Thumbnail
  • არგენტინა 0:3 ხორვატია 
  • 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90)
  • არგენტინის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს

ნიჟნი ნოვგოროდში D ჯგუფის მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა - არგენტინის ნაკრები ხორვატიას შეხვდა და 0:3 განადგურდა. ხორვატია მერვედფინალშია, ლეო მესი და კომპანია კი უფსკრულის პირას.

საინტერესო დაპირისპირება - ლიონელ მესის გუნდი ივან რაკიტიჩისა და ლუკა მოდრიჩის ტანდემის წინააღმდეგ, ხორვატების სრული უპირატსეობით წარიმართა. პირველ ტაიმში არგენტინელთა უპირატესობა ბურთის ფლობაში არაფერში არ ასახულა. დალიჩის გუნდი უფრო მწყობრად თამაშობდა, ხოლო არგენტინის დაცვა თავიდანვე არეული იყო. მესის თავი არაფრით გამოუჩენია.

0:1 რებიჩი (53)

ხორვატიამ გაიტანა მეორე ტაიმში პირველივე დარტყმით! ვილი კაბალიეროს ლაფსუსი ანტე რებიჩმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. 

მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა მესი და მისი შეჩერება ხორვატებს სულ უფრო უჭირდათ. თამაში ძალიან უხეში გახდა.

0:2 მოდრიჩი (81)

ლუკა მოდრიჩი ოტამენდის გაუსწორდა და შორი მანძილიდან ორამდე გაზარდა ხორვატების უპირატესობა.

ამის შემდეგ დემორალიზებულ არგენტინას კიდევ უნდა გაეშვა, ივან რაკიტიჩის საჯარიმო დარტყმა იყო ძალიან სახიფათო.

0:3 ივან რაკიტიჩი (90)

ეს უკვე განადგურებაა, არგენტინის ნაკრების დაცვა ძალიან უიმედოდ გამოიყურებოდა, შედეგად რაკიტიჩის გოლი.

ხორვატიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვა და მეოთხე გუნდი გახდა, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ანალიზი და ფაქტები

ზლატკო დალიჩმა პირწმინდად მოუგო დუელი ხორხე სამპაოლის. ის, რომ შუახაზში ხორვატებს უპირატესობა ექნებოდათ, თავიდანვე მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ სხვაობასაც არ ველოდით. ვერც ლეო მესიმ ივარგა, არგენტინელთა ლიდერი ხორვატ მცველებს წნეხში ჰყავდათ, ის მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა არგენტინამ პირველი გოლი გაუშვა. 

► ლუკა მოდრიჩი მეორედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ამ მუნდიალზე.

► ლუკა მოდრიჩი - 62 შეხება, 42 პასი, ორი საგოლე შანსი შექმნილი, 1 გოლი

► 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე დიდი ანგარიშით წააგო.

► არგენტინის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ვერ მოიგო ზედიზედ მეოთხე მატჩში.

მატჩის გმირი: ლუკა მოდრიჩი

ხორვატიის ნაკრებმა მაგრად ითამაშა, დაცვაში შეუდარებელი იყო ვიდა, ყველგან იყო რაკიტიჩი, დავინახეთ რებიჩის დიდი პოტენციალიც, მაგრამ საუკეთესო მაინც მათი ჯადოქარი "ათიანი" ლუკა მოდრიჩი იყო.

მატჩის ანტიგმირი: ვილი კაბალიერო

ლეო მესი ამისთვის ნამდვილად ცოდო იყო, რადგან ლეო მაინც ყველას სჯობდა არგენტინის ნაკრებში. არგენტინელთა უბედურებები კი ვილი კაბალიეროს ძალიან უხეში შეცდომით დაიწყო.

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
'პირველივე დღიდან მჯერა ჩემი გუნდის, ნამდვილად არ ვფიქრობდი რომ მეორე მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გასულები ვიქნებოდით. ჩვენ დავამარცხეთ არგენტინა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. ჩავატარეთ გენიალური თამაში. ახლა უნდა დავშვიდდეთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ. ეიფორიაში ჩავარდნა ისევე ცუდია, როგორც უიმედოდ ყოფნა.

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
'თქვენ ყველანი მართლები ხართ. დიახ მე ვარ ადამიანი რომელიც ვიღებ გადაწყვეტილებებს და რომელიც ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე. კაბალიეროზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ მგონია.  საკმაოდ დიდი გამოცდილების მწვრთნელი ვარ. განსაკუთრებით მძიმეა როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურით მარცხდები. თამაშზე შემუშავებულმა გეგმამ არ იმუშავა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს

კომენტარები

ბოლო ამბები