Thumbnail

23 ივნისს მოსკოვის "ოტკრიტიე არენა" ბელგიისა და ტუნისის ნაკრების მე-2 ტურის დაპირისპირებას მასპინძლობს. "წითელმა ეშმაკებმა" მუნდიალი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს და წარმატების განვითარება სურთ. 

ის, რომ ტუნისი ინგლისთან დამარცხდებოდა და ბელგია პანამას გაუსწორდებოდა, ადვილი გამოსაცნობი იყო, თუმცა თამაშის მიმდინარეობა ორივე შეხვედრაში მოულოდნელი გამოდგა. 
ბელგიას ტაიმზე მეტი დასჭირდა პანამელთა გასატეხად, მაგრამ საბოლოოდ ეს შეძლო და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 3:0. ტუნისელთა დაცვითი რედუტები მხოლოდ ბოლოსკენ გაარღვია ჰარი კეინმა თავური დარტყმით. 

ამ თამაშში ტუნისელებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს, მაგრამ ისტორია აშკარად მათ წინააღმდეგაა - ეს აფრიკული გუნდი მუნდიალის პლეი ოფში არასოდეს გასულა. აი, ბელგია კი ბოლო ხუთი შემთხვევიდან ოთხჯერ გავიდა პლეი ოფში. 

რობერტო მარტინესის გადაწყვეტილებით, ტუნისთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ორშაბათამდე ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნის უფლება მიეცემათ. 

თუ ლუკაკუ გაიტანს

ლუკაკუმ პანამას დუბლი შეუსრულა

თუ რომელუ ლუკაკუ გაიტანს, ის ისეთ ბელგიელ მოთამაშეებს შეუერთდება, რომელთაც ერთ მუნდიალზე 3-3 გოლი აქვთ გატანილი, როგორიც ლეოპოლდ ანული, იან კულემანსი, ნიკო კლაესენი და მარკ ვიმლოტსი არიან. დუბლით კი ლუკაკუ ყველას გადაუსწრებს. 

ტუნისელთა რიგში დიდი დანაკლისია, ინგლისელებთან მატჩში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა გოლკიპერი მუეზ ჰასენი. ჰასენისთვის მუნდიალი დასრულებულია. კარში ისევ ფარიკ ბენ მუსტაფა ჩადგება. 

აქსელ ვიტსელი (ბელგია): "ტუნისის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეტოქეს ტექნიკური ფეხბურთელებიც ჰყავს და ეს თამაში მათთვის ბოლო შანსია. ამიტომაც დაძაბულ ბრძოლას ველი". 

ბელგიელებს დაცვის ლიდერი ვენსან კომპანი აკლიათ, რომელიც "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ მესამე ტურში თუ დაეხმარება. საეჭვოა თომას ვერმალენისა და მიში ბაჩუაის თამაში. ასე რო, დედრიკ ბოიატა დაცვის ცენტრში ადგილს შეინარჩუნებს. 

საინტერესო ფაქტები

► ბელგიის ნაკრებმა ბოლო 5 თამაშიდან 4 სამი და მეტი გოლის სხვაობით მოიგო. 

► ბელგია და ტუნისი ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. ბოლო მათი დაპირისპირება ოფიციალურ ტურნირებში 1:1 დასრულდა.

► ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 6 მატჩი მოიგო 

► აღნიშნულ ტურნირზე ბელგიელთა ბოლო 11 თამაშიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

► ოთხი მატჩია, რაც ტუნისს კარი მშრალად არ შეუნახია. 

► ბელგიელები აფრიკული გუნდების წინააღმდეგ - 2 მოგება, 1 ფრე.

► ტუნისელები ევროპული გუნდების წინააღმდეგ (მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები) - 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-1-2): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვიტსელი, კარასკო - მერტენსი, ე. აზარი - ლუკაკუ

ტუნისი (4-1-4-1): ბენ მუსტაფა - ბრონი, იუსეფი, მერიაჰი, მაალული - სხირი - ბენ იუსეფი, სასი, ბადრი, სლიტი - ხაზრი

მსაჯი: ჯ. მარუფო (აშშ)

კომენტარები

ბოლო ამბები