ნახევარმცველი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო - ჯამში 6-ჯერ დაემუქრა ნავასის კარს (ყველაზე მეტჯერ), 4-ჯერ კი ბურთი კარის ჩარჩოში გაგზავნა. 

მატჩის იმედგაცრუება: ბრაიან ოვიედო

მარცხენა ფრთაზე გამწესებული 28 წლის მცველი ყველაზე არადამაჯერებელი იყო თავის გუნდში და ბრაზილიელები, განსაკუთრებით ვილიანი და პაულინიო, ამით კარგად სარგებლობდნენ. სანდერლენდის ფეხბურთელმა 9 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 2 მოიგო, 4-ჯერ კი დრიბლინგით ჩამოიშორეს. გაშვებულ გოლებში მხოლოდ მისი დადანაშაულება, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, მაგრამ თავისი წილი დიდი პასუხისმგებლობა ოვიედოს ნამდვილად ეკისრება.

კომენტარები

ბოლო ამბები